ბარძანება N 20499
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20499
17 სექტემბერი 2024
ბრძანება
შპს „-------“- (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2024 წლის 22 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა შპს „-----------“(ს/ნ -----------) 2024 წლის 22 აგვისტოს №91589/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივლისის №005-119 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ თანხებს. აცხადებს, რომ ვინაიდან საქონლის მიღება უმეტესად ხდება იმპორტით და არის კილოგრამებით, ხოლო რეალიზაცია იყო მეტრაჟით, ვერ მოხდა წონით გაყიდვის შემთხვევაში მოგების ზუსტი დადგენა და არაპირდაპირი მეთოდით მოხდა პროცენტის განსაზღვრა. აღნიშნავს, რომ ბუღალტერმა მიაწოდა აუდიტორებს ექსელში კილოგრამით რაც იყო რეალიზებული, მაგრამ შემოწმება არ დაეთანხმა. ამასთან, აცხადებს, რომ 2021-2022 წლებში გამორიცხული იყო 50%-იანი მოგება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №3745 და 20 მარტის №6102 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 22 თებერვლის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 26 ივლისის №17547 ბრძანება და ამავე თარიღის №005-119 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 145 332 ლარი, მათ შორის, გადასახადი 78 489 ლარი, ჯარიმა 39 826 ლარი, საურავი 27 017 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „----------“ საქმიანობას წარმოადგენს ქსოვილების შეძენა რეალიზაცია. კომპანია საქონლის შეძენას ახორციელებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტს ---------, ხოლო რეალიზაციას ახორციელებს საქართველოში იჯარით აღებულ ფართში. კომპანია ახორციელებს საქონლის საცალო ვაჭრობას იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე. საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში შეადგენს 681 361.47 ლარს. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს და შემოწმებისთვის არ წარუდგენია საქონლის მოძრაობის ცხრილი. ასევე, შემოწმების პროცესში ვერ დადგინდა ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთად არსებული საქონლის ფასნამატი შესაბამის შეძენის დოკუმენტთან ვერ დაკავშირების გამო, ასევე ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი. პირის მიერ წარმოდგენილი წლიური დეკლარაციის მიხედვით 2021 წლის პირველი იანვრისთვის სმფ-ის ნაშთი შეადგენდა 202 889 ლარს, შემოწმებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (01.02.2024 წლისთვის) კი 565 514 ლარს. ხოლო 01.02.2024 წლიდან ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღისთვის (22.02.2024 წელი) რეალიზებული საქონელი შეადგენს 8 885 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების მიმდინარეობისას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 22 თებერვლის №3901 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა შპს „---------“ ფაქტიურად არსებული სმფ-ების ნაშთის რაოდენობის, თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა, აღნიშნული ღონისძიების შედეგად 22.02.2022 წლისთვის ჯამში სულ ფაქტობრივად არსებული საქონლის თვითღირებულებამ შეადგინა 580 039 ლარი, ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთის საბაზრო ფასზე აუდირებული ფასნამატის გავრცელებით (55%). ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით, შემოწმების მიერ დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 55%. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და ნორმატიული გარემოებების გათვალისწინებით, 01.01.2021 წ. – 01.02.2024 წ. პერიოდის დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა ჯამში 1 150 626 ლარი. შედეგად, დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 469 264 ლარით, რაზედაც გაანგარიშებულ იქნა ბიუჯეტის კუთვნილი დღგ, რაც დამატებით დაექვემდებარა დარიცხვას, ასევე, პირს დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები),ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში შეადგენს 681 361.47 ლარს. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს და შემოწმებისთვის არ წარუდგენია საქონლის მოძრაობის ცხრილი. შემოწმების პროცესში ვერ დადგინდა ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთად არსებული საქონლის ფასნამატი შესაბამის შეძენის დოკუმენტთან დაუკავშირებლობის გამო, ასევე ვერ დადგინდა დოკუმენტური
ფასნამატი. ინვენტარიზაციის შედეგად 22.02.2022 წლისთვის ჯამში სულ ფაქტობრივად არსებული საქონლის თვითღირებულებამ შეადგინა 580 039 ლარი. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. ზემოაღნიშნულის შედეგად, დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 469 264 ლარით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დადგენა, თავის მხრივ, აღნიშნულზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა და შესაბამისი გადასახადის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ თანხებს
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს საქმიანობას წარმოადგენს ქსოვილების შეძენა რეალიზაცია. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. ზემოაღნიშნულის შედეგად, დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა ასევე, პირს დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5);159(1);163(1);164(1);