ბრძანება N 3238

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.02.2026
№ დოკუმენტი 3238
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3238

13 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 17 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა ი/მ ------ (ს/ნ ------) 2026 წლის 17 იანვრის №100050/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 დეკემბრის №006-523 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სარგებლობდა მცირე ბიზნესის სტატუსით და კეთილსინდისიერად ასრულებდა აღნიშნული სტატუსით დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის 100 000 ლარიანი ზღვარის შესახებ, შესაბამისად ვერ დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. მიუთითებს, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს და სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის №22119 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 11 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 15 დეკემბრის №27500 ბრძანება და ამავე თარიღის №006-523 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 61 248 ლარი, მათ შორის, გადასახადი 35 263 ლარი, ჯარიმა 9 960 ლარი, საურავი 16 025 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

2022 წლის საანგარიშო პერიოდიდან ი/მ ----- საქმიანობას შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემაში არსებული მონაცემებისა და წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების მიხედვით წარმოადგენს კომპიუტერების მეშვეობით ვიდეო თამაშების ოპერირება, ეგრეთ წოდებული -----, ქალაქ ----- 2022 წლის პირველი ნოემბრიდან მეწარმეს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დამუშავდა ი/მ ------ მიერ შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლოსალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ოპერაციები, აგრეთვე მეწარმის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერებში არსებული ინფორმაცია. დღეის მდგომარეობით, მეწარმე არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოგზავნილი საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე დადგენილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 340 384 ლარი, დღგ-ის ჩათვლით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 15 ოქტომბერი. ვინაიდან 2024 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მეწარმის დასაბეგრი ბრუნვა არ აღემატებოდა 100 000 ლარს, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის რეგისტრაცია გაუუქმდა 2024 წლის პირველი მაისიდან. შემოწმების მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში დადგენილი ბრუნვა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ი/მ ----- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად შემოწმების მიერ განესაზღვრა 2022 წლის 15 ოქტომბერი. მეწარმეს მიღებული აქვს დადასტურებული სტატუსის მქონე ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დღგ-ის თანხით 595 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით დადასტურებული სტატუსის მქონე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომელთა დაკავშირებაც მოხდა ეკონომიკურ საქმიანობასთან, მეწარმეს შეუმცირდა გადასახდელი დღგ-ის თანხა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----- (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2022 წლის საანგარიშო პერიოდიდან ი/მ საქმიანობას წარმოადგენს კომპიუტერების მეშვეობით ვიდეო თამაშების ოპერირება.2022 წლის პირველი ნოემბრიდან მეწარმეს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. დღეის მდგომარეობით, მეწარმე არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. დადგენილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 340 384 ლარი, დღგ-ის ჩათვლით. შემოწმების მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 15 ოქტომბერი. გადასახადის გადამხდელს დღგ-ის რეგისტრაცია გაუუქმდა 2024 წლის პირველი მაისიდან. შემოწმების მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში დადგენილი ბრუნვა, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა..

ი/მ-ეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად შემოწმების მიერ განესაზღვრა 2022 წლის 15 ოქტომბერი. მეწარმეს მიღებული აქვს დადასტურებული სტატუსის მქონე ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. დადასტურებული სტატუსის მქონე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომელთა დაკავშირებაც მოხდა ეკონომიკურ საქმიანობასთან, მეწარმეს შეუმცირდა გადასახდელი დღგ-ის თანხა.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:270;272;282;