ბრძანება N 29367

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.11.2023
№ დოკუმენტი 29367
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 29367

28 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 14 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის №20807/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) №83045/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №006-366 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს და ითხოვს მის კორექტირებას. აცხადებს, რომ 2020 წლის ქონების გადასახადის დარიცხვა უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რადგან 2020 წლის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში შეიტანება 2019 წლის დასაბეგრი ქონების შესახებ მონაცემები, ხოლო 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარირების სისწორის დადგენა შეუძლებელია 2019 წლის მონაცემების შემოწმების გარეშე და იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელი პერიოდი იწყებოდა 2020 წლის პირველი იანვრიდან აუდიტორს არ ჰქონდა უფლება გამოეთხოვა 2019 წლის მონაცემები, ვინაიდან აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს ხანდაზმულს. ამასთანავე, გადამხდელი აცხადებს, რომ დასაბეგრი ქონების ფასებზე გამოყენებულ იქნა გასხვისების ფასები, რაც მოკლებულია ლოგიკას და აცდენილია დროში, მიაჩნია, რომ დასაბეგრი ქონების ფასები უნდა დადგენილიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, მიუთითებს, რომ აუდიტორს არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლის და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით დადგენის უფლებამოსილება არ ჰქონია და ამ წესით გამოანგარიშებული ვალდებულებები არამართლზომიერია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №13109 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 17 ივლისს გამოსცა №17270 ბრძანება და 2023 წლის 18 ივლისის №006-366 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს დამატებით საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სულ 5 542 ლარით, მათ შორის: გადასახადი 3 270 ლარი, ჯარიმა 1 635 ლარი და საურავი 637 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 25 აგვისტოს №21022 ბრძანებით საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №21022 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 26 ოქტომბრის №20807/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №21022 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა მომჩივნის არგუმენტებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ყოფილა დაბარებული შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას/გამოკვლევას. კერძოდ, დამატებით შესწავლას/გამოკვლევას საჭიროებს 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული ქონების (გარდა მიწისა) დაბეგვრის ხანდაზმულობის საკითხი და საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის ქონებაზე საბაზრო ფასის გაანგარიშების/გავრცელების მართლზომიერების საკითხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21022 ბრძანება სადავო საკითხის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ „----------“ შემოსავალმა 2019 და 2021 წლებში გადააჭარბა 40 000 ლარიან ზღვარს, შესაბამისად, წარმოიშვა ქონების გადასახადის დეკლარირების და გადახდის ვალდებულება. 2019 წლის შემოსავალი დადგინდა 40 000 დან 100 000 ლარამდე, ხოლო 2021 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს. ი/მ „----------“ წარადგინა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და გადაიხადა 121 ლარი, ნაცვლად შემოწმებით დადგენილი 3 392 ლარისა. შესაბამისად, შემოწმებით დამატებით დაერიცხა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ გადასახადს შორის 3 271 ლარი.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე, 202-ე, 205-ე და 206-ე მუხლებით, რომელთა თანახმადაც პირს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

ამავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად,1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას დაექვემდებარა 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციების სისწორე, შესაბამისად აღნიშნული პერიოდები არ წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდს. ამასთან, დასაბეგრი ქონების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების მიერ დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს და ითხოვს მის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებას დაექვემდებარა 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციების სისწორე, შესაბამისად აღნიშნული პერიოდები არ წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდს. ამასთან, დასაბეგრი ქონების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების მიერ დადგენილ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 202; 205.