გადაწყვეტილება №25120/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.05.2025
№ დოკუმენტი 25120/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25120/2/2025

14 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 27.04.2025 და 1.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №25120/2/2025; №25141/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.05.2022 წლის №001-67 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.10.2022 წლის №25410 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 503 432.88 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 277 079

დღგ - 115 286

მოგების გადასახადი - 115 306

საშემოსავლო გადასახადი - 46 487

ჯარიმა - 115 163

საურავი - 111 190.88

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კულტურული ღონისძიებების, წვეულებების დაგეგმვა და მოწყობა (ასევე მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2020 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, საბანკო ამონაწერები გამოთხოვილია სასამართლო წესით. სასამართლო შუამდგომლობით მიწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბანკიდან გადარიცხულია 644 822 ლარი სხვადასხვა დანიშნულებით, თუმცა არ არსებობს ხარჯის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი. აღნიშნული განხილულია ფულადი სახსრების უსასყიდლო გადაცემად. საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

ამასთან, დადგინდა, რომ კომპანიის დირექტორს საქვეანგარიშო/სამეურნეო ხარჯად გატანილი აქვს 185 948 ლარი, ხოლო, გატანილ თანხებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმების შედეგად განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთი, განხილულია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2021 წლის №16042 ბრძანება და ამავე თარიღის №001-158 საგადასახადო მოთხოვა, რაც 20.07.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანება არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2022 წლის დასკვნაში მითითებულია შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტთან ერთად არ მიიღო მონაწილეობა სადავო საკითხის შესწავლაში, მათ შორის საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საჩივარში ასახული არგუმენტაციის შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამდენად, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.05.2022 წლის №11071 ბრძანება და 4.05.2022 წლის №001-67 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 25.07.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.10.2022 წლის №25410 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 8.12.2022 წლის №18071/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სასამართლოში.

მომჩივანი მომართავს დავების განხილვის საბჭოს საგადასახადო დავის განახლებაზე, ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი აღნიშნავდა, რომ:

„კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მას გააჩნდა უამრავი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი, რომლის ანაზღაურება ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის თანამშრომლებს (პასუხისმგებელ პირებს) კომპანიის საბანკო ანგარიშიდან საქვეანგარიშოდ (სამეურნეო ხარჯებისთვის) ერიცხებოდათ თანხები, რომლებიც შემდგომ იხარჯებოდა დანიშნულებისამებრ, აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით მომსახურების გამწევი პირების (ძირითადად ფიზიკურ პირების) მიერ არ ხდებოდა შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება. აღნიშნულ დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებთან დაკავშირებით წარმოადგენს ლიცენზირებულ აუდიტორულ დასკვნას კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობის შესახებ, რის მიხედვითაც აუდიტის დეპარტამენტს საშუალება ექნება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვროს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა დროულად შემმოწმებლებისათვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა. კერძოდ: შესამოწმებელი პერიოდი დაემთხვა პანდემიურ პერიოდს, კომპანიას, არ ჰყავდა შესაბამისად საკმარისი კადრები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა-შეგროვებას, ასევე რთული იყო კომპანიისთვის მომსახურების გამწევი პირებისგან დროულად დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება. დღეის მდგომარეობით აღნიშნული პრობლემები მოგვარებულია, კომპანიას დაქირავებული ჰყავს შესაბამისი კადრები, რომლებიც სრულად უზრუნველყოფენ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღებას და შემმოწმებლებისთვის დროულად, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მიწოდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მიეცეს საშუალება წარადგინოს დოკუმენტაცია შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლების და შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ, კერძოდ: 1. ფიზიკურ პირებთან გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებები; 2. იურიდიულ პირებთან გაფორმებულ სამმხრივი ხელშეკრულება ვალდებულებების და მოთხოვნების შესახებ; 3. ლიცენზირებულ აუდიტორულ დასკვნას შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ. შესაბამისად, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მისი თანამონაწილეობით განიხილოს და შეისწავლოს მის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით ბიუჯეტის მიმართ დამატებით დარიცხული თანხების შემცირება/კორექტირება“.

გადამხდელის აღნიშნული არგუმენტები გათვალისწინებული არ ყოფილა არც ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ და საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

არადოკუმენტური ხარჯების არსებობის და მათი გაუთვალისწინებლობის გამო, გადასახადის გადამხდელს სურს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის საფუძველზე დავის განახლება, ვინაიდან მას ხელთ აქვს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 8.12.2022 წლის გადაწყვეტილება №2/35156-22 საქმეზე, რომელსაც მიიჩნევს სათანადო საფუძვლად რათა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ხელახლა მოხდეს მისი საჩივრის განხილვა/დავის განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 8.12.2022 წლის გადაწყვეტილებაში მოსარჩელე შპს „----------“ ედავებოდა მოპასუხე - ---------- ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. თავის მხრივ ---------- 2018 წელს მუშაობდა შპს „----------“ პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ შეცდომა იქნა დაშვებული გამყიდველის მიერ და შპს „----------“ მიერ გადახდილი საქონლის ღირებულება - 15 000 ლარის ოდენობით არ იქნა შესაბამისად დოკუმენტირებული. კერძოდ, შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირების მიზნით გამოიწერა სასაქონლო ზედნადებები №---------- და №----------, ტრანსპორტირების ადგილი ---------- მუნიციპალიტეტი, მერიის მიმდებარე ტერიტორია. ამავე სასაქონლო ზედნადებებში, კერძოდ მყიდველის გრაფაში მითითებულია - ----------. სასამართლომ მხარეთა არგუმენტებისა და მტკიცებულებების განხილვის შედეგად, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ელემენტების გათვალისწინებით, ცალსახად დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში ნასყიდობით წარმოშობილი იურიდიული შედეგების მატარებელია არა ----------, არამედ შპს „----------“.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკმარისი უნდა იყოს იმის დასამტკიცებლად, რომ მსგავს ფაქტებს ჰქონდა ადგილი და დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ნაწილში ეს კონკრეტული გადაწყვეტილება მოახდენს გავლენას და დარიცხვის კორექტირების საფუძველი უნდა გახდეს. მიაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები რაზეც სასამართლო მსჯელობს სავსებით შესაძლებელია ყოფილიყო სხვა პერიოდშიც, რაც უნდა იქნეს კვლავ გავლილი და შესწავლილი შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსაგან გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. არ არის გამორიცხული რომ ზედნადებები სხვა პერიოდშიც იწერებოდა თანამშრომლებზე კომპანიის ნაცვლად და მათი კონტროლი შესაბამის პერიოდში არ ხდებოდა.

20.03.2025 წლის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განჩინება წარმოადგენს არსებითად ახალ გარემოებას საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის გათვალისწინებით, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა ფაქტი, რომ შპს „----------“ 2019 წელს ---------- მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში რეალურად განახორციელა 15 510 ლარის ოდენობის ხარჯვა. აღნიშნული ინფორმაცია არ იყო ცნობილი 28.04.2021 წელს, როდესაც შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა საგადასახადო შემოწმების აქტი. განჩინება ცალსახად ადასტურებს, რომ ხარჯვა მოხდა სამართლებრივი საფუძვლით, ხელშეკრულების შესრულების პროცესში და მტკიცდება შესაბამისი დოკუმენტაციით, რაც ეწინააღმდეგება აქტში მოცემულ შეფასებას, რომლის მიხედვითაც კომპანიას არ გააჩნდა შესაბამისი ხარჯი. 2025 წლის განჩინება არსებითად ცვლის აუდიტის დეპარტამენტის დარიცხვის საფუძვლად გამოყენებულ გარემოებებს, რადგან ამ უკანასკნელში გამოტანილი დასკვნა ეფუძნებოდა ხარჯვითი ნაწილის სრულ იგნორირებას, ხოლო განჩინება ამ ხარჯს სამართლებრივად და ფაქტობრივად ამყარებს.

---------- ხელშეკრულება თავისი ბუნებითა და მოცულობით იდენტურია იმ სხვა ხელშეკრულებების, რომლებიც დადებული იყო 2018-2020 წლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან და ორგანოებთან (მაგ: ----------.). ყველა ამ ხელშეკრულებას თან ახლავს მიღება-ჩაბარების აქტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები შესრულებულია სრულად. შესაბამისად, შეუძლებელია შესრულება მომხდარიყო ხარჯის გაწევის გარეშე. თუ ---------- ტიპის ხელშეკრულება საჭიროებდა მინიმუმ 15 510 ლარის ფაქტობრივ ხარჯვას, ეს იძლევა ლოგიკურ და სამართლებრივ საფუძველს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მსგავსი შინაარსისა და მოცულობის ყველა სხვა ხელშეკრულებაზეც არსებობდა შესაბამისი ხარჯები. მით უმეტეს, რომ კომპანიის მიერ 2018-2020 წლებში გაფორმებული ყველა 18 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში) მოიცავდა იმავე ტიპის სერვისებს – დეკორაციებისა და ღონისძიებების ორგანიზებას, რასაც თან ახლავს შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები.

---------- გამოცემული განჩინება ქმნის მყარ პრეცედენტს, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული საქმით, არამედ ვრცელდება კომპანიის მთელი საქმიანობის მასშტაბზე. ის წარმოადგენს სარწმუნო და რელევანტური ანალოგიის საფუძველს ყველა მსგავს ხელშეკრულებაზე და დააყენებს ეჭვქვეშ 28.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის სისტემურ მიდგომას, რომელიც ხარჯების იგნორირებაზე იყო დაფუძნებული. მეტი სიცხადისა და თვალსაჩინოებისთვის განმარტავს, რომ ---------- მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ იკისრა 10 მეტრის სიმაღლისა და 4 მეტრის სიგანის დეკორატიული ნაძვის ხის მიწოდება. ანალოგიური შინაარსისა და მოცულობის ვალდებულება ეკისრებოდა კომპანიას იმავე პერიოდში სამტრედიის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზეც - ასევე 10 მეტრის სიმაღლისა და 4 მეტრის სიგანის დეკორატიული ნაძვის ხის მიწოდება.

ზემოაღნიშნულ ფაქტებთან და გარემოებებთან დაკავშირებით ასევე ხაზ გასასმელია, რომ შემოწმების პერიოდში საგადასახადო ორგანოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვისათვის უნდა ეხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს დავის განახლებას, ვინაიდან სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ცნობილი გახდა ახალი გარემოებების შესახებ, რაც მანამდე უცნობი იყო და შესაბამისად, ისინი გავლენას მოახდენენ ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების განსაზღვრაზე. დავების განხილვის საბჭოს მომართავს თხოვნით, გაითვალისწინოს საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, შეაფასოს სასამართლოს გადაწყვეტილება რომელსაც ურთავს და ხელახლა იმსჯელოს კომპანიის მოთხოვნაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 29.04.2025 წლის №---------- წერილის მიხედვით, იურიდიული დეპარტამენტის წარმოებაშია №---------- ადმინისტრაციული საქმე, რომელზეც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს შპს „----------“, ხოლო მოპასუხე მხარეებს - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური. სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის, 4.05.2022 წლის №001-67 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 5.10.2022 წლის №25410 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.12.2022 წლის №18071/2/2022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ასევე, საბჭოს მიერ საჩივრის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განხილვა და მოსარჩელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, დარიცხული თანხების კორექტირება. დღეის მდგომარეობით სადავო საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო საკითხზე სასამართლო დავა არ დასრულებულა, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს, საგადასახადო კოდექსის 308-ე და 299-ე მუხლების საფუძველზე, დავის განახლების და 4.05.2022 წლის №001-67 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გადაანგარიშების/კორექტირების თაობაზე. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 29.04.2025 წლის წერილის მიხედვით, იურიდიული დეპარტამენტის წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე, რომელზეც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს მომჩივანი, ხოლო მოპასუხე მხარეებს - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური. სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის, 4.05.2022 წლის №001-67 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 5.10.2022 წლის №25410 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.12.2022 წლის №18071/2/2022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ასევე, საბჭოს მიერ საჩივრის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განხილვა და მოსარჩელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, დარიცხული თანხების კორექტირება. დღეის მდგომარეობით სადავო საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო საკითხზე სასამართლო დავა არ დასრულებულა, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს, საგადასახადო კოდექსის 308-ე და 299-ე მუხლების საფუძველზე, დავის განახლების და 4.05.2022 წლის №001-67 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გადაანგარიშების/კორექტირების თაობაზე. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299; 308.