გადაწყვეტილება №22367/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.06.2024
№ დოკუმენტი 22367/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22367/2/2024

20 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 25.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22367/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2023 წლის №042-30 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1536 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 858 048 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - (- 13 154)

დღგ - (- 4 986)

საშემოსავლო გადასახადი - (- 8 168)

ჯარიმა - 871 202

საურავი - 0

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმის - ძირითადად სიგარეტების საბითუმო რეალიზაცია. საწარმო რეგისტრირებულია 29.07.2020 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 24.09.2020 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 29.07.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი.

აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №1606 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 22.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით მომჩივანს დაერიცხა სულ - 496 285 ლარი (გადასახადი - 332 088 ლარი, ჯარიმა 164 197 ლარი), მათ შორის გადასახადების მიხედვით:

1. დღგ - სულ 385 663 ლარი, მათ შორის გადასახადი 258 340 ლარი, ხოლო ჯარიმა 127 323 ლარი;

2. საშემოსავლო გადასახადი - სულ 110 622 ლარი, მათ შორის გადასახადი - 73 748 ლარი, ხოლო ჯარიმა - 36 874 ლარი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 28.09.2023 წლის წერილის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტში გამოიგზავნა დადგენილება შპს „----------“ კამერალური რევიზიის დანიშვნის შესახებ. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, შპს „----------“ მიერ სხვადასხვა პირებზე მოხდა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. 11.10.2023 წელს აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა სასამართლოს შპს „----------“ კამერალური საგადასახადო შემოწმების ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით. ---------- რაიონული სასამართლოს 3.11.2023 წლის განჩინებით აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა შპს „----------“ საქმიანობის ხელახალი საგადასახადო შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებით. 15.11.2023 წლის №28164 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „----------“ ხელახალი საგადასახადო შემოწმება.

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით საწარმოს უფიქსირდება ერთი სალარო აპარატი (----------, ----------). გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა, არ აწარმოებს საქონლის რაოდენობრივ აღრიცხვას. დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ნაშთები და სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ბოლოს არ გააჩნია. საწარმოს მიერ არ ხორციელდება საქონლის სსკ-ით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. საწარმოს მიერ არ არის დაცული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მოთხოვნები (ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის სწორად და სრულად აღრიცხვა) და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალითწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დამუშავდა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული შესყიდვები და დოკუმენტური რეალიზაციები. შედეგად, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა 29 ჯგუფად (65 ქვეკატეგორია) და თითოეულ ჯგუფის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი წლის იდენტიფიცირებული დოკუმენტური ფასნამატი. 2022 წელს სიგარეტების გარდა სხვა საქონელზე (სიგარეტის გილზა, სიგარეტის ქაღალდი, თამბაქო და სხვა) გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი 11,6%-ის ოდენობით (რადგან დოკუმენტური ფასნამატი ამ ნაწილში ვერ დაიდენტიფიცირდა). ფასნამატის ხელახალი გაანგარიშებისას და შესაბამისად შემოსავლის დათვლისას შემოწმების მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი შპს „----------“ მიერ გამოწერილი ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. 2020 წლის საშუალო დოკუმენტური ფასნამატია - 1,28%; 2021 წ. – 1,77%; 2022 წ. – 2,68%, ხოლო 2020 წლის საანგარიშო პერიოდის მხოლოდ სიგარეტების საშუალო დოკუმენტური ფასნამატია - 1,2%; 2021 წლის - 1,76%; 2022 წლის - 2,67%.

სმფ-ების საწყის და საბოლოო მარაგებში საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განსაზღვრულ იქნა შესაბამის საანგარიშო პერიოდში მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენაში. გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთი 94 500 ლარია, ხოლო 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოს - 35 690 ლარი. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მიხედვით ფიქსირდება დოკუმენტური შესყიდვები 2020 წელს დღგ-ის გარეშე - 806 457 ლარი, 2021 წელს - 3 881 420 ლარი, 2022 წელს - 490 970 ლარი. ჯამში სულ - 5 178 847 ლარის ოდენობით. 2023 წლის 31 იანვრის №1480 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ სმფ-ების ინვენტარიზაცია, შემოწმების მიერ დადგენილ იქნა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ფასით 50 726 ლარი, ხოლო თვითღირებულებით 41 681 ლარის ოდენობით (ინვენტარიზაციით გამოვლენილი ფასნამატია 3,13%). ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე შემოწმებით გამოვლენილი წლიური საშუალო ფასნამატების (2020 წ. – 1,41%; 2021 წ. – 1,65%; 2022 წ. – 3,22 %) გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის იანვრის თვეში დაადეკლარირა 455 600 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (სმფების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღის შემდგომ პერიოდში) აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ 2022 წლის ბოლოს სმფ-ების თვითღირებულების განსასაზღვრად გადამხდელის მიერ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა მხედველობაში არ მიიღო, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა სსა-ში 2023 წლის იანვრის თვეში დაფიქსირებული თანხები.

ამასთან, წინა საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმების მიერ 2020 წელს არაპირდაპირად დათვლილი შემოსავლები შეპირისპირებულ იქნა სსა-ში დაფიქსირებულ მონაცემებთან 24.09.2020 წლამდე, ხოლო შემდგომ პერიოდში დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებთან და 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ის რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 17.09.2020 წელი, ნაცვლად 24.09.2020 წლისა. საწარმოს 17.09.2020 წლიდან 24.09.2020 წლამდე აღნიშნულ ნაწილში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გამოუვლინდა 46 177 ლარი, შესაბამისად დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხის 5 პროცენტის ოდენობით 2 309 ლარის ოდენობით. ჯამში წინა საგადასახადო შემოწმების აქტთან მიმართებაში დღგ-ში გადასახადი შემცირდა 4 986 ლარით, ხოლო ჯარიმა - 2 498 ლარით.

შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ ხელახლა განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდების ბოლოს არ გააჩნია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები, ასევე არ მომხდარა საწარმოში კაპიტალის შეტანა/გატანა. ასევე გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, საბანკო ამონაწერში არსებული საწყისი და საბოლოო ფულის ნაშთები, შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი/უკან დაბრუნებული გადასახადები. 2023 წლის 31 იანვრის №486 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 1 თებერვალს მომჩივნის კუთვნილ ობიექტში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი გამოვლინდა 3 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გონივრულ ნაშთად იქნა მიჩნეული და გათვალისწინებული შემოწმების მიერ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის დროს. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულადი ნაშთის ოდენობამ შეადგინა 2021 წლის ბოლოს 284 213 ლარი (227 371/0,8), ხოლო 2022 წლის ბოლოს 43 684 ლარი (37 947/0,8), რომელიც შესაბამისი პერიოდების მიხედვით დირექტორზე - ---------- (პ/ნ ----------) საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად. ჯამში წინა საგადასახადო შემოწმების აქტთან მიმართებაში ძირითადი თანხა შემცირდა 8 168 ლარით, ხოლო ჯარიმა - 4 084 ლარით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2023 წლის №042-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1536 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, 159-ე, 164-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე მართლზომიერად იქნა გამოყენებული შესაბამისი წლის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2022 წელს სიგარეტების გარდა სხვა საქონელზე (სიგარეტის გილზა, სიგარეტის ქაღალდი, თამბაქო და სხვა) სადაც ვერ დაიდენტიფიცირდა დოკუმენტური ფასნამატი ინვენტარიზაციის ფასნამატი. ასევე ფასნამატის ხელახალი გაანგარიშებისას და შესაბამისად შემოსავლის დათვლისას შემოწმების მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი შპს „----------“ მიერ გამოწერილი ყალბი ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აგრეთვე, შემოწმების მიერ 2022 წლის ბოლოს სმფ-ების თვითღირებულების განსასაზღვრად გადამხდელის მიერ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა (სმფ-ების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღის შემდგომ პერიოდში) არ იქნა მხედველობაში მიღებული და მართლზომიერად იქნა გათვალისწინებული საკონტროლო სალარო აპარატში 2023 წლის იანვრის თვეში დაფიქსირებული თანხები.

შედეგად, შემოწმების მიერ ხელახლა განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალის შესაბამისად, წინა საგადასახადო შემოწმების აქტთან მიმართებაში დღგ შემცირდა 4 986 ლარით, საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 8 168 ლარით, ხოლო ჯარიმა 6 582 (2 498 + 4 084) ლარით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით. ვინაიდან გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი და შემოსავლების დადგენა მოხდა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატით, რომელსაც არ ვეთანხმებით, ვინაიდან აღნიშნულ საქმიანობაში მარჟა არის 1,5%-დან 2%-მდე.

ასევე, არ მომხდარა წინა აქტის ჯარიმების კორექტირება, ასევე 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილ იქნა დღგ-ის დეკლარაცია, უკვე შემოწმება დაწყებული იყო, სადაც გადასახდელმა დღგ-მა შეადგინა 72 652 ლარი, აუდიტი მოიცავდა 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდს (ინვენტარიზაციის ჩასატარებელი პერიოდი მოიცავდა იანვრის თვეს). აღნიშნული დღგ-ის თანხა არ არის გათვალისწინებული შემოწმებისას და ვერც შემდეგ დაზუსტდა, ვინაიდან 2-ჯერ მონაწილეობს დარიცხვაში, გატარებულია ბარათზე და ზის დავალიანებაში და არ არის შემოწმების მიერ გათვალისწინებული.

მომჩივანი ითხოვს მიეცეს დაზუსტების უფლება რომ განულდეს ან საგადასახადო ორგანომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.

შემოწმების შედეგად ფასნამატის ხელახალი გაანგარიშებისას და შესაბამისად შემოსავლის დათვლისას მხედველობაში არ იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი შპს „----------“ მიერ გამოწერილი ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე შემოწმებით გამოვლენილი წლიური საშუალო ფასნამატების (2020 წ. – 1,41%; 2021 წ. – 1,65%; 2022 წ. – 3,22 %) გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის იანვრის თვეში დაადეკლარირა 455 600 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (სმფ-ების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღის შემდგომ პერიოდში) აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ 2022 წლის ბოლოს სმფ-ების თვითღირებულების განსასაზღვრად გადამხდელის მიერ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა მხედველობაში არ მიიღო.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე სიგარეტების ფასნამატის განსაზღვრისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე სიგარეტის ფასნამატის კორექტირების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1536 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე სიგარეტების ფასნამატის განსაზღვრისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე სიგარეტის ფასნამატის კორექტირების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად ფასნამატის ხელახალი გაანგარიშებისას და შესაბამისად შემოსავლის დათვლისას მხედველობაში არ იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი მომჩივანის მიერ გამოწერილი ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე შემოწმებით გამოვლენილი წლიური საშუალო ფასნამატების (2020 წ. – 1,41%; 2021 წ. – 1,65%; 2022 წ. – 3,22 %) გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის იანვრის თვეში დაადეკლარირა 455 600 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (სმფ-ების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღის შემდგომ პერიოდში) აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ 2022 წლის ბოლოს სმფ-ების თვითღირებულების განსასაზღვრად გადამხდელის მიერ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა მხედველობაში არ მიიღო.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე სიგარეტების ფასნამატის განსაზღვრისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე სიგარეტის ფასნამატის კორექტირების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(„ა“, „ბ“); 275; 282.