გადაწყვეტილება №86905/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 86905/1/2024
22 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 18.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №86905/1/2024).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №20126/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №074-30 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 99 455 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 49 913
დღგ - 14 419
საშემოსავლო გადასახადი - 35 494
ჯარიმა - 23 539
საურავი - 26 003
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს წალენჯიხაში შერეული საქონლით (კვების პროდუქტები, სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო, სამეურნეო საქონელი და სხვა) ვაჭრობა. სარეალიზაციო საქონლის შეძენა ხდება ადგილობრივ ბაზარზე.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:
1. საწარმოს გააჩნია, როგორც დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი, ასევე გათავისუფლებული ბრუნვები, როგორც ჩათვლის უფლებით, ასევე ჩათვლის უფლების გარეშე. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილი იქნა ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამა „ორისის“ ასლი, საბანკო ამონაწერები, ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ახსნა-განმარტება და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. გადამხდელის მიერ წარდგენილი, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციის (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საგადასახადო დეკლარაციები და სხვა.) შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელი ბუღალტრულ პროგრამაში საქონლის რაოდენობრივ და სახეობრივ აღრიცხვას არ ახორციელებს. საცალო (არადოკუმენტური) რეალიზაციის შემთხვევაში, რომელიც დეკლარირებული რეალიზაციის 95%-ზე მეტს შეადგენს, ბუღალტრულ აღრიცხვაში საქონლის რეალიზაციის და ჩამოწერის აღრიცხვა ხორციელდება ყოველი თვის ბოლოს ერთიანად. შესაბამისად, სააღრიცხვო მონაცემებით არ იშიფრება თითოეული რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ, რა გაიყიდა და რა ფასად. საწარმოს მიერ დეკლარირებული ფასნამატია 2019 წელს - 12%, 2020 წელს - 11%, 2021 წელს - 11%, ხოლო 2022 წელს - 12%. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო მონაცემებით ვერ მოხერხდა რეალიზებული საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი გაშიფვრა და შესაბამისად, ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის რეალიზაციის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის თითოეული წლისათვის ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებული საწყისი და საბოლოო სმფ-ის ნაშთების, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების ღირებულების მიხედვით (რომელიც დაედარა ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებულ მონაცემებს) განისაზღვრა თითოეული წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. შემოწმების მიერ შეძენილი საქონელი დაჯგუფებული იქნა სახეობებისა და დაბეგვრის ტიპის (დღგ-ით დასაბეგრი და დაუბეგრავი საქონელი) მიხედვით, რის შედეგადაც განისაზღვრა თითოეული ჯგუფის წილი მთლიან შეძენაში. აღნიშნული წილის მიხედვით განისაზღვრა სარეალიზაციო საქონლის თითოეული ჯგუფის თვითღირებულება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ სხვადასხვა სახის საქონელზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 28 ოქტომბრის N27288 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის სავაჭრო ობიექტებში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება, რის მიხედვითაც დადგინდა მოთხოვნილი 78 დასახელების საქონლის სარეალიზაციო ფასი. აღნიშნული სმფ-ების უახლოესი შეძენის ღირებულებების დაკავშირება მოხდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზებით დადგენილი სმფ-ების სარეალიზაციო ფასებთან, რის შედეგადაც სმფ-ის თითოეული ჯგუფისთვის განისაზღვრა ფასნამატი, ხოლო საშუალო ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2019 წელს - 20.2%, 2020 წელს - 19.9%, 2021 წელს - 19.5%, 2022 წელს - 18.8%. შემოწმების მიერ სმფ-ების თითოეული ჯგუფისთვის განსაზღვრული ფასნამატის მიხედვით დათვლილი იქნა საწარმოს როგორც დღგ-ის 18%-იანი დასაბეგრი, ასევე დაუბეგრავი ბრუნვა, რომელიც შეუდარდა საწარმოს მიერ დღგ-ის დეკლარირებულ მონაცემებს. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში გამოვლენილი სხვაობა გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდების თითოეული თვის დეკლარირებული ბრუნვის შესაბამისი წლის მთლიანი ბრუნვის წილის პროპორციულად დაემატა თითოეული თვის ბრუნვას და დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შესამოწმებელი პერიოდის თითოეული საანგარიშო წლის მიხედვით დათვლილი იქნა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი (დღგ-ის ჩათვლით), როგორც დღგ-ის 18%-იანი დასაბეგრი ოპერაციიდან, ისე გათავისუფლებული (ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე) ოპერაციიდან. აღნიშნული მონაცემები შეუდარდა საწარმოს მიერ დეკლარირებულ მონაცემებს, გამოვლენილი სხვაობები შესაბამისი პერიოდების მიხედვით საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
2. დამატებითი თანხების დარიცხვა არ მომხდარა, მომჩივანი ითხოვს 2022 წლის აპრილის თვეში არასწორად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის თანხის შემცირებას.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2022 წლის №32919 ბრძანება და №074-34 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13354 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველი დავის საგნის ნაწილში ფქვილზე ფასნამატის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13354 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.07.2023 წლის №20126/2/2023 გადაწყვეტილებით:
1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13354 ბრძანება;
3. პირველი დავის საგნის ნაწილში:
ა) მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ
დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 5.09.2023 წლის №20126/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის
დეპარტამენტის 28.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №33762 ბრძანება და 29.12.2023 წლის №074-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ გადაანგარიშება მოამზადა სხვა აუდიტორმა, ძირითადი აქტის დაწერისას და საგადასახადო დავის პროცესში სულ სხვა აუდიტორთან უწევდა ურთიერთობა. მისი არგუმენტაცია და ფასნამატის ცხრილები, სადაც ჩანს -------- რეალიზაციის დროს გამოვლენილი განსხვავებული ფასნამატი წარდგენილი აქვს თავის დროზე აუდიტორებისთვის. უფრო მეტიც, ცხრილები თან იყო დართული საჩივარზეც. მოქმედმა აუდიტორმა ნაჩქარევად დაასრულა აღნიშნული აქტის გადაანგარიშება, დაურეკა-მოსთხოვა ფასნამატის ცხრილები და განუცხადა, რომ მეორე დღესვე უეჭველი უნდა დაესრულებინა აქტის გადაანგარიშება. აუდიტორმა უარი განუცხადა შეხვედრაზე და ერთობლივად ფასნამატის ცხრილების გადაანაგრიშებასა და განხილვაზე.
მოითხოვს მიეცეს კონკრეტული მითითება შემმოწმებელ აუდიტორს გულდასმით გაეცნოს მის მიერ მიწოდებულ ცხრილებსა და არგუმენტებს, გამოყოს დრო გადამხდელთან სამუშაო შეხვედრისთვის და საკითხის ყოველმხრივი შესწავლის შემდგომ გადაიანგარიშოს შემოწმების აქტით ზედმეტად/დაუსაბუთებლად დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №20126/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და პირველი დავის საგნის ნაწილში, --------- მსგავსად სხვა დანარჩენ რეალიზებულ საქონელზე ფასნამატის განსაზღვრის მიზნით, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №20126/2/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა გადამხდელთან დაკავშირება. დამატებითი დროის მიუხედავად, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მხრიდან დამატებით განსხვავებული არგუმენტების წარმოდგენა არ მომხდარა, რომელიც უკვე შესწავლილი და გათვალისწინებული არ იყო შემოწმების ეტაპზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2024 წლის №9307-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებით განსაზღვრული საქონლის თითოეული ჯგუფიდან მოთხოვნილ სხვადასხვა სახის საქონელზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 28 ოქტომბრის №27288 ბრძანების საფუძველზე საწარმოს სავაჭრო ობიექტებში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება, რის მიხედვითაც დადგინდა მოთხოვნილი 78 დასახელების საქონლის სარეალიზაციო ფასები. აღნიშნული სმფების უახლოესი შეძენის ღირებულებების დაკავშირება მოხდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზებით დადგენილი სმფ-ების სარეალიზაციო ფასებთან, რის შედეგადაც სმფ-ს თითოეული ჯგუფისთვის განისაზღვრა ფასნამატი. შემოწმების მიერ სმფ-ების თითოეული ჯგუფისთვის განსაზღვრული ფასნამატის მიხედვით დათვლილი იქნა საწარმოს როგორც დღგ-ის 18 %-იანი დასაბეგრი, ასევე ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული და დაუბეგრავი ბრუნვა
გადაანგარიშების გათვალისწინებით მთლიანი დღგ-ს ბრუნვა შეადგენს 3 079 076 ლარს, სადაც 18%- იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვაა 2 100 592 ლარი, 0% - 881 923 ლარი, დაუბეგრავი - 96 562 ლარი.
გადაანგარიშების დასკვნის გათვალისწინებით დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა, დეკლარირებულ 2 023 601 ლართან შედარებით, გაზრდილია 76 991 ლარით. საშუალო შეწონილი ფასნამატმა (გადაანგარიშების გათვალისწინებით) წლების მიხედვით შეადგინა 2019 წელს - 16.4% (გადაანგარიშებამდე იყო 20.2%), 2020 წელს -16.3% (გადაანგარიშებამდე იყო 19.9%), 2021 წელს - 17.1% (გადაანგარიშებამდე იყო 19.5%), 2022 წელს - 15.1% (გადაანგარიშებამდე იყო 18.8%). მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე საშუალო შეწონილი ფასნამატი (გადაანგარიშების შემდგომ) შეადგენს 16.3%.
საშუალო შეწონილი ფასნამატის შემცირება გამოწვეულია გადაანგარიშების ეტაპზე --------- ფასნამატის კორექტირების შედეგად. შესამოწმებელი პერიოდის მთლიან შეძენაში (2 769 601 ლარი ) --------- შეძენის წილია 36.1% (998 983 ლარი).
--------- შემდგომ ყველს აქვს ყველაზე დიდი შეძენის წილი მთლიან შეძენაში - 27.1% (751 908 ლარი). ყველის შემთხვევაში საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმში დაფიქსირებული 1 კგ-ის ფასია 25 ლარი, ხოლო უახლოესი შეძენის დოკუმენტში მითითებული ფასია 20 ლარი. ყველის დოკუმენტური რეალიზაცია არ არის. შესაბამისად საქონლის ფასნამატი განისაზღვრა 25%-ის ოდენობით. შემოწმების შედეგად სულგუნი განხილულია ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვად.
შეძენის წილის მიხედვით მე-3 ადგილი უკავია სამშენებლო-სარემონტო მასალების ჯგუფს (მოიცავს ძირითადად --------) - 24.9%- ამ ჯგუფზე ფასნამატი მიყენებულია საშუალო შეწონილი 19%, რომელიც დასტურდება, როგორც დოკუმენტურად, ასევე შემოწმების პროცესში განხორციელებული საკონტროლოშესყიდვა შეთავაზებით და ფასების ფიქსაციით. ამასთან, საჩივარს დანართად ურთავს ექსელის ცხრილს, რომელიც აქამდე უკვე წარდგენილი ჰქონდა და შემმოწმებლის მხრიდან რამდენჯერმეა გავლილი. მოცემულ ცხრილში წარდგენილია ფასნამატის გაანგარიშება --------- და ---------.--------- ნაწილში ფასნამატი უკვე გათვალისწინებულია და შემცირებულია პირველი გადაანგარიშების ეტაპზე. რაც შეეხება --------, გაყიდვის და შეძენის დოკუმენტებში არ იდენტიფიცირდება ზუსტად, რომელი --------- გაყიდული. ყველა შესაძლო იდენტიფიცირებადი შემთხვევა გათვალისწინებულია შემოწმების აქტით და ამ საქონლის ფასნამატი არ შეცვლილა არცერთი გადაანგარიშების ეტაპზე.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან სათანადო მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №20126/2/2023 გადაწყვეტილება, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 13.07.2023 წლის №20126/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №20126/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს სავაჭრო ობიექტებში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება, რის მიხედვითაც დადგინდა მოთხოვნილი 78 დასახელების საქონლის სარეალიზაციო ფასები. აღნიშნული სმფების უახლოესი შეძენის ღირებულებების დაკავშირება მოხდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზებით დადგენილი სმფ-ების სარეალიზაციო ფასებთან, რის შედეგადაც სმფ-ს თითოეული ჯგუფისთვის განისაზღვრა ფასნამატი. შემოწმების მიერ სმფ-ების თითოეული ჯგუფისთვის განსაზღვრული ფასნამატის მიხედვით დათვლილი იქნა საწარმოს როგორც დღგ-ის 18 %-იანი დასაბეგრი, ასევე ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული და დაუბეგრავი ბრუნვა. ასევე დაუბეგრავი ბრუნვა, რომელიც შეუდარდა საწარმოს მიერ დღგ-ის დეკლარირებულ მონაცემებს. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში გამოვლენილი სხვაობა გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდების თითოეული თვის დეკლარირებული ბრუნვის შესაბამისი წლის მთლიანი ბრუნვის წილის პროპორციულად დაემატა თითოეული თვის ბრუნვას და დაიბეგრა დღგ-ით.
გადაწყვეტილება
. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);160(ა);161(1);159)1);169(1,2):164(1);