ბრძანება N 6240
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6240
02 აპრილი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 21 მარტის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 21 მარტის №94703/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 თებერვლის №007-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ რეალიზაციას ახორციელებს მეტწილად დოკუმენტით, რასაც ადასტურებს აუდიტის დეპარტამენტი, როდესაც აღნიშნავს, რომ 68% საქონლის რეალიზაცია განხორციელებულია სასაქონლო ზედნადებებით. აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში არც ერთხელ არ არის დაჯარიმებული საქონლის უსაბუთო ტრანსპორტირებისთვის ან საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე. აღნიშნავს, რომ ერთი და იმავე დასახელებით ნამდვილად აქვს შემოტანილი სხვადასხვა ფასიანი და მახასიათებლის მქონე საქონელი, მაგრამ დოკუმენტური რეალიზაციისას იდენტიფიკატორად იყენებს ინვოისში მითითებულ კოდს და იმ დასახელებას, რაც საბაჟო დეკლარაციის თანმხლები ინვოისია. შესაბამისად აცხადებს, რომ დოკუმენტური რეალიზაციის გაშიფვრა შესაძლებელია. მიუთითებს, რომ სრულად უგულებელყოფილია აუდიტის დეპარტამენტის მიერ ის ფაქტი, რომ ინვენტარიზაციის ჩატარებისას გადამხდელი უშუალოდ ღებულობდა მონაწილეობას და კონკრეტულ საქონელზე მის მიერ დაკავშირებულია შეძენის დოკუმენტები. განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის ფასნამატის გადავრცელება შესაძლებელია მაქსიმუმ მომიჯნავე პერიოდზე შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად. აღნიშნავს, რომ დოკუმენტური რეალიზაციის ფასები წლების მიხედვით მერყეობს 15%-დან 20%-მდე, რომელიც მეწარმის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე რეალურად ასახავს მის მახასიათებლებს, რადგან წარმოადგენს საბითუმო ფასებით მოვაჭრე სუბიექტს. ასევე, გადამხდელი ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (2024 წლის 21 ოქტომბრის №23784/2/2024 გადაწყვეტილება), ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობა საბუღალტრო ნაშთსა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ნაშთს შორის განხილულ იქნას დანაკლისად ინვენტარიზაციის ჩატარების და დანაკლისის აღმოჩენის მომენტში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №22671 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, იმსჯელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №22671 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 17 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 18 თებერვლის №007-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესაბამისი ინფორმაცია/მტკიცებულებების შესწავლის გარეშე გამოცემულ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №22671 ბრძანება არ არის აღსრულებული, შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ დავის/აღსრულების ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასევე იმსჯელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ დავის/აღსრულების ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასევე, იმსჯელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №22671 ბრძანება არ არის აღსრულებული, შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ დავის/აღსრულების ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასევე იმსჯელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 100; 102; 159;