გადაწყვეტილება №22432/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.06.2024
№ დოკუმენტი 22432/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22432/2/2024

11 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------- -ის “ 1.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22432/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №081-292 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 თებერვლის №1987 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 42 270 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 29 036

ჯარიმა - 8 065

საურავი - 5 169

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №8917 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 24 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №29463 ბრძანება და №081-292 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 42 270 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 28 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 5 თებერვლის №1987 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 4 ოქტომბერს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. მომჩივანი წარმოადგენს უცხოური პირის „------- ტაქსის“ პარტნიორ კომპანიას, რომელიც ტაქსით მომსახურების ორგანიზებას ახორციელებს „-------ტაქსის" პროგრამის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურება მოიცავს ფიზიკური პირების (შემდგომში მძღოლი, რომლებიც აწარმოებენ მგზავრების ტაქსით საავტომობილო გადაყვანას) რეგისტრაციას „------- ტაქსის" პროგრამაში, მძღოლსა და „-------- ტაქსს“ შორის ხელშეკრულების დისტანციურად გაფორმებას, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ჩაწერას/განახლებას, პროგრამის გამოყენების დეტალების მძღოლებისთვის გაცნობას და სხვა ტექნიკური დახმარების აღმოჩენას. ასევე, მგზავრობის ღირებულების უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მძღოლს ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით უნაზღაურებს კუთვნილ თანხას. საწარმო აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის იღებს საკომისიოს, რომელიც გაიანგარიშება „------- ტაქსის“ პროგრამაში შემოსული შესრულებული გამოძახებების მიხედვით და შეადგენს მგზავრის მიერ გადახდილი (ნაღდი/უნაღდო) თანხის დაახლოებით 5%-ს. მომჩივანი აწარმოებს აღრიცხვას ბუღალტრულ პროგრამა „ბალანსში“. საწარმოს მიერ ტაქსების საქმიანობის ორგანიზებიდან მიღებული შემოსავლები აღირიცხება „------ ტაქსის“ პროგრამაში, რომელსაც შემოწმება დაეყრდნო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აჭარბებს 100 000 ლარს და 2022 წლის 24 ივნისიდან წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნული პერიოდიდან შემოსავლის სახით მიღებული საკომისიოს თანხა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1601 , 1621 , 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 165-ე, 159-ე, 1601 , 1621 , 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად განხილვასთან და აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრასთან მიმართებით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწარმო ვალდებული იყო შემოსავლის სახით მიღებული საკომისიოს თანხა დაებეგრა დღგ-ით კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების მიერ საწარმო განხილულია როგორც პარტნიორი კომპანია, თუმცა შემოწმების მასალებით არ ჩანს, თუ რატომ ითვლება საქართველოში გაწეულად მის მიერ განხორციელებული საქმიანობა. მომჩივნის მიერ განხორციელებული საქმიანობა არის უცხოური დასაბეგრი პირისათვის/კომპანია „------ -სთვის“ გაწეული მომსახურება, რომელიც საგადასახადო კოდექსის 162(1) მუხლის თანახმად არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და მასთან დაკავშირებული დარიცხვები არასწორია.

უცხოურ კომპანია "-------"-ს გააჩნია აპლიკაცია, რითაც სარგებლობენ ტაქსის მძღოლები და საბოლოო მომხმარებლები. ისინი იხდიან მგზავრების მეშვეობით აპლიკაციით სარგებლობისათვის საფასურს, რაც შემდეგნაირად ფორმირდება: ტაქსის მძღოლი რეგისტრირდება „-------- ტაქსის“ პლატფორმაზე, პლატფორმით სარგებლობს ასევე კლიენტი ტაქსის გამოძახებისას, თანხას იხდის ინტერნეტ ბანკით და მთლიანი თანხა ხვდება „------- -ს ტაქსის“ საბანკო ანგარიშზე. „------- ტაქსი ტაქსის მძღოლის და პროვაიდერის კუთვნილ თანხას ურიცხავს პროვაიდერს. ხოლო რაც შეეხება პროვაიდერს, ანუ მომჩივანს , მას ამ აპლიკაციაში წვდომა აქვს იმ მიზნით, რომ სწორად შეასრულოს თავისი ვალდებულებები იმ მომსახურებების ფარგლებში, რაც მას ევალება ------- -სთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

მომჩივანსა და „------- -ს “ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, მომსახურების განვითარების ქმედებების ხელშეწყობის მიზნით მომჩივანმა (პროვაიდერი) მომსახურების ხარისხის გაზრდისა და ხელშეწყობისათვის ვალდებულია "------"-ს გაუწიოს მომსახურება, კერძოდ:

- მიაწოდოს საგზაო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც "--------"-ს ტაქსი ახდენს აპლიკაციაში ნავიგაციის გასწორებას (აუცილებელია აპლიკაციის ტარიფების დასადგენად).

- "-------"-ს ტაქსის დავალებით დაათვალიეროს აპლიკაციაში ახლად დარეგისტრირებული მაღალი კლასის ავტომობილები, მიაწოდოს ინფორმაცია ავტომანქანის მდგომარეობაზე "--------"-ს ტაქსს, რის შემდგომაც „------- -ს “ ტაქსი იღებს გადაწყვეტილებას ავტომობილს ჩაურთოს კომფორტისა და კომფორტი პლიუსის ტარიფი.

- მძოლების რაოდენობაზე და შემოსავალზეა დამოკიდებული "--------"- ს ტაქსის შემოსავალი. შესაბამისად, "--------"-ს ტაქსი დაინტერესებულია რაც შეიძლება მალე აღმოფხვრას მობილურ ტელეფონებში ტაქსის აპლიკაციის ტექნიკური ხარვეზები, რასაც ავალებს მომჩივანს. შესაბამისად, მომჩივანი „------- -ს “ ტაქსის დავალებით მძღოლებს ეხმარება აპლიკაციის ხარვეზების გასწორებაში.

- შპს „-------- -ის “ დავალებით მანქანებზე უზრუნველყოს "------"-ს სარეკლამო სტიკერებს დაკვრას. აქვე აღსანიშნავია, რომ სარეკლამო აქტივობაში ფინანსურ დანახარჯებს ახორციელებს შპს „"------- - ს“ ტაქსი, ხოლო მოჩივანი მხოლოდ უზრუნველყოფს სტიკერის გაკვრის მომსახურებაში მონაწილეობას და შპს „-------- -ს “ ტაქსს უდასტურებს მანქანაზე სტიკერის გაკვრას.

მომჩივანი უდასტურებს შპს „------- -ს “ ტაქსს, როგორც დოკუმენტების ნამდვილობას, ასევე მანქანის მდგომარეობას.

- იმავე მუხლის 1.2. პუნქტის თანახმად, მომჩივანი შპს „------ -სგან “ იღებს მომსახურების საფასურს და აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითვლება მომსახურების გამწევად „------- -ის “ მიმართ საზღაურის იმ ნაწილში, რასაც ის იღებს მისგან ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მოჩივანს მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს შპს „------ -ს “ ტაქსი და არა პირიქით.

- სხვა მსგავს მომსახურებას.

გადასახადის გადამხდელი არ იღებს მმართველობით გადაწყვეტილებას, კერძოდ:

- აპლიკაცია არის შპს "-------"-ს ტაქსის;

-ტარიფებს ადგენს შპს "--------" ტაქსი;

- მარშუტების დადგენის პრინციპი მომჩივანისთვის უცნობია და ამასაც ადგენს შპს "------" ტაქსის აპლიკაცია;

- მძღოლი თავად რეგისტრირდება საიტზე, შპს "-------" ს ტაქსის აპლიკაციაში და მომჩივანს არანაირი შეხება არ აქვს მძღოლების მობილიზებაში;

- სარეკლამო აქტივობას შესახებ გადაწყვეტილებას და დანახარჯებს გაწევას ახორციელებს შპს „"-------" ტაქსი.“

როგორც ხელშეკრულებით, ასევე ფაქტობრივად აღწერილი საქმიანობიდან (იმის გათვალისწინებით, რომ შპს „-------- ტაქსი“ იღებს მართველობით გადაწყვეტილებას და მართავს აპლიკაციას) გამომდინარე,მომჩივანი არის მომსახურების გამწევი საზღვარგარეთ რეგისტრირებულ არარეზიდენტ კომპანიაზე და 2021 წლიდან დღგ-ის ახალი რეგულაციებით დღგ-ით დაბეგვრას ეს ოპერაციები არ ექვემდებარება. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 162(1) მუხლის მე-3 „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღები არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არის დასაბეგრი პირი.

ზემოთხსენებული არგუმენტებიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 თებერვლის ბრძანება №1987 და უნდა დაკორექტირდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა №081-292.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა (უცხოური კომპანია „------ -სთვის “ გაწეული მომსახურება), არ მაჩნია საქართველოში გაწეულად და შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 მარტის №------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, კომპანია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 4 ოქტომბერს. 2023 წლის 25 აპრილის მდგომარეობით მომჩივანი შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში დღგ-ის გადამხდელად არ ფიქსირდებოდა. გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს „-------- ტაქსის“ პარტნიორ კომპანიას, რომელიც ტაქსით მომსახურების ორგანიზებას ახორციელებს „------- ტაქსის“ პროგრამის მეშვეობით. საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება მოიცავს ფიზიკური პირების (შემდგომში მძღოლი), რომლებიც აწარმოებენ მგზავრების ტაქსით საავტომობილო გადაყვანას, რეგისტრაციას „------- -ს ტაქსის“ პროგრამაში, მძღოლსა და „------- -ს ტაქსს“ შორის ხელშეკრულების დისტანციურად გაფორმებას, საჭიროების შემთხვევაში პროგრამის ჩაწერას, განახლებას, პროგრამის გამოყენების დეტალების მძღოლებისთვის გაცნობას და სხვა ტექნიკური დახმარების აღმოჩენას. ასევე, მგზავრობის ღირებულების უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მძღოლს ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით უნაზღაურებს კუთვნილ თანხას. კომპანია აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის იღებს საკომისიოს, რომელიც გაიანგარიშება „-------- -ს ტაქსის“ პროგრამაში შემოსული შესრულებული გამოძახებების მიხედვით და შეადგენს მგზავრის მიერ გადახდილი (ნაღდი/უნაღდო) თანხის დაახლოებით 5%-ს. მომჩივანი აწარმოებს აღრიცხვას ბუღალტრულ პროგრამა „ბალანსში“. საწარმოს მიერ ტაქსების საქმიანობის ორგანიზებიდან მიღებული შემოსავლები აღირიცხება „------ -ს ტაქსის“ პროგრამაში, რომელსაც შემოწმება დაეყრდნო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №8917 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ტაქსების მომსახურების ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესწავლა, ჩამოყალიბდა ერთიანი და შეჯერებული პოზიცია, რის შედეგადაც საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1601 , 1621 , 163-ე და 164-ე მუხლების შესაბამისად ტაქსოკომპანიების მიერ გაწეული მომსახურება მიჩნეულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად და მათ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული საკომისიოს თანხა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ცდება საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ 100 000 ლარიან ზღვარს. შესაბამისად, 2022 წლის 24 ივნისიდან საწარმოს წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და აღნიშნული პერიოდიდან შემოსავლის სახით მიღებული საკომისიოს თანხა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 161 307 ლარს, ხოლო მასზე გადასახდელი დღგ-ის თანხა - 29 036 ლარს. ასევე, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დაეკისრა ჯარიმა 8 065 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №081-292 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 42 270 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 29 036 ლარი, ჯარიმა - 8 065 ლარი და საურავი - 5 169 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 270-ე, 282-ე, 272-ე, 269-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გასათვალისწინებელია, რომ საწარმოსთვის არ იყო ცნობილი იმ მიდგომების შესახებ, რასაც შემოსავლების სამსახური იყენებს მომჩივანის მსგავსი კომპანიების მიმართ და თუკი არ დაკმაყოფილდება საკითხი დღგ-ის ნაწილში, ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი იმ მიდგომების შესახებ, რასაც შემოსავლების სამსახური იყენებს მომჩივანის მსგავსი კომპანიების მიმართ და თუკი არ დაკმაყოფილდება საკითხი დღგ-ის ნაწილში, ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი მიიჩნევს,რომბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 თებერვლის ბრძანება №1987 და უნდა დაკორექტირდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა №081-292.

2.მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აჭარბებს 100 000 ლარს და 2022 წლის 24 ივნისიდან წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნული პერიოდიდან შემოსავლის სახით მიღებული საკომისიოს თანხა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

2.მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 42 270 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 29 036 ლარი, ჯარიმა - 8 065 ლარი და საურავი - 5 169 ლარი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

163,164,165,269(7),282.