ბრძანება N 18948
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18948
21 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 29 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „-------“(ს/ნ -------) 2026 წლის 29 ივლისის №103719/1/2026 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 ივნისის №006-261 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ 33 350 კგ იმპორტირებული პომიდვრის რეალიზებულად ჩათვლას და მასზე საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასის გავრცელებას. განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული პომიდორი რეალიზდა არაშესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2026 წლის მარტის თვის განმავლობაში. მიუთითებს, რომ პროდუქცია იყო დაბალი ხარისხის, რის გამოც იმპორტირებული პომიდვრის მთლიანი მოცულობის მხოლოდ 40% რეალიზდა „-------“ სუპერმარკეტების ქსელში, სადაც საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი შეადგენდა 4.35 ლარს (დღგის გარეშე), ხოლო დარჩენილი 60%, მაღალი წუნდების ხარისხიდან გამომდინარე, რეალიზდა საშუალო შეწონილი ფასით (1.82 ლარი) საბითუმო ბაზარში მოვაჭრეებზე ეტაპობრივი ანგარიშსწორების პირობით. აღნიშნავს, რომ ბაზრის მოვაჭრეების უმეტესობა თავს არიდებს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, შესაბამისად, კომპანიას არ გააჩნია მათზე საქონლის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, რეალიზაციის პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატზე ფიქსირდებოდა ტექნიკური ხარვეზი, ამიტომ ბუღალტერიას არ ჰქონდა სრული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მარტის რეალიზაციის სრულად დეკლარირება. მას შემდეგ რაც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდა საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები, გადამხდელმა 2026 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახა 71 702 ლარის ოდენობის რეალიზაცია. აცხადებს, რომ პროდუქციის ნაწილი რეალიზდა, ხოლო ნაწილი გაფუჭდა. ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების გამო კომპანიამ 2026 წლის თებერვლის თვეში შეწყვიტა თურქმენეთიდან პომიდვრის იმპორტი. იმის გათვალისწინებით, რომ პომიდორი რეალიზებულია 2026 წლის მარტის თვეში, ხოლო ინვენტარიზაცია ჩატარდა აპრილის თვეში, მარტში რეალიზებული პროდუქციის აპრილის ინვენტარიზაციის ნაშთში არყოფნა ბუნებრივი შედეგია. თუმცა ნაშთის არარსებობა ვერ განსაზღვრავს ვერც რეალიზაციის პერიოდს და ვერც მის რეალურ ფასს. გადამხდელს საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი აქვს მომწოდებლების მიერ გაცემული კრედიტ-ნოტები, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები და ურთიერთშედარების აქტები, რომლებითაც დასტურდება საქონლის ფაქტობრივ რეალიზაციასთან დაკავშირებული გარემოებები. გადამხდელს მიაჩნია, რომ აღნიშნული ოპერაცია ხელახლა უნდა შეფასდეს რეალიზაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე და ითხოვს გაუქმდეს საშუალო შეწონილი ფასით დარიცხული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 აპრილის №7601 და 27 მაისის №11608 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2026 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 30 ივნისის №14479 ბრძანება და ამავე თარიღის №006-261 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 79 726 ლარი, მათ შორის, გადასახადი 52 183 ლარი, ჯარიმა 25 938 ლარი, საურავი 1 605 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელმა ითანამშრომლა შემოწმებასთან და წარადგინა საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ასევე, მოთხოვნილი ახსნა-განმარტებები, საბუღალტრო პროგრამა, ინვოისები და სხვა რიგი დოკუმენტაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამხდელთან 2026 წლის 24 აპრილს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღწერა. შემოწმებით მიღებული ინფორმაციების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და ინვენტარიზაციის შედეგების გამოყენებით გამოვლინდა დამატებით დასაბეგრი ოპერაციები, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საქონლის და რაოდენობის ჭრილში, შესაბამისად, თვალსაჩინოა თითოეული ოპერაციის პერიოდი და შინაარსი. სარელიზაციო ფასნამატი შეადგენს 25-26% (სხვადასხვა საქონლის ფასნამატი განსხვავებულია). საქონლის რაოდენობრივი შესწავლის მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ არ არის ჩამოწერილი და არც ფაქტობრივი აღწერით ფიქსირდება 33 350 კგ იმპორტირებული პომიდორი. აღნიშნული პომიდორი შემოწმებით ჩაითვალა ადგილობრივად რეალიზებულად და გავრცელდა საშუალო შეწონილი, დოკუმენტური ერთეულის სარეალიზაციო ფასი 3.27 ლარი (დღგ-ის გარეშე). შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, 2023 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში გამორჩენილია 2 500 ლარიანი ჩეკით რეალიზაცია.
ამასთან, შემოწმების შედეგად დადგენილი დამატებით მიღებული ფულადი სახსრები 128 684 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 24 აპრილს ჩატარდა კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღწერა. შემოწმებით მიღებული ინფორმაციების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და ინვენტარიზაციის შედეგების გამოყენებით გამოვლინდა დამატებით დასაბეგრი ოპერაციები. კერძოდ, საქონლის რაოდენობრივი შესწავლის მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ არ არის ჩამოწერილი და არც ფაქტობრივი აღწერით ფიქსირდება 33 350 კგ იმპორტირებული პომიდორი. აღნიშნული პომიდორი შემოწმებით ჩაითვალა ადგილობრივად რეალიზებულად და გავრცელდა საშუალო შეწონილი, დოკუმენტური ერთეულის სარეალიზაციო ფასი 3.27 ლარი (დღგ-ის გარეშე). შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოწმების შედეგად დადგენილი დამატებით მიღებული ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარატმენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დგინდება თუ რა რაოდენობის, სახეობისა და ღირებულების საქონელი იქნა რეალიზებული, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ მოცემული დოკუმენტები არ იწვევს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ 33 350 კგ იმპორტირებული პომიდვრის ადგილობრივად რეალიზებულად განხილვა და საშუალო შეწონილი, დოკუმენტური ერთეულის სარეალიზაციო ფასის გავრცელება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ იმპორტირებული პომიდვრის რეალიზებულად ჩათვლას და მასზე საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასის გავრცელებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 24 აპრილს ჩატარდა კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღწერა. შემოწმებით მიღებული ინფორმაციების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და ინვენტარიზაციის შედეგების გამოყენებით გამოვლინდა დამატებით დასაბეგრი ოპერაციები. კერძოდ, საქონლის რაოდენობრივი შესწავლის მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ არ არის ჩამოწერილი და არც ფაქტობრივი აღწერით ფიქსირდება 33 350 კგ იმპორტირებული პომიდორი. აღნიშნული პომიდორი შემოწმებით ჩაითვალა ადგილობრივად რეალიზებულად და გავრცელდა საშუალო შეწონილი, დოკუმენტური ერთეულის სარეალიზაციო ფასი 3.27 ლარი (დღგ-ის გარეშე). შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოწმების შედეგად დადგენილი დამატებით მიღებული ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164