ბრძანება N 17190
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17190
22 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 14 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივლისის და 11 ივლისის სხდომებზე (ოქმები №72 და №75) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 20 ივნისის №90181/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 მაისის №081- 93 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ ფასნამატი 45,28% ვერანაირად ვერ იქნება სწორი იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საკონტროლო შესყიდვა (რომელიც ლილოს ობიექტიდან) განხორციელდა საცალო მიწოდებით და მისი სარეალიზაციო წილი 10%-ს არ აღემატება, ძირითადად რეალიზაცია ხდება რამოდენიმე ყუთებით ერთად და საშუალო ფასნამატი არ აღემატება 10%-ს. ამასთან, მიწოდებულ იქნა ინფორმაცია სმფ-ების ოდენობაზე, რომელმაც შეადგინა 60 9257 ლარი (თვითღირებულებით) დღგ-ს გარეშე და აუდიტორის მიერ გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩათვლით. გარდა ამისა, შემოწმებამ 75 % ხარჯებში გაითვალისწინა თეორიულად, მაგრამ პრაქტიკულად არა რადგანაც სალაროს ნაშთი დააფიქსირა სავარაუდოდ 2 003 663 ლარი და დააკვალიფიცირა როგორც დირექტორზე გაცემულ ხელფასად. 2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადის დარიცხვას და განმარტავს, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის აგვისტოს თვეში დაბეგრილია 968 891 ლარის დივიდენდის გაცემა, რომელიც შემოწმებამ არ გაითვალისწინა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 დეკემბრის №31821 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 26 ნოემბრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 30 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 15 მაისის №11224 ბრძანება და ამავე თარიღის №081-93 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 876 789 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 099 812 ლარი, ჯარიმა 670 540 ლარი, საურავი 106 437 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ტრიკოტაჟის (ძირითადად ქალის საცვლების და ქსოვილის) იმპორტი (ჩინეთიდან) და რეალიზაცია. აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს -------, -------. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ასევე არ გააჩნია საქონლის რაოდენობრივი და თანხობრივი მოძრაობის აღრიცხვა. გადამხდელის ახსნა განმარტებით სმფ-ის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 609 257 ლარს დღგ-ის ჩათვლით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებისას გადამხდელის მიერ შეძენილი საქონელი დაიყო 5 კატეგორიად (ჯგუფებად), თითოეულზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 8 იანვრის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის დროს სხვადასხვა სახეობებზე დაფიქსირებული ფასნამატის მონაცემები, ასევე გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული ფასნამატიც. საშუალო ფასნამატმა შეადგინა 45,28%. აღნიშნულის შედეგადაც განისაზღვრა შპს „-------“ მიერ მიღებული შემოსავალი. შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში (დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი წილის გათვალისწინებით). შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების მიერ დადგენილი რეალიზებული საქონლის შედეგად მიღებული შემოსავლების და გადამხდელის მიერ გაწეული დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით, ფულადი ნაშთის სახით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა ერიცხებოდეს 2 003 663 ლარი. ხარჯებში (გარდა სხვა ხარჯებისა) ასევე, გათვალისწინებულია, რომ გადამხდელს იმპორტირებულ პროდუქციაზე არ წარმოუდგენია ნაღდი ფულის გადახდის დამადასტურებელი სარწმუნო ინფორმაცია. შემოწმების მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულებას გამოაკლდა საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხები და დანარჩენი თანხიდან ხარჯად გათვალისწინებულ იქნა 75%. ამ შემთხვევაში შემოწმებამ იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით და მასში შეტანილი ცვლილებით, კერძოდ: შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის 35390 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ №8 დანართის შესაბამისად. მიღებული შედეგის გათვალისწინებით, „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების თანახმად, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული და საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია გაცემული დივიდენდი 968 891 ლარის ოდენობით, რომელიც არ არის დეკლარირებული შესაბამისი თვის მოგების გადასახადში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის და 981 მუხლის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის 4 ივლისს, 12:40 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ასევე არ გააჩნია საქონლის რაოდენობრივი და თანხობრივი მოძრაობის აღრიცხვა. გადამხდელის ახსნა განმარტებით სმფ-ის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 609 257 ლარს დღგ-ის ჩათვლით. შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებისას გადამხდელის მიერ შეძენილი საქონელი დაიყო 5 კატეგორიად (ჯგუფებად), თითოეულზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის დროს სხვადასხვა სახეობებზე დაფიქსირებული ფასნამატის მონაცემები, ასევე გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული ფასნამატიც. ასევე, შემოწმების მიერ დადგენილი რეალიზებული საქონლის შედეგად მიღებული შემოსავლების და გადამხდელის მიერ გაწეული დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით, ფულადი ნაშთის სახით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა ერიცხებოდეს 2 003 663 ლარი. ხარჯებში (გარდა სხვა ხარჯებისა) ასევე გათვალისწინებულია, რომ გადამხდელს იმპორტირებულ პროდუქციაზე არ წარმოუდგენია ნაღდი ფულის გადახდის დამადასტურებელი სარწმუნო ინფორმაცია. შემოწმების მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულებას გამოაკლდა საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხები და დანარჩენი თანხიდან ხარჯად გათვალისწინებულ იქნა 75%. მიღებული შედეგის გათვალისწინებით, „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხარჯებში გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული გაცემული დივიდენდი.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის დროს სხვადასხვა სახეობებზე დაფიქსირებული ფასნამატის მონაცემები გამოყენება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, ხოლო, დადგენილი სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ხოლო, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმპორტირებული საქონლის ინვოისები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ინვოისების არსებობის შემთხვევაში, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული და საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია გაცემული დივიდენდი, რომელიც არ არის ასახული შესაბამისი თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაცემული დივიდენდი დეკლარირებული და დაბეგრილია მხოლოდ საშემოსავლო გადასახადით და არ არის ასახული შესაბამისი თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში, შემოწმებით მოგების გადასახადის განსაზღვრა მართლზომიერია. გარდა ამისა, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმპორტირებული საქონლის ინვოისები;
ბ) ამ ბრაძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ინვოისების არსებობის შემთხვევაში, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;
2. მოგების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ტრიკოტაჟის იმპორტი და რეალიზაცია. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ასევე არ გააჩნია საქონლის რაოდენობრივი და თანხობრივი მოძრაობის აღრიცხვა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
შემოწმების მიერ დადგენილი რეალიზებული საქონლის შედეგად მიღებული შემოსავლების და გადამხდელის მიერ გაწეული დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით, დადგენილი იქნა ფულადი ნაშთი; გადამხდელს იმპორტირებულ პროდუქციაზე არ წარმოუდგენია ნაღდი ფულის გადახდის დამადასტურებელი სარწმუნო ინფორმაცია. შემოწმების მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულებას გამოაკლდა საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხები და დანარჩენი თანხიდან ხარჯად გათვალისწინებულ იქნა 75%. მიღებული შედეგის გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
2. გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული და საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია გაცემული დივიდენდი, რომელიც არ არის დეკლარირებული შესაბამისი თვის მოგების გადასახადში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმპორტირებული საქონლის ინვოისები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ინვოისების არსებობის შემთხვევაში, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დანარჩენ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 981(1); 101; 154; 159;