გადაწყვეტილება №27914/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.10.2026
№ დოკუმენტი 27914/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27914/2/2026

13 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ს 5.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27914/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20779 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2026 წლის დასკვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2026 წლის №12318 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2026 წლის №068-15 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 28.07.2026 წლის №17024 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 166 822.51 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 87 101

ბუნებ. რესურს. სარგებ. მოსაკრებელი - 18

დღგ - 57 410

მიწა - არასასოფლო - 114

მიწა - სასოფლო - 110

საშემოსავლო გადასახადი - 28 916

ქონების გადასახადი - 533

ჯარიმა - 39 428

საურავი - 40 293.51

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა (---ის მუნიციპალიტეტში, სოფ. ---ში) არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელით, სიგარეტით და ასევე, შერეული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, რომელსაც აწარმოებს თავად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 27.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. მის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი შეადგენს 10%-ს. მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის №1672 ბრძანებით, მეწარმესთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილია საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელიც დაყოფილია 20 კატეგორიად და თითოეულ კატეგორიაზე განისაზღვრა ცალკე ფასნამატი. აღნიშნული გავრცელებულია ანალოგიურ კატეგორიებად დაყოფილ რეალიზებული პროდუქციის ღირებულებაზე და დადგენილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

შემოწმების შედეგად დადგენილსა და დეკლარირებულს შორის სხვაობა ჩაირთო შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე, ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის სმფ-ების ნაშთი. აღნიშნულ ნაშთსა და მეწარმის მიერ დეკლარირებულ სმფ-ებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რომელიც ჩაითვალა რეალიზებულად. დამატებით რეალიზებულად ჩათვლილ სმფ-ების თვითღირებულებებზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით გაანგარიშებული საშუალო ფასნამატი. ამასთან, დადგინდა 2020-2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავალი, შესაბამისად, სხვაობის თანხით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2020-2021- 2022 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს სოფლის მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები, ვინაიდან სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს, გადამხდელი აღნიშნულ შემოსავალს არ ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით (გათავისუფლებული ბაზა). შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ---ის მუნიციპალიტეტ სოფელ ---ში, ასევე უძრავი ქონება ---სა და ---ის მუნიციპალიტეტ სოფელ ---ში. შესამოწმებელ პერიოდში ქონების გადასახადში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გაანგარიშდა მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი მ.შ. ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები, რომლის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ მეწარმის შემოსავალი 2020 წელს აღემატება 40 000 ლარს, ხოლო 2021 წელს 100 000 ლარს. შედეგად, მომჩივანს წარმოეშვა ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზაში მითითებული აქვს 0 ლარი. გადასახადის ზუსტად და სწორად გაანგარიშების მიზნით შესწავლილია გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომლის საფუძველზეც მოხდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

საგადასახადო კოდექსის 201-ე, 203-ე, 202-ე და 205- ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. გადასახადის გადამხდელს 2017 წლის ივლისის თვეში აღებული აქვს ლიცენზია (№1004700) მიწისქვეშა მტკნარი წყლის (სამეწარმეო დანიშნულებით) სარგებლობაზე, რომელიც მოქმედია შესამოწმებელი პერიოდის პირველ წელს. აღნიშნული ლიცენზიის მიხედვით გადასახადის გადამხდელს უნდა მოეხდინა 6 თვიანი ინტერვალით მოსაკრებლის დადეკლარირება.

შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში გაცემული ათვისების გეგმა/გრაფიკები, რომელთა მიხედვით გადასახადის გადამხდელს ჰქონდა ვალდებულება 2020 წელს წარედგინა ორი გაანგარიშება. მეწარმეს წარდგენილი აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ერთი ნულოვანი გაანგარიშება. შემოწმების მიერ ლიცენზიის ვადისა და წლიური მოპოვების ნორმების მიხედვით გაანგარიშებული იქნა დასადეკლარირებელი მოსაკრებლის ოდენობები.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის XXVI თავის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოსაკრებელი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 4.07.2023 წლის №15719 ბრძანება და ამავე თარიღის №068-13 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 2.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.10.2023 წლის №25913 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი ჯგუფების მიხედვით;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გაცემული ხელფასების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს მომჩივნის საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25913 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 15.02.2024 წლის №21277/2/2023 (რეგ. 10.04.2024წ. 03/28145) გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25913 ბრძანება;

- საჩივარი, პირველი დავის საგნის „ბ“ ქვეპუნქტის (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით მოთხოვნილი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვა) ნაწილში, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 30.04.2024 წლის №10002 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.04.2024 წლის №21277/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10002 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სოფლის მეურნეობის ნაწილში მიღებული შემოსავალი აღემატება მის მიერ გაწეულ ხარჯებს და წარმოეშვება დამატებით საგადასახადო ვალდებულებები ბიუჯეტის მიმართ, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №14426 ბრძანება და ამავე თარიღის №068-8 საგადასახადო მოთხოვნა რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.09.2025 წლის №20779 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- სადავო საკითხთან, კერძოდ, 2022 წლის პროდუქციის (კომბოსტო, პომიდორი) მოსავლიანობასთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ახსნა-განმარტება;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20779 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.11.2025 წლის №26002/2/2025 (რეგ. 21.11.2025წ. 03/82568) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20779 ბრძანების აღსრულების შედეგები აისახა 2.06.2026 წლის დასკვნაში, საიდანაც ირკვევა, რომ 2022 წელს მიღებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე (პომიდორი, კომბოსტო) გადასახადის გადამხდელი ახსნა-განმარტებაში განმარტავს, რომ 2021 წელს მოაწყო სათბური პომიდორის და კომბოსტოს მოსავლის მისაღებად, უამინდობის და გვალვიანობის (რაც წესით სათბურს არ ეხება) გამო მოსავლიანობა იყო გეგმიურის 50%, რაც საგადასახადო შემოწმებისას უკვე გათვალისწინებულია შესაბამის გაანგარიშებაში და ასახულია საგადასახადო შემოწმების შედეგებში.

ასევე აღნიშნავს, რომ სათბურში ხდებოდა ორ ეტაპად მოსავლის მიღება. 2022 წელს გადასახადის გადამხდელმა წარმოების გაფართოების მიზნით, გარდა არსებული მიწის ნაკვეთებისა და არსებული სათბურის, ასევე დაიმატა ჯამში 5 ჰექტარი მიწა პროდუქციის მისაღებად. ახსნაგანმარტებაში გადამხდელი წერს, რომ აწარმოა კომბოსტოს და პომიდვრის მოსავლის მოყვანა. საუბარია არსებულ სათბურში წარმოებაზე. მისივე აღნიშვნით არსებული პროდუქცია თითქმის გაუნადგურდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, შესაბამისად, 2022 წლის მოსავლის გაანგარიშებაში შემოწმების შედეგად გათვალისწინებულია წინა წლის მონაცემი, განახევრებული პომიდვრის და კომბოსტოს მოსავალი.

სოფლის მეურნეობის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულია მხოლოდ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, მის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება იმავე საქმიანობაზე გაწეულ ხარჯებს. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი (მხოლოდ ახსნა-განმარტება) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება (შემცირება) აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2026 წლის №12318 ბრძანება და ამავე თარიღის №068-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.07.2026 წლის №17024 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 16.07.2026 წელს 14:40 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ასევე მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა მხოლოდ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რომლის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, მის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება იმავე საქმიანობაზე გაწეულ ხარჯებს. ამასთან, 2022 წელს მიღებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე (პომიდორი, კომბოსტო) გადასახადის გადამხდელი ახსნაგანმარტებაში განმარტავს, რომ 2021 წელს მოაწყო სათბური პომიდორის და კომბოსტოს მოსავლის მისაღებად, უამინდობის და გვალვიანობის გამო მოსავლიანობა იყო გეგმიურის 50%, რაც საგადასახადო შემოწმებისას უკვე გათვალისწინებულია შესაბამის გაანგარიშებაში და ასახულია საგადასახადო შემოწმების შედეგებში. ვინაიდან, გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ არის წარდგენილი (წარდგენილია მხოლოდ ახსნა-განმარტება) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება (შემცირება) აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ასევე, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

- სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც ერთობლივი შემოსავლიდან არ არის გამოქვითული შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 30.04.2024 წლის გადაწყვეტილების (№10002 ბრძანება) მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა:

„შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება(შემცირება)“. შემოწმების პროცესში აუდიტორების მიერ არ მოხდა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ხარჯების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა, იმ არგუმენტით, რომ საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის, შენიშვნის მიხედვით კი, ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს უფლება აქვს, გამოქვითოს გათავისუფლებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში პირი ვალდებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგროს ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი კი მოიცავს: 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. შესაბამისად, აუდიტორები ვალდებულები იყვნენ ერთობლივი შემოსავლებიდან გამოექვითათ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ხარჯები, ვინაიდან იგი ბეგრავდა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს, პირის მიერ სოფლის მეურმეობის შემოსავლების დაბეგვრა ვერ დადგება ეჭვქვეშ და აღნიშნული ფაქტი ასევე დადასტურებულია აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ფინანსთა სამინისტროს 10.04.2024 წლის გადაწყვეტილებაში (№21277/2/2023), რომელიც გახდა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მეორე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი და რომელი გადაწყვეტილების მიხედვითაც აუდიტორებს დაევალათ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ხარჯების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა.

თუმცა ზემოაღნიშნულმა შემმოწმებლებმა დავის პირველ ეტაპზე იცრუეს და აღნიშნული ფაქტი დაუმალეს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს, რის გამოც გამოიცა არასწორი გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოცემულ დასკვნას საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე რომლის მიხედვითაც პირს არ შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხები, აუდიტორებს მოჰყავთ მორიგი არასწორი ინფორმაცია, თითქოს პირისთვის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინება დაამძიმებს აქტით დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებას, და რომ თითქოს პირის შემოსავლები აღემატება, ხარჯებს. თანაც აუდიტორები აღნიშნავენ, რომ სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების დაანგარიშება მოხდა უშუალოდ პირის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით.

ზემოაღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მომჩივანსა და აუდიტორებს შორის არსებული არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, აუდიტის დეპარტამენტმა უგულვებელყო დასაბუთებული მოთხოვნა, მრავალჯერ შეცვალა პირის მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშების მეთოდი და საბოლოოდ სოფლის მეურნეობის ნაწილში პირის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის მიხედვით, კერძოდ, პირის მიერ ცალკეული წლის მიხედვით ინდივიდუალურად ახსნაგანმარტებებში დაფიქსირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია დამატებულ იქნა სხვა წლებში ნაწარმოები პროდუქციის რიცხვზე, ამით აუდიტორებმა შეგნებულად მოახდინეს სოფლის მეურნეობისგან მიღებული შემოსავლების არაადეკვატურად გაზრდა.

სინამდვილეში კი აუდიტორებს ხელთ ჰქონდათ შემოწმების პერიოდში პირის მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტებები, რომელიც ადეკვატურად ასახავდა პირის მიერ ნაწარმოები საქონლის შესახებ ინფორმაციას და როგორც პირი ახსნაგანმარტებებში აღნიშნავს მან შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტებით (ზედნადებები) გასწია კაპიტალური ხარჯები, მოაწყო სასათბურე და შესანახი მეურნეობა (სამაცივრე მეურნეობა) გააშენა ახალი ბაღი (რომელიც შემოწმების პერიოდში ჯერ არ იყო მსხმოიარე) და ა.შ. აღნიშნულმა ხარჯებმა კი გამოიწვია ხარჯების შემოსავლებზე გადამეტება, თუმცა მომავალში მზარდი მოსავლიანობიდან გამომდინარე იგი ელოდება შემოსავლების 200 ათას ლარიან ზღვარზე გადამეტებას და „დაკარგავს“ წინა წლებში გაწეულ ხარჯებს (ვერ მოახდენს ზარალის გადატანას შემდეგი წლის დეკლარაციებში).

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, აუდიტორებმა როგორც შემოწმების პროცესში ასევე, დავის განხილვის პირველ სხდომაზე და შემდგომში გადაანგარიშების ეტაზე არ გაითვალისწინეს პირის მოთხოვნა, დაამახინჯეს ფაქტობრივი გარემოებები და დაუსაბუთებლად არაპირდაპირი მეთოდით მოახდინეს სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების გაანგარიშება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვის პირდაპირი ანულირება და არა საკითხის კვლევა, რადგან ადგილი აქვს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ფაქტების დამახინჯების მესამე შემთხვევას და გადაანგარიშების ეტაპზე არაპირდაპირი მეთოდის დარიცხვის შემცირებისგან თავის არიდების მექანიზმად გამოყენებას.

- არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე არასწორად დარიცხული ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხები შემმოწმებლების მიერ ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილ იქნა ერთობლივი შემოსავალი, რის შედეგადაც გაიზარდა დასაბეგრი შემოსავალი და დაერიცხა ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადი სანქციის თანხასთან ერთად. აღნიშნულ პროცესში შემმოწმებლების მიერ დაშვებულ იქნა მთელი რიგი შეცდომები. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში იკითხება, 2.02.2023 წლის ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, 2022 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების საბოლოო ნაშთთან მიმართებით გამოვლენილი დანაკლისი, შემმოწმებლების მიერ მიჩნეულია შესამოწმებელ პერიოდში, 2020-2022 წლებში, რეალიზებულად დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად.

შემმოწმებლების მიერ დაშვებული მთავარი შეცდომა ის არის, რომ მათ მიერ არ მომხდარა რეალიზებულად მიჩნეული დანაკლისის თვითღირებულების ოდენობით არცერთი წლიური საშემოსავლო დეკლარაციის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთის შემცირება, შედეგად მიწოდებად განხილული საქონლის დანაკლისის თვითღირებულების ოდენობით შემცირებულია რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაც იწვევს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის უსაფუძვლოდ ზრდას. ზემოაღნიშნულ ფაქტზე ასევე მეტყველებს შემმოწმებლების მიერ გამოგზავნილი გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც საქონლის ცალკეულ კატეგორიებზე გავრცელებულ ფასნამატებს შორის უმაღლესი შეადგენს 25%-ს, ხოლო საგადასახადო აქტში ასევე შემმოწმებლების მიერ მოცემული წლიური საშემოსავლო დეკლარაციის გაანგარიშების მიხედვით, პირის საშუალო ფასნამატი 2020, 2021 და 2022 წლებში შეადგენს 31%, 40% და 43%-ს. რაც გამოწვეულია, რეალიზებულად განხილული დანაკლისის თვითღირებულების გაუთვალისწინებლობით. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელი გარდა სურსათით ვაჭრობისა, ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოყვანას და რეალიზაციას, რისთვისაც ესაჭიროება სხვადასხვა სახის მასალების შეძენა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სურსათით და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობასთან, შემმოწმებლების მიერ მოხდა, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო მასალის, კერძოდ თუნუქის ფირფიტის, სასურსათო საქონლად განხილვა და რეალიზებულად მიჩნევა, რომელიც დღემდე განთავსებულია ი/მ ---ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიაზე.

ამასთან, როგორც შემმოწმებლების მიერ გაგზავნილ ფასნამატების გაანგარიშების ცხრილშია მითითებული თუნუქის ფირფიტები შეყვანილია სასმელების კატეგორიაში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შემმოწმებლების მიერ გაანგარიშებები გაკეთებულია უხეში დარღვევებით. გარდა ამისა, საგადასახადო შემოწმების აქტში იკითხება, რომ შემმოწმებლების მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის დაყოფა მოხდა 20 კატეგორიად და ცალკეულ კატეგორიაზე გავრცელდა ცალკეული ფასნამატი, ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან შემმოწმებლების მიერ მიწოდებული გაანგარიშების მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ სასაქონლომატერიალური ფასეულობების 20 კატეგორიიდან გაანგარიშებაში მხოლოდ 16 კატეგორიაა მიკუთვნებული სარეალიზაციო საქონელს, დანარჩენი შემმოწმებლების მიერვე მიჩნეულია პარალელურად არსებული სოფლის მეურნეობის საქმიანობისთვის განკუთვნილ საქონლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არასაკმარისი კატეგორიების პირობებში, ისეთი საქონელი, რომლებიც თვისობრივად არ განეკუთვნება ერთი კატეგორიის საქონელს და რომლებზეც ინვენტარიზაციის შედეგებით დაფიქსირებულია რადიკალურად განსხვავებული ფასნამატები დაჯგუფებულია ერთი კატეგორიის მიხედვით, აღნიშნულის ნათელ მაგალითს წარმოადგენს სიგარეტებისა და თამბაქოს შესახვევი ქაღალდების ერთი კატეგორიისთვის მიკუთვნება, შემმოწმებლების მიერ აღნიშნულ კატეგორიაზე განსაზღვრულია 13%, რაც არ ასახავს ობიექტურ რეალობას. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა სიგარეტებს შორის ყველაზე დიდი ხვედრითი წილის მქონე სიგარეტის „პარლამენტ აქვას“ ფასნამატი ინვენტარიზაციის შედეგებით შეადგენს 7%-ს. გამომდინარე აქედან გარკვეული კატეგორიის საქონელზე არასამართლიანად გაზრდილია ფასნამატი, რაც იწვევს დასაბეგრი ბაზის არაადეკვატურ ზრდას. შესაბამისად, არ ეთანხმება შემმოწმებლების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას გადამხდელთან ერთად.

- ხარჯები, რომლებიც ერთობლივი შემოსავლიდან არ არის გამოქვითული შემმოწმებლების მიერ წარდგენილ საგადასახადო აქტის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში არ არის გამოქვითული პირის მიერ 2022 წლის მანძილზე ყოველთვიურად დეკლარირებული და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი ხელფასები, რომლებიც ასევე არ იყო პირის მიერ გამოქვითული.

აღნიშნული ინფორმაცია თვალნათლივ ჩანს და ხელმისაწვდომია შემმოწმებლისათვის, კერძოდ გადამხდელის პორტალზე პირდაპირ არის ასახული ინფორმაცია დეკლარირებული ხელფასის შესახებ და მისი არ გათვალისწინება წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის გამოქვითვებში, მიანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ შემმოწმებლის მიერ გადასახადების გაანგარიშება მოხდა ზედაპირულად და უხეში შეცდომებით.

- არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე არასწორად დარიცხული დღგ-სა და სანქციის თანხები შემმოწმებლების მიერ ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილია მეწარმის შემოსავლები, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დღგ, სანქციის თანხასთან ერთად, რაც შემმოწმებლების მხრიდან განხორციელდა მთელი რიგი პროცედურული დარღვევებითა და არასწორი ინტერპრეტაციებით. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში იკითხება, შემმოწმებლების მიერ შემოსავლების განსაზღვრის მიზნით გამოყენებული იქნა, 2.02.2023 წლის ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი, აღნიშნულია, რომ სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი დაყოფილ იქნა 20 კატეგორიად და თითოეულ კატეგორიაზე განისაზღვრა ცალკე ფასნამატი, ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან შემმოწმებლების მიერ მიწოდებული გაანგარიშების მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 20 კატეგორიიდან გაანგარიშებაში მხოლოდ 16 კატეგორიაა მიკუთვნებული სარეალიზაციო საქონელს, დანარჩენი შემმოწმებლების მიერვე მიჩნეულია პარალელურად არსებული სოფლის მეურნეობის საქმიანობისთვის განკუთვნილ საქონლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არასაკმარისი კატეგორიების პირობებში, ისეთი საქონელი, რომლებიც თვისობრივად არ განეკუთვნება ერთი კატეგორიის საქონელს და რომლებზეც ინვენტარიზაციის შედეგებით დაფიქსირებულია რადიკალურად განსხვავებული ფასნამატები დაჯგუფებულია ერთი კატეგორიის მიხედვით, აღნიშნულის ნათელ მაგალითს წარმოადგენს სიგარეტებისა და თამბაქოს შესახვევი ქაღალდების ერთი კატეგორიისთვის მიკუთვნება, შემმოწმებლების მიერ აღნიშნულ კატეგორიაზე განსაზღვრულია 13%, რაც არ ასახავს ობიექტურ რეალობას. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა სიგარეტებს შორის ყველაზე დიდი ხვედრითი წილის მქონე სიგარეტის „პარლამენტ აქვას“ ფასნამატი ინვენტარიზაციის შედეგებით შეადგენს 7%-ს. გამომდინარე აქედან, გარკვეული კატეგორიის საქონელზე არასამართლიანად გაზრდილია ფასნამატი, რაც იწვევს დასაბეგრი ბაზის არაადეკვატურ ზრდას.

ამასთან, გარდა სურსათით ვაჭრობისა ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოყვანას და რეალიზაციას, რისთვისაც ესაჭიროება სხვადასხვა სახის მასალების შეძენა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სურსათით და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობასთან, შემმოწმებლების მიერ მოხდა, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო მასალის, კერძოდ თუნუქის ფირფიტის, სასურსათო საქონლად განხილვა და რეალიზებულად მიჩნევა, რომელიც დღემდე განთავსებულია ი/მ --- ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიაზე.

ამასთან თუნუქის ფირფიტები შეყვანილია სასმელების კატეგორიაში და გავრცელებულია შესაბამისი ფასნამატი, რაც კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, რომ შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებები მომზადებულია უხეში შეცდომებით და მათ მიერ გამოყვანილი ფასნამატი არ შეესაბამება ფაქტობრივ მონაცემებს.

- დამატებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები

შემმოწმებლების მიერ არ მომხდარა დღგ-ის ჩათვლების გაზრდა იმ ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, რომლითაც დღგ გადასახადის გადამხდელის მიერვე არ იყო ჩათვლილი, ვინაიდან გარკვეულ შემთხვევებში გვიან მოხდა ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და დადასტურება. აქტის დანართებიდანაც მარტივად იკითხება, რომ შემმოწმებლების მიერ ჩათვლილია ზუსტად ის დღგ, რაც გადასახადის გადამხდელს თავად ჰქონდა დეკლარირებული. მაშინ როდესაც რეალურად მეწარმე პირს მიღებული ჰქონდა ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ექვემდებარებოდა ჩათვლას და შემმოწმებლის მიერ არ მოხდა მათი გათვალისწინება გადამხდელის მოთხოვნის მიუხედავად. უცნობია თუ რა მიზეზით არ მოახდინა შემმოწმებელმა დამატებით დღგ-ის ჩათვლა, მაშინ როდესაც მიღებული ანგარიშ-ფაქტურების დღგ აკმაყოფილებს კოდექსით განსაზღვრულ ჩათვლის საფუძვლებს.

- არასწორად დარიცხული ქონების გადასახადი და სანქციები

საგადასახადო აქტში იკითხება, რომ შემმოწმებლების მიერ პირისთვის მოხდა ქონების გადასახადის დარიცხვა, თუმცა არ არის ინფორმირებული იმის შესახებ თუ რომელი ქონების დაბეგვრა მოხდა და რა ღირებულებით, როგორ და რა პრინციპით მოახდინა შემმოწმებელმა დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრა. არ იქნა გაგზავნილი არანაირი გაანგარიშების ცხრილები ამასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა საკითხებთან მიმართებაში ამ საკითხთან დაკავშირებითაც შემმოწმებლის მიერ არ მომხდა კომუნიკაცია.

შესაბამისად თვლის, რომ საკითხი საჭიროებს გაცილებით სიღრმისეულად შესწავლად და გავლას გადამხდელთან ერთად.

- არასწორად დარიცხული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი და სანქციები საგადასახადო აქტში იკითხება, რომ შემმოწმებლების მიერ მოხდა მიწისქვეშა მტკნარი წყლებით სარგებლობაზე ლიცენზიის საფუძველზე მოსაკრებლის დარიცხვა. შემმოწმებლები აღნიშნავენ, რომ მიწისქვეშა მტკნარი წყლების ლიცენზიის საფუძველზე 6 თვიანი ინტერვალით უნდა მოეხდინა გაანგარიშების წარდგენა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და ფინანსთა მინისტრის გადასახადების ადმინისტრირების შესახებ №996 ბრძანების მიხედვით, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშება წარედგინება ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და არა 6 თვეში ერთხელ. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შემმოწმებლების მიერ მოსაკრებლის გაანგარიშება მოხდა მთელი რიგი დარღვევებით.

გარდა ამისა შემმოწმებლების მიერ არ მომხდარა არანაირი გაანგარიშების მოწოდება და კომუნიკაცია გადამხდელთან, რომლის მიხედვითაც იქნებოდა შესაძლებელი აღნიშნული დარიცხვის მართლზომიერების დადგენა.

- ჯარიმები

გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და გადამხდელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ითხოვს ზემოთ ხსენებული თანხების მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. სხვა საკითხებზე საბჭოს მოახსენებს დავების განმხილველ სხდომაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხები საჭიროებს გაცილებით სიღრმისეულად შესწავლას, ვინაიდან შემმოწმებლების მიერ არასწორად არის გაანგარიშებული გადასახადი და სანქციის თანხები. ითხოვს დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხების ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20779 ბრძანებით 2022 წლის პროდუქციის (კომბოსტო, პომიდორი) მოსავლიანობასთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ახსნა-განმარტება;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20779 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი 2.06.2026 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ 2022 წელს მიღებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე (პომიდორი, კომბოსტო) გადასახადის გადამხდელი ახსნა-განმარტებაში განმარტავს, რომ 2021 წელს მოაწყო სათბური პომიდორის და კომბოსტოს მოსავლის მისაღებად, უამინდობის და გვალვიანობის (რაც წესით სათბურს არ ეხება) გამო მოსავლიანობა იყო გეგმიურის 50%, რაც საგადასახადო შემოწმებისას უკვე გათვალისწინებულია შესაბამის გაანგარიშებაში და ასახულია საგადასახადო შემოწმების შედეგებში. ასევე აღნიშნავს, რომ სათბურში ხდებოდა ორ ეტაპად მოსავლის მიღება. 2022 წელს გადასახადის გადამხდელმა წარმოების გაფართოების მიზნით, გარდა არსებული მიწის ნაკვეთებისა და არსებული სათბურის, ასევე დაიმატა ჯამში 5 ჰექტარი მიწა პროდუქციის მისაღებად. ახსნა-განმარტებაში გადამხდელი წერს, რომ აწარმოა კომბოსტოს და პომიდვრის მოსავლის მოყვანა. საუბარია არსებულ სათბურში წარმოებაზე. მისივე აღნიშვნით არსებული პროდუქცია თითქმის გაუნადგურდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით არ არსებობს დოკუმენტი, შესაბამისად, 2022 წლის მოსავლის გაანგარიშებაში შემოწმების შედეგად გათვალისწინებულია წინა წლის მონაცემი, განახევრებული პომიდვრის და კომბოსტოს მოსავალი. სოფლის მეურნეობის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულია მხოლოდ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, მის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება იმავე საქმიანობაზე გაწეულ ხარჯებს. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი (გარდა ახსნაგანმარტებისა) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება (შემცირება) აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა.

მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი საკითხები, რაც შემოსავლების სამსახურის (24.09.2025 წლის №20779) ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის, ხოლო დანარჩენი არგუმენტები წარმოდგენილი აქვს იგივე სახით, რაზეც შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20779 ბრძანებით ნამსჯელია და გადაწყვეტილება მიღებულია საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, რომლის აღსრულების შედეგები (გამოცემული აქტები) სადავოა წარმოდგენილი განსახილველი საჩივრით.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. დღეის მდგომარეობითაც გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და არგუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20779 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20779 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20779 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი 2.06.2026 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ 2022 წელს მიღებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე (პომიდორი, კომბოსტო) გადასახადის გადამხდელი ახსნა-განმარტებაში განმარტავს, რომ 2021 წელს მოაწყო სათბური პომიდორის და კომბოსტოს მოსავლის მისაღებად, უამინდობის და გვალვიანობის (რაც წესით სათბურს არ ეხება) გამო მოსავლიანობა იყო გეგმიურის 50%, რაც საგადასახადო შემოწმებისას უკვე გათვალისწინებულია შესაბამის გაანგარიშებაში და ასახულია საგადასახადო შემოწმების შედეგებში. ასევე აღნიშნავს, რომ სათბურში ხდებოდა ორ ეტაპად მოსავლის მიღება. 2022 წელს გადასახადის გადამხდელმა წარმოების გაფართოების მიზნით, გარდა არსებული მიწის ნაკვეთებისა და არსებული სათბურის, ასევე დაიმატა ჯამში 5 ჰექტარი მიწა პროდუქციის მისაღებად. ახსნა-განმარტებაში გადამხდელი წერს, რომ აწარმოა კომბოსტოს და პომიდვრის მოსავლის მოყვანა. საუბარია არსებულ სათბურში წარმოებაზე. მისივე აღნიშვნით არსებული პროდუქცია თითქმის გაუნადგურდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით არ არსებობს დოკუმენტი, შესაბამისად, 2022 წლის მოსავლის გაანგარიშებაში შემოწმების შედეგად გათვალისწინებულია წინა წლის მონაცემი, განახევრებული პომიდვრის და კომბოსტოს მოსავალი. სოფლის მეურნეობის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულია მხოლოდ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, მის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება იმავე საქმიანობაზე გაწეულ ხარჯებს. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი (გარდა ახსნაგანმარტებისა) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება (შემცირება) აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. დღეის მდგომარეობითაც გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და არგუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20779 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 304 21.