გადაწყვეტილება №20548/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2023
№ დოკუმენტი 20548/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20548/2/2023

20 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 11.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20548/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №024-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16910 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 157 473 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 101 355

დღგ - 4 538

საშემოსავლო გადასახადი - 96 817

ჯარიმა - 50 778

საურავი - 5 340

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 9.02.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №024-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16910 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 26.02.2019 წელს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს შესყიდული სმფ-ები და ახორციელებდა არსებული ხილ-ბოსტნეულის ნაშთის რეალიზაციას. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წერილობით წარმოადგინა დებიტორულკრედიტორულ დავალიანებისა და საქონლის ნაშთზე ინფორმაცია. შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებულ მონაცემებსა და დოკუმენტურად რეალიზებულ საქონლის ღირებულებას შორის სხვაობა მიჩნეულ იქნა საცალო რეალიზაციად და აღნიშნული დადებითი სხვაობით კორექტირებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდი არ არის გამოყენებული და შესაბამისად, არც საქონელზე გავრცელებულა ფასნამატი. შემოწმების მიერ, საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებულ მონაცემებსა და დოკუმენტურად რეალიზებულ საქონლის ღირებულებას შორის სხვაობა მიჩნეულ იქნა საცალო რეალიზაციად, გამოვლენილი დადებითი სხვაობით კორექტირებულ იქნა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს, რომ შემმოწმებელმა შეძენილი ხილ-ბოსტანი ჩაუთვალა სრულად რეალიზებულად და ამასთან, გაუვრცელა 36-40%-იანი ფასნამატი. 2020 წლის თებერვალში ჩააბარა დეკლარაცია. დაუკავშირდნენ საგადასახადო ორგანოდან, რის შემდგომაც არსებული ნაშთი აღიარა 12.12.2021 წელს. საწარმო არ ფუნქციონირებდა 1 წლის განმავლობაში. შემმოწმებელმა მოსთხოვა ფულის მოძრაობის შედარების აქტი, რომ დაარიცხა დეკლარაციით 100 000 ლარის. ასევე, ხელის მოწერა მოთხოვა აუდიტორმა.

მომჩივანი მიუთითებს, რომ ის პირი, ვისგანაც საქონელი შეიძინა, გარდაიცვალა და შესაბამისად, სწორედ ამიტომ ვერ წარმოადგინა შეძენის დამდასტურებელი დოკუმენტაცია. სხვა დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა კი გამოწვეულია მისი არცოდნით და მოთხოვნის შემთხვევაში, შეუძლია დოკუმენტების წარმოდგენა.

გაუქმებულ უნდა იქნას აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №024-13 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

აუდიტის დეპარტამენტის 15.08.2023 წლის №---------- წერილში მითითებულია, რომ შემოწმების დროს არ ყოფილა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი და ფასნამატის გავრცელება საქონლის ნაწილში, როგორც გადასახადის გადამხდელი აფიქსირებს პოზიციას წარმოდგენილ საჩივარში. დღგ-ის ნაწილში დარიცხვა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გადასახადის გადამხდელს გარდა დოკუმენტურ რეალიზაციისა დაფიქსირებული აქვს სალაროს მეშვეობით ფულის მიღების ფაქტი და აღნიშნულთან დაკავშირებით არ აქვს წარმოდგენილი პოზიცია (წარმოშობის შესახებ). შესაბამისად შემოწმებით, საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებულ მონაცემებსა და დოკუმენტურად რეალიზებულ საქონლის ღირებულებას შორის სხვაობა მიჩნეულ იქნა საცალო რეალიზაციად და აღნიშნული დადებითი სხვაობით კორექტირებულ იქნა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების მიერ პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, საკონტროლო-სალარო აპარატისა და დეკლარირებული (დღგ-ის) მონაცემების გათვალისწინებით რეალიზებული საქონლიდან გამომდინარე შესამოწმებელ პერიოდში განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციით დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ წერილობით მოწოდებული (დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანება და სალაროს ნაშთი) ინფორმაციის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოწმებით პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, საკონტროლო სალარო აპარატისა და დეკლარირებული (დღგ) მონაცემების გათვალისწინებით რეალიზებული საქონლიდან გამომდინარე შესამოწმებელ პერიოდში განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციით დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა გადამხდელის მიერ წერილობით მოწოდებული (დებიტორულკრედიტორულ დავალიანება და სალაროს ნაშთი) ინფორმაციის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის არგუმენტაციის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს, რომ შემოწმებით პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, საკონტროლო სალარო აპარატისა და დეკლარირებული (დღგ-ის) მონაცემების გათვალისწინებით რეალიზებული საქონლიდან გამომდინარე შესამოწმებელ პერიოდში განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციით დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა, გადასახადის გადამხდელის მიერ წერილობით მოწოდებული (დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანება და სალაროს ნაშთი) ინფორმაციის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. აუდიტის დეპარტამენტის წერილში მითითებულია, რომ შემოწმების დროს არ ყოფილა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი და ფასნამატის გავრცელება საქონლის ნაწილში, როგორც გადასახადის გადამხდელი აფიქსირებს პოზიციას წარმოდგენილ საჩივარში. დღგ-ის ნაწილში დარიცხვა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გადასახადის გადამხდელს გარდა დოკუმენტურ რეალიზაციისა დაფიქსირებული აქვს სალაროს მეშვეობით ფულის მიღების ფაქტი და აღნიშნულთან დაკავშირებით არ აქვს წარმოდგენილი პოზიცია (წარმოშობის შესახებ). შესაბამისად შემოწმებით, საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებულ მონაცემებსა და დოკუმენტურად რეალიზებულ საქონლის ღირებულებას შორის სხვაობა მიჩნეულ იქნა საცალო რეალიზაციად და აღნიშნული დადებითი სხვაობით კორექტირებულ იქნა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.

2. შემოწმებით პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, საკონტროლო სალარო აპარატისა და დეკლარირებული (დღგ-ის) მონაცემების გათვალისწინებით რეალიზებული საქონლიდან გამომდინარე შესამოწმებელ პერიოდში განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციით დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა, გადასახადის გადამხდელის მიერ წერილობით მოწოდებული (დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანება და სალაროს ნაშთი) ინფორმაციის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275.

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)