ბრძანება N 12988
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12988
12.06.2023
ბრძანება
შპს „------“ (ს/ნ „------“)
(მის.: „------“)
2022 წლის 30 დეკემბრის და 2023 წლის 3 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 მაისის სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „------“) 2022 წლის 30 დეკემბრის №239083/21 და 2023 წლის 3 იანვრის №77764/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №057-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და აცხადებს, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენების საფუძველი არ არის მითითებული შემოწმების აქტში და შესაბამისად, არ არის გამყარებული რაიმე არგუმენტით. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებას სრულად წარუდგინეს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე, კომპანიას სრულყოფილად აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. ამასთან, გაუგებარია, რა მიზეზით იქნა მიჩნეული არასწორად გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3323 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“ (ს/ნ „------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 23 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 6 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 8 დეკემბრის №31002 ბრძანება და ამავე თარიღის №057-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 883 523 ლარი, მათ შორის, გადასახადი 495 459 ლარი, ჯარიმა 247 730 ლარი, საურავი 140 334 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-------“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტომობილების ამორტიზირებული მაყუჩების ფილტრების ნარჩენების შესყიდვა და ექსპორტი მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. საწარმო საქონლის ექსპორტს ახორციელებს ლიტვაში, სადაც საქონელი იგზავნება პირველადი ინვოისით და შემდეგ ხდება საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებული ფასის მიხედვით საბოლოო ინვოისის გამოწერა. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული აქვს ფიზიკური პირებისგან ამორტიზირებული ავტომობილის კატალიზატორები. ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვა ხდება წონით, ხოლო ანგარიშსწორება ხორციელდება ნაღდი ფულით. საწარმომ შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისგან შეძენილ საქონელზე შესყიდვის დოკუმენტები სრულად ვერ წარმოადგინა, ასევე, წარმოდგენილი შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფასი შედარდა იმავე დარგში ოპერირებად საწარმოებში დაფიქსირებულ ფასებთან და დადგინდა, რომ საშუალო ფასი ნაკლებია შპს „------“ შესყიდვების საშუალო ფასზე. გადასახადის გადამხდელის გაცხადებული ფასით 2020 წელს ფიზიკური პირებისგან შესყიდული საქონლის კილოგრამის საშუალო ფასი შეადგენდა დაახლოებით 1 000 ლარს, ხოლო 2021 წელს - 1 900 ლარს. სრულად კატალიზატორების შეძენის გაცხადებული ფასი შეადგენს 11 230 550 ლარს. ამასთან, ლიტვის საწარმო 2021 წლის ივლისამდე ინვოისის თანხას აკორექტირებდა დადებითი მაჩვენებლით და შპს „------ - ს“ ურიცხავდა შესაბამის თანხას, ხოლო 2021 წლის ივლისის შემდეგ გაგზავნილი ინვოისი უარყოფითი მაჩვენებლებით კორექტირდებოდა, ანუ უცხოეთის ბაზარზე ფასი მცირდებოდა, საქართველოში კი - პირიქით, გაზრდილი ფასით ფიქსირდება შესყიდვები. 2020 წლის მოგება/ზარალის ანგარიშგებით საწარმოს საოპერაციო მოგება უფიქსირდება 780 000 ლარამდე, ხოლო 2021 წელს - ზარალი 450 000 ლარამდე. დამატებით საწარმოს გაწეული აქვს მიწოდების დანახარჯები, იჯარის ხარჯი, ხელფასის ხარჯი, საბანკო ხარჯი და სხვა. კონვერტაციის ხარჯის გათვალისწინებით 2020 წლის ბოლოს მიღებული წმინდა მოგება 700 000 ლარამდე გადაფარა 2021 წლის ზარალმა. ასევე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ფიზიკური პირებისგან, რომლის გათვალისწინებით შემოწმებამ უსაფუძვლოდ მიიჩნია წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების გათვალისწინებით საწარმოს მიერ გაცხადებული ხარჯების 75% ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად, ხოლო ხარჯის 25% საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №6-ის (მეთოდური მითითება სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ) მიხედვით, თუ სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ ხარჯზე, ან ხარჯის ნაწილზე, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, თუმცა, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო, გადამხდელის მიერ გაცხადებულ და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის დადებითი სხვაობა, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდ(ებ)ში განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98 2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიიჩნევა გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%, თუ გაწეული ხარჯის ოდენობის დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისგან შესყიდული აქვს ამორტიზირებული ავტომობილის კატალიზატორები. აღნიშნულ შეძენებზე საწარმომ შესყიდვის დოკუმენტები სრულად ვერ წარმოადგინა, ხოლო წარმოდგენილ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფასი იმავე დარგში ოპერირებად საწარმოებში დაფიქსირებულ ფასებთან შედარებით ნაკლებია. შემოწმების მიერ ფიზიკური პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შესყიდვებთან დაკავშირებით, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი შემოწმებამ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები მიიჩნია უსაფუძვლოდ, იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით და საწარმოს მიერ გაცხადებული ხარჯების 75% ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად, ხოლო ხარჯის 25% დაბეგრა მოგების გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია (მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს სრულად გაითვალისწინოს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ „------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია (მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს სრულად გაითვალისწინოს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას.
მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო საქონლის ექსპორტს ახორციელებს ლიტვაში, სადაც საქონელი იგზავნება პირველადი ინვოისით და შემდეგ ხდება საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებული ფასის მიხედვით საბოლოო ინვოისის გამოწერა.საწარმომ შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისგან შეძენილ საქონელზე შესყიდვის დოკუმენტები სრულად ვერ წარმოადგინა, ასევე, წარმოდგენილი შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფასი შედარდა იმავე დარგში ოპერირებად საწარმოებში დაფიქსირებულ ფასებთან და დადგინდა, რომ საშუალო ფასი ნაკლებია შპს -ს შესყიდვების საშუალო ფასზე.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების გათვალისწინებით საწარმოს მიერ გაცხადებული ხარჯების 75% ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად, ხოლო ხარჯის 25% საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს სრულად გაითვალისწინოს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:61(3),96(1),97(1),98 2(1 "ა" ),136 (3)