გადაწყვეტილება №22871/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22871/2/2024
10 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ. ბარათაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), 27.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 15.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22871/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. შემოწმების შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის დაკვალიფიცირება დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №006-696 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6301 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 206 681.11 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 123 035
დღგ - 84 648
საშემოსავლო გადასახადი - 38 387
ჯარიმა - 60 658
საურავი - 22 988.11
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა საკვებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით, პურის წარმოება, არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის წარმოება.
აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №27222, 13.11.2023 წლის №27761 და 25.12.2023 წლის №32589 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან 1.10.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 14.11.2023 წლის ჩათვლით, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 15.11.2023 წლის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 25.12.2023 წელს შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №32969 ბრძანება და ამავე თარიღის №006-696 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტების 22.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.03.2024 წლის №6301 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, თუმცა წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამით ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, სრულად ვერ დგინდება მიღებული შემოსავლებისა და მასთან დაკავშირებული ჩამოწერილი მასალის ურთიერთკავშირი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №27915 ბრძანებით ჩატარდა გადამხდელის სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 171 203 ლარს და 15.11.2023 წლის №28095 ბრძანებით, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 543 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით, გავრცელდა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, შედეგად საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ასევე მართლზომიერად განხორციელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება კატეგორიების მიხედვით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია აღრიცხვას აწარმოებს პერიოდული მეთოდით, რაც დაშვებულია კანონმდებლობით, კერძოდ საქონლის ჩამოწერა ხდება ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგები ასახულია საბუღალტრო პროგრამაში.
შემმოწმებლის მიერ ფაქტობრივ გარემოებაში არსებით შეცდომად მიჩნეულია ის, რომ თითქოს პროგრამაში ჩამოწერილი პროდუქციის თვითღირებულება არ იდენტიფიცირდება დასახელების მიხედვით რეალიზებული პროდუქციის ღირებულებასთან, რაც არ შეესაბამება რეალობას. თითოეული საქონლის თვითღირებულება ჩამოწერილია პროგრამულად პერიოდული აღრიცხვის წესების დაცვით.
ორისის საბუღალტრო პროგრამაში შაბლონურ გატარებებში „დოკუმენტები/სასაქონლო ზედნადები“ ინდივიდუალურად ჩამოიწერება თითოეული საქონელი რაოდენობრივად და გასაყიდი ფასით, რასაც თან ახლავს ზედნადებები სათითაო სალაროს ჩეკის გატარებებით ნახვაც შეიძლება პროგრამის აწყობილ ავტომატურ გატარებებში.
აუდიტორის შეფასებით კომპანიის შემოსავალი და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით, რასაც არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააღრიცხვო დოკუმენტაციით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არ სრულდება 73-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, ადგილი არ აქვს აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი არ აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილი არ არის საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა; გამოვლენილი არ არის არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
ზემოთხსენებულ გარემოებათა გამო აუდიტორს არ უნდა გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და არამართლზომიერად მიაჩნია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. ორგანიზაციაში ჩატარდა ინვენტარიზაცია სადაც არ გამოვლინდა დარღვევა და საშუალო ფასნამატმა შეადგინა 2,9%, რაც არ არის გათვალისწინებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ.
ითხოვს ზემოთაღნიშნული საკითხის დამატებით თავიდან შესწავლას და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ
ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საჩივარში მითითებულია, რომ კომპანია აღრიცხვას აწარმოებს პერიოდული მეთოდით, რაც დაშვებულია კანონმდებლობით, კერძოდ საქონლის ჩამოწერა ხდება ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგები ასახულია საბუღალტრო პროგრამაში. ორისის საბუღალტრო პროგრამაში შაბლონურ გატარებებში „დოკუმენტები/სასაქონლო ზედნადები“ ინდივიდუალურად ჩამოიწერება თითოეული საქონელი რაოდენობრივად და გასაყიდი ფასით, რასაც თან ახლავს ზედნადებები სათითაო სალაროს ჩეკის გატარებებით ნახვაც შეიძლება პროგრამის აწყობილ ავტომატურ გატარებებში. აუდიტორის შეფასებით კომპანიის შემოსავალი და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით, რასაც არ ეთანხმება ვინაიდან, არ სრულდება 73-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. ორგანიზაციაში ჩატარდა ინვენტარიზაცია სადაც არ გამოვლინდა დარღვევა და საშუალო ფასნამატმა შეადგინა 2,9%, რაც არ არის გათვალისწინებული აუდიტის მიერ.
მომჩივნის არგუმენტზე შემოწმების აქტში მითითებულია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და არა „ბ“ ქვეპუნქტით, რაზეც მომჩივანი მიუთითებს. შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადამხდელი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, თუმცა წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამით ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, სრულად ვერ დგინდება მიღებული შემოსავლებისა და მასთან დაკავშირებული ჩამოწერილი მასალის ურთიერთკავშირი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №27915 ბრძანებით ჩატარდა გადამხდელის სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს
171 203 ლარს და 15.11.2023 წლის №28095 ბრძანებით, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 543 ლარს. აღნიშნული გარემოებები, მიჩნეულ იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლად და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით, გავრცელდა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი კატეგორიების მიხედვით.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რომლიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შემოწმების შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის დაკვალიფიცირება დირექტორზე გაცემულ ხელფასად
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე, ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, დადგენილია განკარგვადი თანხა, რომლის გახარჯვაც არ დასტურდება. ამასთან, 15.11.2023 წლის №28095 ბრძანებით, ჩატარდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც კომპანიას ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 543 ლარს. შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, სახელფასო განაცემად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. აღნიშნულის შედეგად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის მიხედვით დადგინდა განკარგვადი თანხა, ამასთან, ჩატარდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც კომპანიას ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 543 ლარს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ განკარგვადი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორი ვერ ადასტურებს დაქირავებულ პირებზე ხელფასის გაცემის შემთხვევას, სადაც წარმოიქმნებოდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რის გამოც აქტით განხორციელებული დაბეგვრა არასწორია და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.
ითხოვს საჩივრის განხილვისას ზემოთ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებას და საშემოსავლო გადასახადის დამატებით დარიცხული თანხის
38 387 ლარის, დამატებული ღირებულების გადასახადში დამატებით დარიცხული თანხის 84 648 ლარის, ჯარიმის 60 658 ლარი და შესაბამისი საურავის შემცირებას. ითხოვს ზემოთაღნიშნული საკითხის დამატებით თავიდან შესწავლას და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანი მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ადასტურებს დაქირავებულ პირებზე ხელფასის გაცემის შემთხვევას, სადაც წარმოიქმნებოდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რის გამოც აქტით განხორციელებული დაბეგვრა არასწორია და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.
შემოწმების შედეგად ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, დადგენილია განკარგვადი თანხა, რომლის გახარჯვაც არ დასტურდება. ამასთან, 15.11.2023 წლის №28095 ბრძანებით, ჩატარდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც კომპანიას ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 543 ლარს.
აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის დაკვალიფიცირება ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, სახელფასო განაცემად მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. შემოწმების შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის დაკვალიფიცირება დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, თუმცა სრულად ვერ დგინდება მიღებული შემოსავლებისა და მასთან დაკავშირებული ჩამოწერილი მასალის ურთიერთკავშირი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით, გავრცელდა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, სახელფასო განაცემად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. აღნიშნულის შედეგად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის დაკვალიფიცირება ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, სახელფასო განაცემად მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(4,9)101(1);154(1)