ბრძანება N 25595
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25595
20 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------------ის (ს/ნ ----------------)
(ფაქტ. მის.: --------------------------;
იურ. მის.: ----------------------------)
2025 წლის 6 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა ი/მ ------------ის (ს/ნ ----------------) 2025 წლის 6 ნოემბრის №-----/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 დეკემბრის №067-24 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ითხოვს დავის დაწყებას. აცხადებს, რომ 2025 წლის 3 ნოემბერს განცხადებით მიმართა საგამოძიებო სამსახურს, რომლის პასუხადაც მიიღო წერილი სადაც მითითებულია, რომ საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში ნამდვილად მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №--- საქმეზე, შპს „---“-ის ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე და ამ საქმეზე 2024 წლის 6 და 15 აგვისტოს მოწმის სახით გამოიკითხა ი/მ -----ი, რაზეც საქმის მასალები, მათ შორის ი/მ----ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი გადაეგზავნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს. განმარტავს, რომ გამოკითხვის ფარგლებში ი/მ -----მა გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და განუმარტა, რომ მითითებული კომპანიის წარმომადგენლებს არც კი იცნობს. საგულისხმოა, რომ ის არასოდეს ვაჭრობდა სოფლის მეურნეობის პროდუქციით. აღნიშნული კი უდავოდ ადასტურებს იმას, რომ შპს „----“ აყალბებდა შესყიდვის აქტებს. მიუთითებს, რომ მისთვის უცნობია საიდან მოიპოვა შპს „----“-მა მისი პერსონალური მონაცემები.
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შპს „-----“-ის ხელმძღვანელ პირთა მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში არსებობს კომპანიის ხელმძღვანელი პირების აღიარებითი ჩვენებები, რომლებიც საგადასახადო მოთხოვნის გამოცემიდან ერთი წლის შემდეგ გაეგზავნა შემოსავლების სამსახურს. ამასთან, განმარტავს, რომ ი/მ -----ი მოწმის სახით დაიკითხა 2024 წლის აგვისტოში, ხოლო საგადასახადო მოთხოვნა გამოიცა 2023 წლის დეკემბერში. შესაბამისად,მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტები წარმოადგენს ობიექტურად ახალ გარემოებას, რადგან აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის მომენტში არ იყო ცნობილი და უშუალო გავლენას ახდენს გადასახადის დარიცხვის კანონიერებაზე. მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე საქმის ხელახლა განხილვისას გადასახადის გადამხდელს ეკისრება მტკიცების ტვირთი გარემოების არსებობაზე, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანომ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს გარემოებები არ ცვლის საქმის შედეგს. მიიჩნევს რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების მეშვეობით მასზე არსებული მტკიცების ტვირთი შესრულებული აქვს.
გადასახადის გადამხდელი აპელირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით განსაზღვრულ საგადასახადო სამართალდარღვევისა და პასუხისმგებლობის ზოგად პრინციპებზე და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამედ მსხვერპლია სხვის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე, უთითებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც ყალბი ან/და არასწორი დოკუმენტების გამოყენება გადასახადის დარიცხვისას წარმოადგენს ისეთ სამართლებრივ ხარვეზს, რაც აღარ იძლევა აქტის კანონიერად აღიარების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს დავის დაწყებას და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 დეკემბრის №30219 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------------ის (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „----“-სთვის (ს/ნ ------) სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 6 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 8 დეკემბრის №30870 ბრძანება და ამავე თარიღის №067-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 23 970 ლარი, მათ შორის, გადასახადი 17 261 ლარი, ჯარიმა 4 932 ლარი, საურავი 1 777 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები/სანქცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით აღიარა გადასახადის გადამხდელმა და ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით მინიჭებული უფლებით.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ -------ს 2022 წელს უფიქსირდებოდა შპს „-----“-სთვის სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება. მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 246 585 ლარი. ვინაიდან მეწარმის მიერ მიწოდებული პროდუქცია აღნიშნულ პერიოდებში აღემატებოდა 200 000 ლარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმებით მის მიერ მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა წლიური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმებას არ მოეპოვებოდა საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სასაქონლო ზედნადები ან/და სხვა პირველადი დოკუმენტი) ხარჯების გაანგარიშებისთვის გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებული იქნა 25%-იანი რენტაბელობით. შესაბამისად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად:
6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
მომჩივანს ახლად აღმოჩენილ (გამოვლენილ) გარემოებად მიაჩნია, შპს „-----“-ის ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) სისხლის სამართლის №----- საქმეზე მიმდინარე გამოძიება, რომლის შესახებ შეიტყო 2024 წლის აგვისტოში, მას შემდეგ რაც მოწმის სახით იქნა გამოკითხული.
მომჩივანს საჩივრისთვის დართული აქვს საგამოძიებო სამსახურის 2025 წლის 3 ნოემბრის №----/15-04-01 წერილი, საიდანაც დასტურდება, რომ საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში ნამდვილად მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №------ საქმეზე, შპს „----“-ის ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე და ამ საქმეზე 2024 წლის 6 და 15 აგვისტოს მოწმის სახით გამოიკითხა -----ი, რაზეც საქმის მასალები, მათ შორის ----ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი გადაეგზავნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგამოძიებო სამსახურიდან მიიღეს ინფორმაცია -----ის გამოკითხვის თაობაზე, მათ შორის გამოკითხვის ოქმები, რომლის თანახმადაც გამოკითხვისას ------მა განმარტა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენდა ცოცხების შეძენა-რეალიზაცია. გარდა ცოცხებისა, ასევე ვაჭრობდა სოფლის მეურნეობის პროდუქციით, კერძოდ, თავის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე პერიოდულად მოჰყავდა ნიორი, ლობიო და საზამთრო,რომლის რეალიზაციასაც ძირითადად ახდენდა დეზერტირების ბაზარში. ასევე მიუთითა, რომ შპს „----“-თან არ ჰქონია არავითარი კავშირი და მისთვის არასოდეს მიუწოდებია პროდუქცია, მათ შორის არც სოფლის მეურნეობის. განმარტა, რომ მისი პერსონალური მონაცემები შპს „-----“-მა მოიპოვა უკანონოდ, კერძოდ, დეზერტირების ბაზარში არსებულ საწყობში, რომელიც მან გადასცა იქვე მომუშავე პირს სასაქონლო ზედნადების გამოსაწერად და შემდეგ გამოიყენა ბოროტად თავისი მიზნებისთვის.
შემდგომ, როდესაც დაუკავშირდა შპს „----“-ის წარმომადგენელს მან შესთავაზა, თუ არ უარყოფდა პროდუქციის მიწოდების ფაქტს კომპანიისთვის ის გაუსაჩივრებდა 2023 წლის 8 დეკემბრის №067-24 საგადასახადო მოთხოვნას, რისთვისაც საჭირო იყო მინდობილობა მიეცა კომპანიის წარმომადგენლისთვის. თუმცა, ვინაიდან მომჩივანი ხშირად ღებულობდა მონაწილეობას სხვადასხვა ქალაქების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შემოსავლების სამსახურს 2024 წლის 12 იანვარს მიმართა განცხადებით და აღიარა საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით მინიჭებული შესაძლებლობით და შეიმცირა ჯარიმის ნახევარი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც იდენტურ შემთხვევებზე გამოძიებით დადგენილმა გარემოებებმა იქონია გავლენა გადამხდელისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებაზე. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ------ის „დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმებში“ ასახული ინფორმაცია წარმოადგენს ისეთ გარემოებას/მტკიცებულებას, რაც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია ახლად გამოვლენილი გარემოებებით დავის დაწყება, ვინაიდან საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ------ის „დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმებში“ ასახული ინფორმაცია წარმოადგენს ისეთ გარემოებას/მტკიცებულებას, რაც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ამდენად, წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიცაზე, რომლის მიხედვითაც შპს „-----“-თან არ ჰქონია არავითარი კავშირი და მისთვის არასოდეს მიუწოდებია პროდუქცია, მათ შორის არც სოფლის მეურნეობის. განმარტავს, რომ შესყიდვის აქტები გაყალბებულია შპს „----“-ის მიერ და მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი მსხვერპლია სხვის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის.
ასევე, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2025 წლის 3 ნოემბრის №----/15-04-01 წერილი, საიდანაც დასტურდება, რომ საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში ნამდვილად მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №---- საქმეზე, შპს „----“-ის ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე და ამ საქმეზე 2024 წლის 6 და 15 აგვისტოს მოწმის სახით გამოიკითხა ------ი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და 301-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------------ის (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს დავის დაწყებას და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №30219 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №30870 ბრძანება და №067-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 23 970 ლარი, მათ შორის, გადასახადი 17 261 ლარი, ჯარიმა 4 932 ლარი, საურავი 1 777 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები/სანქცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით აღიარა გადასახადის გადამხდელმა და ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით მინიჭებული უფლებით.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევ, რომ მომჩივანს 2022 წელს უფიქსირდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება. მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 246 585 ლარი. ვინაიდან მეწარმის მიერ მიწოდებული პროდუქცია აღნიშნულ პერიოდებში აღემატებოდა 200 000 ლარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმებით მის მიერ მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა წლიური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმებას არ მოეპოვებოდა საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სასაქონლო ზედნადები ან/და სხვა პირველადი დოკუმენტი) ხარჯების გაანგარიშებისთვის გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებული იქნა 25%-იანი რენტაბელობით. შესაბამისად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 79(„ა“); 80(1); 81(1); 82(1„ლ“); 100(1); 102(1 „ა“); 105(1); 106(1 „ა“); 299(6.7);