გადაწყვეტილება № 25776/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2025
№ დოკუმენტი 25776/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 25776/2/2025

03 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 2.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25776/2/2025).

 

დავის საგანი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით - ჯარიმისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 17.07.2025 წლის №------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18375 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 6 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

6.07.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ გავლით №------ №-------, №------- და №------- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონელი.

კომპანიის 7.07.2025 წლის №------- განცხადებით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობები გამოცხადდა მათსავე საბაჟო საწყობში და სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით მათი ელექტრონულად გამოცხადების დადასტურება ნაცვლად ------ დანიშნულების კოდისა, განხორციელდა ------- დანიშნულების კოდით.

კომპანიას ------- (საკადასტრო კოდი: --------) აქვს ორი საბაჟო საწყობი, მათ შორის ერთი სამაცივრე. აღნიშნული საწყობების დანიშნულების კოდები არის -------- და -------, რომლებიც დამტკიცებულია შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ბრძანებებით.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ საბაჟო საწყობმა ვერ უზრუნველყო საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობის შესრულება. სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევისთვის, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 17.07.2025 წელს შედგენილი №EL290384 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.08.2025 წლის №18375 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“,„გ“, და „ქ“ ქვეპუნქტებზე, მე-17 მუხლზე,„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 176-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან დარღვეული იყო „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „ა“, „გ“, და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანებართვო პირობები. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებასთან მიმართებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მითითებული იყო, რომ სამართლებრივად ეთანხმებოდა 17.07.2025 წლის №------ სამართალდარღვევის ოქმს და ითხოვდა პატიებას. შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა საბაჟო საწყობის თხოვნა და უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

------ პორტის გავლით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია სოიოს შროტი, რომელიც გამოცხადდა კომპანიის საბაჟო საწყობში, კომპანიამ 7.07.2025 წლის №----- განცხადებით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობების გამოცხადება ნაცვლად ------ დანიშნულების კოდისა, განახორციელა ------- დანიშნულების კოდით. აღნიშნული ქმედებით ცხადია, საბაჟო საწყობმა დაარღვია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №445 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილი პირობები.

კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში ახსნილია გარემოება თუ რამ განაპირობა ------ დანიშნულების კოდის ნაცვლად -------დანიშნულების კოდზე განცხადების გამოცხადება.

იმ მომენტისათვის, როცა ----- საბაჟო საწყობს უნდა განეხორციელებინა აღრიცხვის მოწმობის გამოცხადება, საბაჟო საწყობში გაითიშა ელექტროენერგია. აღნიშნულმა გათიშვამ არია -------სთვის განკუთვნილი კომპიუტერი, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო აღრიცხვის მოწმობის გამოცხადება. ------- და ------- საბაჟო საწყობები ერთიდაიგივე საკადასტრო კოდზე მდებარეობს, ოპერატორი იძულებული გახდა აღრიცხვის მოწმობის გამოსაცხადებლად გამოეყენებინა --------სთვის განკუთვნილი კომპიუტერი. ავტომატურად გამოცხადება დადასტურდა არა ------- კოდზე, არამედ -------კოდზე.

კომპანიას -------, ------- ქუჩაზე ერთიდაიგივე საკადასტრო კოდზე ------- გააჩნია ორი საბაჟო საწყობი ------ და --------, რაც შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაშიც არის აღნიშნული, საბაჟო საწყობებზე ლიცენზიები გასცა შემოსავლების სამსახურმა. ზემოხსენებულის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული ტექნიკური შეცდომის დაშვება ელექტროენერგიის გათიშვის გამო, როცა ერთი საბაჟო საწყობის არეული კომპიუტერის ნაცვლად გამოიყენება მეორე საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი კომპიუტერი, მითუმეტეს თუ ორი სხვადასხვა ნომრის საბაჟო საწყობი ერთიდაიგივე საკადასტრო კოდზეა განლაგებული - ამ შემთხვევაში ------ საბაჟო საწყობი და ------- საბაჟო საწყობი.

ყურადღება გასამახვილებელია იმ ფაქტზე, რომ შემოსავლების სამსახურს სადავო ბრძანებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ უმსჯელია. მან არ გაითვალისწინა კომპანიის არგუმენტები შეცდომის დაშვებასთან მიმართებაში. მაგალითად თუ რით იყო შეცდომა განპირობებული და რა ფაქტობრივმა გარემოებებმა გამოიწვია იგი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე მითითებით, კომპანია მიუთითებს, რომ სწორედ, ბრალი არის ადმინისტრაციული გადაცდომის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი, მოცემულ შემთხვევებში კი სახეზე არ არის არც გადაცდომების შემადგენლობა და არც კომპანიის ბრალეულობა.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე მითითებით ითხოვს ზემოხსენებული საკითხის გადაწყვეტისას საბჭომ გამოიჩინოს გულისხმიერება, გაითვალისწინოს ის გარემოებაც, რომ კომპანია არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და გაუქმდეს სადავო აქტები და კომპანიას მოეხსნას დაკისრებული ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მომჩივანი განმარტავს, რომ, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მითითებული იყო, რომ სამართლებრივად ეთანხმებოდა სადავო სამართალდარღვევის ოქმს და ითხოვდა პატიებას, რაც შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა. ითხოვს საკითხის გადაწყვეტისას საბჭომ გაითვალისწინოს, რომ -------- საბაჟო საწყობში გაითიშა ელექტროენერგია, რამაც არია ------სთვის განკუთვნილი კომპიუტერი, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო აღრიცხვის მოწმობის გამოცხადება. ვინაიდან ------ და ------ საბაჟო საწყობები ერთიდაიგივე საკადასტრო კოდზე მდებარეობს, ოპერატორი იძულებული გახდა აღრიცხვის მოწმობის გამოსაცხადებლად გამოეყენებინა ------- საბაჟო საწყობისთვის განკუთვნილი კომპიუტერი. ავტომატურად გამოცხადება დადასტურდა არა ------- კოდზე, არამედ ------- კოდზე.

საქმეში წარმოდგენილია კომპანიის 7.07.2025 წლის №------- განცხადება, სადაც მითითებულია, რომ „ამა წლის 6 ივლისს --------ის საბაჟო საწყობში მიღებულ იქნა 4 სატვირთო. ნაცვლად ---------ის მათი გამოცხადება მოხდა ---------ის ტერიტორიაზე. ამ დროისათვის სატრანსპორტო საშუალებები იმყოფება ---------ის ტერიტორიაზე, რასაც ადასტურებს თან დართული ბეჭდიანი აღრიცხვის მოწმობები. ითხოვეს მიეცეს უფლება ტვირთი გამოცხადდეს ---------ის ტერიტორიაზე“.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით - ჯარიმისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან დარღვეული იყო „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „ა“, „გ“, და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანებართვო პირობები.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 176(2);163(11)