გადაწყვეტილება №22104/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22104/2/2024
12 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 30.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22104/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №006-617 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის №296 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 650 222 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 575 696
დღგ - 821 884
საშემოსავლო გადასახადი - 753 812
ჯარიმა - 788 705
საურავი - 285 821
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. მცირე ოდენობით ფიქსირდებოდა ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის შეძენაც.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №23026 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 4 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლის 65% შედგებოდა დოკუმენტური რეალიზაციიდან და საშუალო დოკუმენტური ფასნამატი შეადგენდა 99%-ს (წლების მიხედვით: 2020 - 95%, 2021 - 85%, 2022 - 1 06%, 2023 - 113%). შემოწმების პროცესში მომჩივანს წარდგენილი ჰქონდა საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, რომლის მიხედვითაც დოკუმენტის გარეშე (საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკებით) რეალიზაცია, რომელიც მთლიანად შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის რაოდენობის 66%-ს შეადგენდა, განხორციელებული იყო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. კერძოდ: 2020 წლის ბუღალტრულად დაფიქსირებული ჩეკებით რეალიზებულ საქონელზე ფასნამატი შეადგენდა (-66)%-ს, 2021 წელს - (-26)%-ს, 2022 წელს - (-19)%-ს, 2023 წელს - (-23)%-ს. გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამდენად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, პერიოდის დასაწყისის სმფ-ების, შესყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების, რეალიზაციებისა და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, ჩეკებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე გადამხდელის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასების გამოყენებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
ამასთან, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ მიხედვით, საბანკო ანგარიშებზე შეტანილი თანხების ნაწილი დაკვალიფიცირებული ჰქონდა საწესდებო კაპიტალის შევსებად 5150 ანგარიშზე, რომელიც ნულდებოდა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი კორექტირებული ბრუნვის, გაწეული ხარჯებისა და მიღებული მომსახურებების მიხედვით, დებიტორული და კრედიტორული ნაშთების გათვალისწინებით, კომპანიას გამოუვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №30679 ბრძანება და №006-617 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 2 650 222 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 12 იანვრის №296 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ ჩეკებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასების გამოყენება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება როგორც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე ფასნამტის გაანგარიშებას.
1) უპირველეს ყოვლისა, საწარმოს მიერ საქონლის ჩამოწერა ხორციელდება ყოველდღიურად და ამის თაობაზე ინფორმირებულიც იყო შემმოწმებელი. შესაბამისად, დღის ჭრილში იდენტიფიცირდება რეალიზებული საქონელი როგორც სახელობითად, ასევე რაოდენობრივად. შესაბამისად, საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს სრული წესების დაცვით და შემმოწმებლის მითითება, რომ ვერ ხერხდება რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება და თვითღირებულების დადგენა არ შეესაბამება სინამდვილეს. ასევე აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში საქონლის ჩამოწერა არის ნამდვილად მაქსიმუმი, რის განხორციელება შეუძლია საწარმოს, თუ გავითვალისწინებთ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას, რომელიც საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ღია ბაზრის ტერიტორიაზე და ძირითადი მომხმარებლები არიან ფიზიკური პირები, სწორედ ამიტომ რეალიზებული საქონლის დოკუმენტალური წილი შეადგენს მხოლოდ 9%-ს, ვინაიდან ბუნებრივია ფიზიკურ პირს დოკუმენტი არ სჭირდება.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ დაბეგვრის ობიექტის დადგენა შესაძლებელია და შესაბამისად, არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. ასევე, აღსანიშნავია, რომ კომპანია არასდროს ყოფილა დაჯარიმებული, აღნიშნულ პირობებში გაუგებარია, რა დაარღვია საწარმომ, რომ მის მიმართ საგადასახადო ორგანო იყენებს არაპირდაპირ მეთოდს.
აღსანიშნავია ასევე, რომ გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში თანამშრომლობდა შემოწმებასთან, აღნიშნულს ადასტურებს წარმოდგენილი ცხრილები, რომლებიც ასევე წარდგენილი იყო შემოწმების პროცესში. აღნიშნული ცხრილით დასტურდება რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება, საწარმოს ნაწარმოები ჰქონდა ბუღალტრული პროგრამა ორისის მეშვეობით. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროში არსებული პრაქტიკის და საგადასახადო ომბუდსმენის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დღის ჭრილში როცა ხდება საქონლის ჩამოწერა და იდენტიფიცირდება რეალიზებული საქონელი სახელობრივად და რაოდენობრივად, ამასთან, საწარმოს მიმართ არასდროს ყოფილა სამართალდარღვევა გამოვლენილი, ანუ არ არსებობს საწარმოს მიმართ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არც სამართლებრივი და არც ლოგიკური საფუძველი. აღნიშნულ შემთხვევაში შემმოწმებელმა კომპანიას აუკრძალა საცალოდ რეალიზებული საქონლის დოკუმენტალურ ფასზე ნაკლებ ფასად რეალიზაცია, რაც ბუნებრივია სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული.
2) არ ეთანხმებიან შემმოწმებლის მიერ დადგენილ დოკუმენტალურ ფასნამატს, რომელიც იქნა გავრცელებული ჩეკით რეალიზებულ საქონელზე. აღნიშნულთან დაკავშირებით უმოკლეს ვადაში წარმოადგენენ ცალკეული საქონლის სახეობების მიხედვით ცხრილებს, რომლითაც დადასტურდება, რომ დოკუმენტალური ფასნამატი ცალკეული საქონლის მიხედვით შემმოწმებელს არასწორად აქვს გაანგარიშებული და აღნიშნულ ნაწილში, ფასნამატის გაანგარიშების კუთხით, ითხოვენ დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საკითხის დამატებითი შესწავლა.
3) მომჩივანი ითხოვს დაევალოს შემმოწმებელს ანალოგიური პროფილის შემოწმებულ საწარმოზე დადგენილი ფასნამატის გამოყენება. მაგალითად, შპს „----------“ (ს/ნ ----------) შემოწმების აქტის მიხედვით, რომელიც იმავე ადგილზე იდენტურ საქმიანობას ახორციელებდა და რომელიც არის შემოწმებული და შემოწმებით დარიცხული თანხები არის აღიარებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, რომლის მიხედვითაც დოკუმენტის გარეშე (საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკებით) რეალიზაცია, რომელიც მთლიანად შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის რაოდენობის 66%-ს შეადგენს, განხორციელებულია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. კერძოდ: 2020 წლის ბუღალტრულად დაფიქსირებული ჩეკებით რეალიზებულ საქონელზე ფასნამატია (-66)%, 2021 წლის - (-26)%, 2022 წლის - (-19)%, 2023 წლის - (-23)%., მაშინ როცა კომპანიის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 99%-ს (წლების მიხედვით: 2020 - 95%, 2021 - 85%, 2022 - 106%, 2023 - 113%). საწარმოს მიერ შემოსავლის მიღება ხორციელდება მხოლოდ საკონტროლო სალარო აპარატის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელი საანგარიშო პერიოდების მიხედვით მიღებულ საკასო შემოსავალს აკლებს დოკუმენტურ რეალიზაციას და სხვაობას, დოკუმენტურ რეალიზაციასა და სალაროს ფისკალს შორის, ანაწილებს საქონლის ნაშთზე სახეობების მიხედვით. უდოკუმენტო რეალიზაცია ასევე განხორციელებულია იმავე საანგარიშო პერიოდში, რა პერიოდშიც ხდება დოკუმენტური რეალიზაცია. შესაბამისად, სხვაობა დოკუმენტურ ფასნამატსა და უდოკუმენტო ფასნამატს შორის არ უნდა იყოს არსებითი. შემოწმების პროცესში გამოვლენილი გარემოებების მიხედვით, კომპანიას არ აქვს სრულად შესრულებული საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 49-ე პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, პერიოდის დასაწყისის სმფ-ების, შესყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების, რეალიზაციებისა და საბოლოო სასაქონლომატერიალური მარაგების გათვალისწინებით, ჩეკებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასების გამოყენებით, დაკორექტირდა/გაიზარდა საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ორისის ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, საბანკო ანგარიშებზე შეტანილი თანხების ნაწილი დაკვალიფიცირებული აქვს „საწესდებო კაპიტალის“ შევსებად 5150 ანგარიშზე, რომელიც ნულდება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი კორექტირებული ბრუნვის, გაწეული ხარჯებისა და მიღებული მომსახურებების მიხედვით, დებიტორული და კრედიტორული ნაშთების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, რომლის მიხედვითაც დოკუმენტის გარეშე (საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკებით) რეალიზაცია, რომელიც მთლიანად შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის რაოდენობის 66%-ს შეადგენს, განხორციელებულია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. კერძოდ: 2020 წლის ბუღალტრულად დაფიქსირებული ჩეკებით რეალიზებულ საქონელზე ფასნამატია (-66)%, 2021 წლის - (-26)%, 2022 წლის - (-19)%, 2023 წლის - (-23)%., მაშინ როცა კომპანიის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 99%-ს (წლების მიხედვით: 2020 - 95%, 2021 - 85%, 2022 - 106%, 2023 - 113%). საწარმოს მიერ შემოსავლის მიღება ხორციელდება მხოლოდ საკონტროლო სალარო აპარატის მეშვეობით. გადასახადის გადამხდელი საანგარიშო პერიოდების მიხედვით მიღებულ საკასო შემოსავალს აკლებს დოკუმენტურ რეალიზაციას და სხვაობას, დოკუმენტურ რეალიზაციასა და სალაროს ფისკალს შორის, ანაწილებს საქონლის ნაშთზე სახეობების მიხედვით. უდოკუმენტო რეალიზაცია ასევე განხორციელებულია იმავე საანგარიშო პერიოდში, რა პერიოდშიც ხდება დოკუმენტური რეალიზაცია. შესაბამისად, სხვაობა დოკუმენტურ ფასნამატსა და უდოკუმენტო ფასნამატს შორის არ უნდა იყოს არსებითი. შემოწმების პროცესში გამოვლენილი გარემოებების მიხედვით, კომპანიას არ აქვს სრულად შესრულებული საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 49-ე პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, პერიოდის დასაწყისის სმფ-ების, შესყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების, რეალიზაციებისა და საბოლოო სასაქონლომატერიალური მარაგების გათვალისწინებით, ჩეკებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასების გამოყენებით, დაკორექტირდა/გაიზარდა საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ორისის ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, საბანკო ანგარიშებზე შეტანილი თანხების ნაწილი დაკვალიფიცირებული აქვს „საწესდებო კაპიტალის“ შევსებად 5150 ანგარიშზე, რომელიც ნულდება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი კორექტირებული ბრუნვის, გაწეული ხარჯებისა და მიღებული მომსახურებების მიხედვით, დებიტორული და კრედიტორული ნაშთების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)