გადაწყვეტილება №21412/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.04.2024
№ დოკუმენტი 21412/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21412/2/2023

30 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,15.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "------"-ის 25.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21412/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14126 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.03.2023 წლის №047-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15344 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 15 769 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 7 325

ჯარიმა - 3 663

საურავი - 4 781

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ზესტაფონის რაიონ სოფელ სვირში მდებარე სახერხში ხის მასალის გადამუშავება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:

გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ ბანკის ამონაწერი და ელ-ენერგიის ხარჯვის დოკუმენტები. ვინაიდან გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ბუღალტრული მონაცემები და ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დახერხილი მზა პროდუქციის რაოდენობების და ღირებულებების შესახებ, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და გადამხდელის შემოსავალი წლების შესაბამისად, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: ელენერგიის ხარჯვის შესაბამისად გაანგარიშდა დახერხილი მასალის რაოდენობა. აღნიშნული მონაცემი აღებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული ანალოგიური საქმიანობის ობიექტიდან. ვინაიდან იმ "------"-ს არ აქვს განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია, თითოეული კუბური მეტრის დახერხვის ღირებულებაც გაანგარიშებულ იქნა სხვა ანალოგიური ობიექტის დოკუმენტური ფასის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, განისაზღვრა ელ-ენერგიის ხარჯი. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გაიზარდა ერთობლივის შემოსავლიდან გამოსაქვითი სხვა ხარჯები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.12.2018 წლის №25621 ბრძანება და წლის №047-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.04.2019 წლის №13166 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (მათ შორის ლენტური ხერხის ხარჯისა და ელ. ენერგიის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის კორექტირება, ხოლო დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში ეხელმძღვანელა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და პირის საგადასახდო ვალდებულება განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის 4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა სანქციის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.04.2019 წლის №13166 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 11 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 19.11.2020 წლის №047-61 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14126 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 25 აპრილის №13166 ბრძანების აღსრულების მიზნით, სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14126 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2.03.2023 წლის №047- 6 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15344 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14126 ბრძანების აღსრულების მიზნით, სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15344 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

1. შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმებით შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14126 ბრძანება არ არის აღსრულებული, კერძოდ, შემოწმებას დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის განსაზღვრა არ განუხორციელებია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14126 ბრძანების აღსრულების მიზნით, მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის, კერძოდ, ლენტური ხერხის ხარჯის განსაზღვრის ნაწილში იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

2. შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 2¹ ნაწილით, 2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) მიხედვით საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 , 22 , მე-3 და მე-5 ნაწილებით.

შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში არ არის მითითებული ინფორმაცია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებების თანახმად საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციების გაანგარიშების თაობაზე. ამდენად, განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14126 ბრძანება არ არის აღსრულებული და ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. იქმნება ვარაუდი, რომ მისი საჩივრის არსებითი განხილვა არ მომხდარა, მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი და 601 მუხლი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14126 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 25 აპრილის №13166 ბრძანების აღსრულების მიზნით, სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14126 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემმოწმებლის მიერ მოხდა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა. ელექტრო ენერგიის ხარჯი ასახულია საგადასახადო შემოწმების აქტში. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის დაევალა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აღნიშნული საკითხი აუდიტორების მიერ იქნა დამატებით შესწავლილი და არაპირდაპირი მეთოდით დამატებითი ხარჯის განსაზღვრა ვერ განხორციელდა. შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2.03.2023 წლის №047-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15344 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14126 ბრძანების აღსრულების მიზნით, სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15344 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ მისი საჩივრის არსებითი განხილვა არ მომხდარა.

მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 601 მუხლი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და გადამხდელის შემოსავალი წლების შესაბამისად, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.შემოწმების შემდეგ,გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, განისაზღვრა ელ-ენერგიის ხარჯი. გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სხვა ხარჯები.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),105.