ბრძანება N 2774

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.02.2026
№ დოკუმენტი 2774
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2774

09 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--ის“ (ს/ნ --)

(ფაქტ. მის.:---) 2026 წლის 10 იანვრის

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 29 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2026 წლის 10 იანვრის №99863/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 დეკემბრის №056-96 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს მის მიერ დეკლარირებული ვალდებულებების შემცირებას. მიუთითებს, რომ 2022 წლის ივნისისა და ოქტომბრის თვეებში, ასევე, 2023 წლის ოქტომბრის, 2024 წლის აგვისტოს და 2025 წლის თებერვლის თვეში ზედმეტად ჰქონდა შემოსავალი დეკლარირებული და შემოწმების პროცესში ითხოვა აღნიშნული თანხების ბუღალტრული ბაზის მიხედვით კორექტირება, რაც არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, მიაჩნია, რომ აღნიშნული დღგ-ის დეკლარაციები უნდა დაკორექტირდეს კომპანიის სასარგებლოდ. 2. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული განკარგვადი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ასევე, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ შემოწმების დროს შემმოწმებელთან გადაიგზავნა: ბანკის ამონაწერები, სესხებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, იმპორტის დოკუმენტაცია, ბუღალტრული ბაზა (ორის ბუღალტერია მულტისავალუტო ვერსია), სადაც სრულყოფილად იყო გატარებული კომპანიის ბუღალტერია, თუმცა აუდიტორმა ვერ მოახერხა ბუღალტრული ბაზის გახსნა, ბაზის ვერსიის გამო. კომპანია მაქსიმალურად ეცადა ბუღალტერია გადაეტანა ერთვალუტიან ვერსიაში, თუმცა ოპერაციების სიმრავლიდან გამომდინარე სწრაფად ვერ მოახერხა. ასევე, მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ Google Drive-ზე სრულად აქვს ატვირთული დოკუმენტაცია, მ.შ. ბუღალტრული ბაზა ერთ ვალუტიან ვერსიაში, ბანკის ამონაწერები, ბანკის სესხის ხელშეკრულებები, დებიტორებთან და კრედიტორებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია, ფინანსური ანგარიშგება, შემოსავლებთან დაკავშირებული დამხმარე ფაილები (ჩაშლილი ბარათი, ფასნამატის დაანგარიშება თითოეულ საქონელზე გაყიდული ზედნადების მიხედვით, რეალური შემოსავლის შედარება დეკლარირებულ შემოსავალთან თვეების მიხედვით), იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია თითოეული იმპორტის მიხედვით და ინვენტარიზაციის შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ივნისის №13136 და 28 ნოემბრის №26225 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მიზნებისთვის 2025 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 2 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 11 დეკემბრის №27333 ბრძანება და ამავე თარიღის №056–96 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 317 152 ლარი, მათ შორის გადასახადი 198 637 ლარი, ჯარიმა 99 319 ლარი და საურავი 19 196 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შემოწმების პროცესში ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით. ფულადი სახსრების ანალიზში შემოწმებამ გაითვალისწინა საბანკო დაწესებულებასა და სალაროში არსებული ფულის ნაშთები (2025 წლის 18 ივნისის №12866 ბრძანების საფუძველზე სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით ინვენტარიზატორების მიერ 2025 წლის 19 ივნისის მდგომარეობით დადგინდა სალაროს ნაშთი 5 290 ლარის ოდენობით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ შემოსავალს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლინდა, რადგან დეკლარირებული ფასნამატი და მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების აუდირებული ფასნამატები იყო იდენტური. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა არ განხორციელებულა. შემოსავლის ნაწილში შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავალი, ხოლო ხარჯის ნაწილში გაითვალისწინა საბაჟო შეძენები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ხელფასი, დივიდენდი, სესხზე გადახდილი თანხები და სხვა ბანკით გაწეული ხარჯები. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, გამოვლინდა საწარმოს განკარგვადი თანხა, რაზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობდა და აღნიშნულმა შეადგინა 784 149 ლარი, ხოლო საშემოსავალო გადასახადით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 980 186 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული ხელფასის სახით განაცემები, სულ 10 400 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის დაჯარიმებულია 3-ჯერ. ამასთან, გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამა და არც სხვა მტკიცებულებები, მ.შ. ბრუნვითი უწყისები და გატარებების რეესტრი. შესაბამისად, შემოწმების მიერ დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თუმცა შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ შემოსავალს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლინდა, ვინაიდან დეკლარირებული ფასნამატი და მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების აუდირებული ფასნამატები იყო იდენტური. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა არ განხორციელებულა და გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები დარჩა უცვლელი. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. ფულადი სახსრების ანალიზში შემოწმებამ გაითვალისწინა საბანკო დაწესებულებასა და სალაროში არსებული ფულის ნაშთები (2025 წლის 18 ივნისის №12866 ბრძანების საფუძველზე სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით ინვენტარიზატორების მიერ 2025 წლის 19 ივნისის მდგომარეობით დადგინდა სალაროს ნაშთი 5 290 ლარის ოდენობით). შემოსავლის ნაწილში შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავალი, ხოლო ხარჯის ნაწილში გაითვალისწინა საბაჟო შეძენები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ხელფასი, დივიდენდი, სესხზე გადახდილი თანხები და სხვა ბანკით გაწეული ხარჯები. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, კერძოდ, 2024 წლის პირველი ივნისისთვის, გამოვლინდა საწარმოს განკარგვადი თანხა 784 149 ლარის ოდენობით, რაზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, 2022 წლის დასაწყისში კომპანიას ჰქონდა 1 000 000 ლარზე მეტი გაუცემელი სასტარტო კაპიტალი, რომლის გაცემაც ხდებოდა შემოწმების პერიოდში. მეტიც, კომპანიას შემოწმების პერიოდშიც ჰქონდა დარჩენილი გაუცემელი სასტარტო კაპიტალი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, სალაროში არსებული ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაცია/მტკიცებულებები კაპიტალის შესახებ. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) სალაროში არსებული ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაცია/მტკიცებულებები კაპიტალის შესახებ;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს მის მიერ დეკლარირებული ვალდებულებების შემცირებას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული განკარგვადი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ შემოსავალს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლინდა, რადგან დეკლარირებული ფასნამატი და მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების აუდირებული ფასნამატები იყო იდენტური. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა არ განხორციელებულა.

შემოსავლის ნაწილში შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავალი, ხოლო ხარჯის ნაწილში გაითვალისწინა საბაჟო შეძენები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ხელფასი, დივიდენდი, სესხზე გადახდილი თანხები და სხვა ბანკით გაწეული ხარჯები. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, გამოვლინდა საწარმოს განკარგვადი თანხა, რაზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობდა და აღნიშნულმა შეადგინა 784 149 ლარი, ხოლო საშემოსავალო გადასახადით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 980 186 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული ხელფასის სახით განაცემები, სულ 10 400 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, სალაროში არსებული ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაცია/მტკიცებულებები კაპიტალის შესახებ. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1); 105 (2); 72 (1).