გადაწყვეტილება №22083/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.04.2024
№ დოკუმენტი 22083/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22083/2/2024

12 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 27.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22083/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №086-52 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №31096 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 423 004 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 265 963

დღგ - 160 230

საშემოსავლო გადასახადი - 105 733

ჯარიმა - 131 807

საურავი - 25 234

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა კვერცხით ვაჭრობა (ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და რეალიზაცია).

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 აგვისტოს №21310 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის 2021 წლის 7 მაისიდან 2023 წლის 1 ივლისამდე პერიოდის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების მსვლელობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისი და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ფულადი სახსრების მოძრაობა. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ასახული შემოსავლები შესაბამის დეკლარაციებში.

საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი დამატებითი ბრუნვები, ხოლო გამოვლენილი მიღებული შემოსავლები საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №24921 ბრძანება და 10 ოქტომბრის №086-52 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 423 004 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 6 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 12 დეკემბრის №31096 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, თუმცა გადამხდელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ხორციელდებოდა ბუღალტრული აღრიცხვა (მათ შორის, არასწორად იქნა ასახული სმფ-ების ნაშთები), შესაბამისად, შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისი და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ასახული შემოსავლები შესაბამის დეკლარაციებში. კერძოდ, შემოწმებით გამოვლენილ იქნა დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რომელიც განხილულ იქნა რეალიზებულად პერიოდების მიხედვით პროპორციულად და მასზე გავრცელებულ იქნა დეკლარირებული ფასნამატი. ამასთან, გამოვლენილი მიღებული შემოსავლები ჩათვლილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორმა აქტში ზოგადად ჩაწერა, რომ „შემოწმების მსვლელობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია: გადასახადის მიერ მიწოდებული საბუღალტრო პროგრამა ორისი და სხვა დოკუმენტური ინფორმაცია. შესწავლილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები და ფულადი სახსრების მოძრაობა. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ასახული შემოსავლები შესაბამის დეკლარაციებში. კერძოდ, შემოწმების მიერ დადგენილია დღგ-ით დასაბეგრი დამატებითი ბრუნვები და შესაბამისად დადგენილია დამატებითი ფულადი სახსრები, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად“. ანუ ამ ტექსტში არსად ჩანს, რომ თანხების დარიცხვა მოხდა არაპირდაპირი მეთოდითო, რაც გაასაჩივრეს კიდეც. მისი ქმედება არ შეესაბამებოდა, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განხორციელებულ ქმედებებს, თუმცა შემოსავლების სამსახურმა იმის ნაცვლად, რომ მოეთხოვა აუდიტორისთვის აქტის გადახედვა, მათ 2023 წლის 12 დეკემბრის №31096 ბრძანებაში პირდაპირ ჩაწერეს რომ, „ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს“. ანუ, იმას რასაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებდა მათ პირდაპირ დაადასტურეს, რომ ეს ასე მოხდა, თუმცა საჩივარი არ დააკმაყოფილეს, რაც პარადოქსად მიაჩნია.

აუდიტორმა საზოგადოებას ოფიციალურად გაუგზავნა გაანგარიშების ცხრილი, სადაც ძირითადი დარიცხული თანხა 60 000 ლარამდე იყო, მომჩივნის გაანგარიშებით კი 57 000 ლარამდე იყო. თუმცა, ამ შემთხვევაში სხვაობა არსებითი არ ყოფილა. მომჩივანმა მიიჩნია, რომ აუდიტორმა მექანიკური შეცდომა დაუშვა, თუმცა დავების განხილვის დროს სხვა ცხრილი წარადგინა, რაც გადასახადის გადამხდელისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. ოფიციალურად მსგავსი ცხრილი მომჩივანს არ მიუღია. ანუ ახალ ცხრილში შემოწმების შემდგომი რეალიზაცია გადმოიტანა შესამოწმებელ პერიოდში და იქამდე არსებული ბრუნვის პროპორციულად დაამატეს დღგ-ის ბრუნვებს, თუმცა მათ ამის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდათ და ფაქტიურად არაპირდაპირი მეთოდი გამოიყენა, თუმცა ეს აუდიტორს აქტის ტექსტში, ფაქტობრივ გარემოებებში არ ჩაუწერია.

შესამოწმებელ პერიოდში შესყიდვა იყო 2 292 746 ლარი, რეალიზაცია კი - 1 912 973 ლარი, დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი - 7%, რაც შემოწმებამაც დაადგინა. ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს - 753 450 ლარი, პერიოდის შემდეგ, 1 ივლისიდან ინვენტარიზაციამდე ანუ 17 სექტემბრამდე შესყიდვა ჰქონდა 124 595 ლარის, ხოლო რეალიზაცია - 894 286 ლარი (აქედან 220 000 ლარის დანაკლისი, რომლის დეკლარაციაც აქვს წარდგენილი), ანუ როგორც ზემოთ აღინიშნა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან ინვენტარიზაციის ჩატარებამდე, დეკლარირებულმა რეალიზაციამ შეადგინა 894 286 ლარი, რაზედაც ჩეკებიც არის გამორტყმული. ანუ გაუგებარია ამ დოკუმენტების იგნორირებას რა უდევს საფუძვლად? საგადასახადო კოდექსით და პრაქტიკულადაც, არსებობს სალაროს გონივრული ნაშთი, მაგრამ პროდუქციის გონივრული ნაშთის მცნება არ გაუგია, გარდა ცალკეული შემთხვევისა, მაგალითად, როგორც ბეტონია, თუმცა კვერცხი ბეტონი არ არის. საინტერესოა შემმოწმებელმა საიდან დაადგინა, რომ საზოგადოებას კვერცხის ნაშთი არ გააჩნდა, ამის შესახებ მას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. მით უმეტეს, როგორც თვითონვე ამბობს, მას მიეწოდა პროგრამა ორისი, სადაც ეს ნაშთები დაფიქსირებულია.

ცალკე თემაა შემოწმების შედეგად გამოვლენილი მიღებული შემოსავლების ჩათვლა ხელფასის სახით განაცემად კომპანიის დირექტორზე, რაც სრული აბსურდია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. მომჩივნის მიერ მიწოდებულ ბუღალტერიაში ნათლად ჩანდა, რომ კომპანია საქმიანობას ახორციელებდა დამფუძნებლის სახსრებით, რომელიც 3190 ანგარიშზე აღირიცხებოდა როგორც ვალდებულება დირექტორის მიმართ თანხით 627 589 ლარი. არ ეთანხმება იმ ფაქტს, რომ აუდიტორმა აღნიშნული ფაქტის უგულვებელყოფა განახორციელა და მის მიერ არაპირდაპირად გამოყვანილი შემოსავალი დამატებით დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვალა, მაშინ როდესაც დირექტორის მიმართ საწარმოს აღნიშნული ვალდებულება გააჩნდა. შესაბამისად, შემოსული ფულით მოხდა კრედიტორის გასტუმრება, რაც პროგრამა ორისში შესაბამისი ბუღალტრული გატარებითაც არის ასახული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დარიცხული დღგ-ის კორექტირებას 3%-იანი დანაკარგის გათვალისწინებით. რაც შეეხება დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, ის სრულად დაკორექტირდეს და ჩაითვალოს კრედიტორის ვალის დაფარვად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმების მსვლელობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“ და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შესწავლილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ფულადი სახსრების მოძრაობა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ასახული შემოსავლები შესაბამის დეკლარაციებში. კერძოდ, შემოწმების მიერ დადგენილია დღგ-ით დასაბეგრი დამატებითი ბრუნვები და დამატებითი ფულადი სახსრები. შემოწმების მსვლელობისას შესწავლილ იქნა სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობა. კერძოდ, შესწავლილ იქნა სმფ-ების შეძენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, აგრეთვე იმპორტის გზით. დადგინდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული (დეკლარირებული) ფასნამატის გამოყენებით დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. დაგეგმილი შემოწმების შესახებ შეტყობინების და შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემის შემდგომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციები, სადაც შემოწმების მიერ დადგენილ დამატებითი დასარიცხი თანხები აღიარებულია დანაკლისის სახით. აგრეთვე, საკონტროლო სალარო აპარატით ამორტყმულ იქნა ჩეკები დიდ თანხებზე (15 000 ლარი, 20 000 ლარი, 30 000 ლარი და ა.შ.), რაც შესამოწმებელ პერიოდში არასოდეს არ ფიქსირდება (დიდი ოდენობის ჩეკების ამორტყმა). აგრეთვე, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა. კერძოდ, შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავლის და კომპანიის მიერ გაწეული ფულადი სახსრების ხარჯის შესწავლის შედეგად დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულადი სახსრების ნაშთი. კომპანიაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფაქტიურად არსებულ და შემოწმების მიერ დადგენილ ფულად სახსრებს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად. დასაბეგრი ფულადი სახსრების გაანგარიშებისას საგადასახადო ორგანოს მიერ გათვალისწინებულ იქნა კომპანიის დირექტორის მიერ კაპიტალში შეტანილი 627 589 ლარი და აღნიშნული თანხა არ იქნა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმების მსვლელობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“ და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შესწავლილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ფულადი სახსრების მოძრაობა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ასახული შემოსავლები შესაბამის დეკლარაციებში. კერძოდ, შემოწმების მიერ დადგენილია დღგ-ით დასაბეგრი დამატებითი ბრუნვები და დამატებითი ფულადი სახსრები. შემოწმების მსვლელობისას შესწავლილ იქნა სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობა. კერძოდ, შესწავლილ იქნა სმფ-ების შეძენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, აგრეთვე იმპორტის გზით. დადგინდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული (დეკლარირებული) ფასნამატის გამოყენებით დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. დაგეგმილი შემოწმების შესახებ შეტყობინების და შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემის შემდგომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციები, სადაც შემოწმების მიერ დადგენილ დამატებითი დასარიცხი თანხები აღიარებულია დანაკლისის სახით. აგრეთვე, საკონტროლო სალარო აპარატით ამორტყმულ იქნა ჩეკები დიდ თანხებზე (15 000 ლარი, 20 000 ლარი, 30 000 ლარი და ა.შ.), რაც შესამოწმებელ პერიოდში არასოდეს არ ფიქსირდება (დიდი ოდენობის ჩეკების ამორტყმა). აგრეთვე, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა. კერძოდ, შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავლის და კომპანიის მიერ გაწეული ფულადი სახსრების ხარჯის შესწავლის შედეგად დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულადი სახსრების ნაშთი. კომპანიაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფაქტიურად არსებულ და შემოწმების მიერ დადგენილ ფულად სახსრებს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად. დასაბეგრი ფულადი სახსრების გაანგარიშებისას საგადასახადო ორგანოს მიერ გათვალისწინებულ იქნა კომპანიის დირექტორის მიერ კაპიტალში შეტანილი 627 589 ლარი და აღნიშნული თანხა არ იქნა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.