გადაწყვეტილება №22319/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.05.2024
№ დოკუმენტი 22319/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22319/2/2024

22 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 20.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22319/2/2024).

 

დავის საგანი:

დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №081-311 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1289 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 14 794 ლარი.

მათ შორის:

დღგ - (-14 794)

ჯარიმა - 29 588

საურავი - 0

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, მის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტორების (სერია ---------; სერია ---------; სერია --------- და სერია --------- №---------) დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი და მყიდველისადმი წარდგენილია: --------- №--------- (---------); --------- №--------- (---------); სერია --------- და --------- №--------- (---------) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელთა მიხედვითაც განხორციელებულმა ჯამურმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 82 204 ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი მასალების შესწავლისას, გაირკვა, რომ აღნიშნული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 156-ე, 160-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი და დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2023 წლის 12 დეკემბრის №31219 ბრძანება და №081-311 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1289 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე,175-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 282-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, განმარტავს, რომ ყალბი/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ვერანაირად ვერ დაეთანხმება შემმოწმებლის პოზიციას სადავო საკითხზე, რადგანაც მხარეებს (მყიდველსა და გამყიდველს, შპს ---------- და სს -------- შორის არსებობს გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები შესრულებული სამუშაოების შესახებ, რომელი დოკუმენტების საფუძველზეც განხორციელდა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიწოდება და შესაბამისად, დღგ-ის დეკლარაციებში ასახვა. ასევე განმარტავს, რომ დამკვეთის მიერ არ ხდებოდა დროულად დოკუმენტაციის მოწოდება, ანალოგიური პრობლემა იყო გადახდების ნაწილშიც. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია გარკვეული გაუგებრობები. ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების ქსეროასლების ნაწილი მიწოდებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის --------- და --------- სამმართველოში საქმის გამომძიებლისთვის 2022 წლის მარტის თვეში. აღნიშნავს, რომ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის (№081-311) გასაჩივრების მიზნით, 2023 წლის 21 დეკემბერს, განცხადება შეტანილია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის --------- და --------- სამმართველოში, საქმის გამომძიებელთან. კანცელარიის ჩაბარების დასტურია: 21.12.2023 წელი, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ელოდება პასუხს. რადგან მათ არ ჰქონდათ სრულად დოკუმენტები აღნიშნულ საქმეზე, კომპანიის მხრიდან დაფიქსირებული აქვს გამოძიებასთან მზაობა აღნიშნულ საქმის დეტალურად შესწავლისათვის და „მოსარჩელის“ უსაფუძვლო ბრალდებების უგულებელსაყოფად.

რაც შეეხება მოსარჩელის (სს ---------) პოზიციას, ის მიმართულია კომპანიის ავტორიტეტის შებღალვისათვის. ასევე, ვერ დაეთანხმება ჩანაწერს, რომ „პოზიციის წარმოდგენა არ განხორციელებულა“, რადგან არ განხორციელებულა აუდიტორის მიერ გადასახადის გადამხდელის მისამართით არც წერილობითი და არც სატელეფონო ან სხვა რაიმე სახის კომუნიკაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.

შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოწმების შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი და მყიდველისადმი წარდგენილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (---------; ---------; --------- №--------- და --------- №---------) არის ყალბი. შედეგად, შესაბამის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით განსაზღვრული დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას, აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება შემმოწმებლების პოზიციას, რადგანაც მხარეებს (მყიდველსა და გამყიდველს, შპს --------- და სს --------) შორის არსებობს გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები შესრულებული სამუშაოების შესახებ, რომელი დოკუმენტების საფუძველზეც განხორციელდა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიწოდება და შესაბამისად, დღგ-ის დეკლარაციებში ასახვა. ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების ქსეროასლების ნაწილი მიწოდებულია, ასევე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების მიზნით, 2023 წლის 21 დეკემბერს შეტანილია განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის --------- და --------- სამმართველოში და ელოდება პასუხს, რადგან მათ არ ჰქონდათ სრულად დოკუმენტები აღნიშნულ საქმეზე კომპანიის მხრიდან.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აუდიტის დეპარტამენტს 2023 წლის 28 სექტემბერს წარედგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილება, რომელიც ეხებოდა სს ---------და მისთვის გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, რომელთა დაკავშირებითაც დასტურდებოდა სიყალბე, ანუ არის ჩამონათვალი კონკრეტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და დადგენილებაში მითითებულია, რომ ეს ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიმღები სს --------- და საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამომწერები, მათ შორის შპს ---------, რომელზეც დადგენილების მიხედვით დადასტურებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე, იმოქმედა კანონშესაბამისად. ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომელიც გადასახადის გადამხდელს ქონდა დასაბეგრ ბრუნვაში ასახული, შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა. მომჩივნის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურები არ არის ყალბი, აღნიშნავს, საგამოძიებო სამსახურის დადგენილებაში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ მასში ჩამოთვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გამოძიებით დადგენილია სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე, გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმის შეფარდება კანონშესაბამისია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი და მყიდველისადმი წარდგენილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. შედეგად, შესაბამის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით განსაზღვრული დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 161(1);175(1);269(1);282(3);

 

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი