ბრძანება N 23923

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.10.2026
№ დოკუმენტი 23923
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23923

21 ოქტომბერი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2026 წლის 25 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) №104794/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 აგვისტოს №021-92 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 აპრილის №7535 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 24 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 27 აგვისტოს №19271 ბრძანება და ამავე თარიღის №021-92 საგადასახადო მოთხოვნა.

დარიცხული თანხა 363 342.71 ლარი:

მათ შორის:

გადასახადი - 212 896 ლარი

დღგ - 158 343 ლარი

საშემოსავლო გადასახადი - 54 553 ლარი

ჯარიმა - 96 231 ლარი

საურავი - 54 215 ლარი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2026 წლის 8 ოქტომბერს 13:30 სთ-ზე, თუმცა მომჩივანი განხილვაზე არ გამოცხადდა.

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

შპს „-------“ საქმიანობას წარმოადგენს ნედლი ყავის მარცვლის იმპორტი და გადამუშავება (მოხალვა და დაფქვა). ასევე, ხდება ადგილობრივ ბაზარზე ხსნადი ყავის შეძენა და როგორც დოკუმენტური, ასევე უდოკუმენტო რეალიზაცია. საწარმო დაფუძნდა 2012 წლის 28 მარტს, ამავე, პერიოდში რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. საქმიანობას ახორციელებს ქ. „-------"-ში, იჯარით აღებულ ფართში (2 000ლ, ხდება წყაროსთან დაკავება), კომპანიაზე არ ფიქსირდება ავტომობილი, თუმცა დირექტორ/დამფუძნებლისაგან აქვს იჯარით აღებული (200ლ, აკავებს წყაროსთან - უფიქსირდება ა/მ ნაწილების შეძენა 5 000ლ). არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას არანაირი ფორმით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები, ყავის მარცვლიდან წარმოების (მოხალვა და დაფქვა) გამოსავლიანობის სასაქონლო ექპერტიზის დასკვნა (სამხარაულიდან 2014 წ., გადამხდელის განმარტებით დანადგარები არ შეცვლილა),სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები, დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია.გადამხდელის მიერ დეკლარირებულია 7 937 522 ლარის დღგ-ის ბრუნვა, დოკუმენტური - 3 899 230 ლარი, ხოლო უდოკუმენტო - 4 831 649 ლარი. გადამხდელის მიერ გამოწერილია საფ და ს/ზ, ასევე ფიქსირდება დისტრიბუციის ზედნადებები 6 250 000 ლარზე. შესამოწმებელ პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ყავა - 1 939 613 ლარი. შემოწმებით გაანგარიშდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობები (წარმოების გათვალისწინებით - ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ნედლი მარცვლის მოხალვის შედეგად - 64%, ხოლო მოხალულის დაფქვის შედეგად - 96.9%). კერძოდ, წარმოდგენილ საწყის ნაშთებს დაემატა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის რაოდენობა სახეობების მიხედვით, შემცირდა დოკუმენტით (საფ, სზ) რეალიზებული შესაბამისი საქონლითა და საბოლოო ნაშთებში დაფიქსირებული შესაბამისი საქონლის სახეობის ოდენობით. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა ინდივიდუალურად საქონლის უდოკუმენტო რეალიზაციის მოცულობა. შედეგად, გაანგარიშებული უდოკუმენტო რეალიზაციის ოდენობით განსაზღვრული საქონელი ნედლ მარცვლად იქნა რეალიზებული დოკუმენტში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასად. შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით, არაპირდაპირი მეთოდით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

გაანგარიშებული იქნა ასევე ფულადი სახსრების მოძრაობა. კერძოდ, შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავალი შემცირებულ იქნა სმფ-ების ღირებულებით, სახელფასო განაცემებით 149 247ლ, ასევე მომსახურებაზე გადახდილი თანხებით (იჯარა-59 000ლ), გაცემული დივიდენდებით - 285 000, დოკუმენტურად გაწეული ხარჯებითა და საბანკო გადარიცხვებით იდენტიფიცირებული ხარჯებით (მ/შ ბიუჯეტში გადახდილი თანხები სალიდირებულად). 2026 წლის 8 აპრილს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრისას დადგინდა სალაროს ნაშთი 253 515 ლარის ოდენობით. შემოწმებით აღნიშნულ პერიოდამდე ჩატარებული იქნა ანალიზი, ასევე გათვალისწინებულ იქნა საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთები. შედეგად განკარგვადი თანხა დადგინდა 272 767 ლარის ოდენობით, რაც შემოწმებით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად.

ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დგინდება, რომ 2025 წლის დეკემბერში საფ ეა-„-------“ დაკორექტირდა ეკ „-------“(2025 წლის დეკემბრის თვეში ორივე), ჩასათვლელი თანხა არ დაკორექტირებულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ვერ დგინდება შემოწმებით გაზრდილი შემოსავლების სისწორე თვეების მიხედვით, ვინაიდან, მოწოდებულ დანართებში არ იშიფრება თვეების მიხედვით გაზრდილი შემოსავლები. ასევე, შემოწმების მიერ ნაშთების გაანგარიშებისას გამოკლებულია მხოლოდ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ნაშთები და დანარჩენ საქონელზე თავიდანაა გადაანგარიშება გაკეთებული ერთნაირი ფასით, მით უმეტეს, რომ კომპანიის მიერ რეალიზაციის 50%-ზე მეტი არადოკუმენტურადაა რეალიზებული და შესაბამისად აღნიშნულ რეალიზაციაში ვერ დადგინდებოდა ერთეულების ზუსტი რაოდენობა, იმ პირობებში, რომ კომპანიას ნაღდი ანგარიშსწორებისას პროდუქციის ნაწილი დაბალ ფასებში აქვს რეალიზებული და არ უნდა მომხდარიყო ყველგან ერთი და იგივე ფასების გავრცელება, რაც შესაბამისად გამოიწვევდა გაზრდილი შემოსავლების შემცირებას და შესაბამისად დამატებით დარიცხული გადასახადების შემცირებას როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

მომჩივანი ასევე აცხადებს, რომ შემმოწმებელი განიხილავს ხარჯებს, რაც სრულად დოკუმენტურადაა დადასტურებული, არსად ფიქსირდება არადოკუმენტური ხარჯი, რომელიც ეჭვგარეშე გახარჯულია და ეს ხარჯები არის საწვავის ხარჯი, რომლის აღიარებაც სრულად მოახდენს საშემოსავლო გადასახადში დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადისგადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას არანაირი ფორმით.შემოწმებით გაანგარიშდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობები (წარმოების გათვალისწინებით - ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ნედლი მარცვლის მოხალვის შედეგად - 64%, ხოლო მოხალულის დაფქვის შედეგად - 96.9%). კერძოდ, წარმოდგენილ საწყის ნაშთებს დაემატა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის რაოდენობა სახეობების მიხედვით, შემცირდა დოკუმენტით (საფ, სზ) რეალიზებული შესაბამისი საქონლითა და საბოლოო ნაშთებში დაფიქსირებული შესაბამისი საქონლის სახეობის ოდენობით. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა ინდივიდუალურად საქონლის უდოკუმენტო რეალიზაციის მოცულობა. შედეგად, გაანგარიშებული უდოკუმენტო რეალიზაციის ოდენობით განსაზღვრული საქონელი ნედლ მარცვლად იქნა რეალიზებული დოკუმენტში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასად. შემოწმებით გაანგარიშებული იქნა ასევე ფულადი სახსრების მოძრაობა და შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საქონლის უდოკუმენტო რეალიზაციის მოცულობის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის ნედლ მარცვლად რეალიზაცია დოკუმენტში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასად მართლზომიერია. ასევე მართლზომიერია შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემმოწმებლის გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის საქმიანობას წარმოადგენს ნედლი ყავის მარცვლის იმპორტი და გადამუშავება.ასევე, ხდება ადგილობრივ ბაზარზე ხსნადი ყავის შეძენა და როგორც დოკუმენტური, ასევე უდოკუმენტო რეალიზაცია.საწარმო დაფუძნდა 2012 წლის 28 მარტს, ამავე, პერიოდში რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.კომპანიაზე არ ფიქსირდება ავტომობილი, თუმცა დირექტორ/დამფუძნებლისაგან აქვს იჯარით აღებული.

გადამხდელის მიერ დეკლარირებულია 7 937 522 ლარის დღგ-ის ბრუნვა, დოკუმენტური - 3 899 230 ლარი, ხოლო უდოკუმენტო - 4 831 649 ლარი. გადამხდელის მიერ გამოწერილია საფ და ს/ზ.შემოწმებით გაანგარიშდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობები.

კერძოდ, წარმოდგენილ საწყის ნაშთებს დაემატა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის რაოდენობა სახეობების მიხედვით,შემცირდა დოკუმენტით რეალიზებული შესაბამისი საქონლითა და საბოლოო ნაშთებში დაფიქსირებული შესაბამისი საქონლის სახეობის ოდენობით. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა ინდივიდუალურად საქონლის უდოკუმენტო რეალიზაციის მოცულობა.შედეგად, გაანგარიშებული უდოკუმენტო რეალიზაციის ოდენობით განსაზღვრული საქონელი ნედლ მარცვლად იქნა რეალიზებული დოკუმენტში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასად. შემოწმებით,არაპირდაპირი მეთოდით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

გაანგარიშებული იქნა ასევე ფულადი სახსრების მოძრაობა.შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავალი შემცირებულ იქნა სმფ-ების ღირებულებით, სახელფასო განაცემებით 149 247ლ, ასევე მომსახურებაზე გადახდილი თანხებით,გაცემული დივიდენდებით - 285 000, დოკუმენტურად გაწეული ხარჯებითა და საბანკო გადარიცხვებით იდენტიფიცირებული ხარჯებით. სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრისას დადგინდა სალაროს ნაშთი 253 515 ლარის ოდენობით. შემოწმებით აღნიშნულ პერიოდამდე ჩატარებული იქნა ანალიზი, ასევე გათვალისწინებულ იქნა საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთები. შედეგად განკარგვადი თანხა შემოწმებით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად.

ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დგინდება, რომ 2025 წლის დეკემბერში დაკორექტირდა ჩასათვლელი თანხა არ დაკორექტირებულა.

პირს დაერიცხა საშემოსავლო და დღგ და განესაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154,164.