ბრძანება N 26906
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26906
31 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 21 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მარტის №18900/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------“ (ს/ნ ---------) 2023 წლის 21 იანვრის №78284/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №007-366 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სხვა კომპანიის წილის შესყიდვის მიზნით დამფუძნებლისთვის გადახდილი თანხების დივიდენდად განხილვას. მიუთითებს, რომ შპს „----------“ მიერ შესყიდულია შპს „----------“-ის წილი. კერძოდ, შპს „--------“-ს საკუთრებაში გააჩნია ----------- ----------- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 886 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 149,17 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. 2018 წლის 18 სექტემბერს-----„-------“ დამფუძნებელმა ---------- საკუთარი სახსრებით მოახდინა შპს „----------“-ის 33,3%-იანი წილის შეძენა 78 500 ლარად. ხოლო, 2020 წლის 29 იანვარს შპს „---------“ განახორციელა შპს „-------------“-ის 66,7%-იანი წილის შესყიდვა 202 503 ლარად. აღნიშნულის შემდგომ კი, შპს „-------------“ -----------------შეიძინა დარჩენილი 33,3%- იანი წილი 80 000 ლარად. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ოპერაციების ანალიზის შედეგად ნათელია, რომ განხორციელდა ------------ მდებარე მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრის ცვლილება. აქტივი რეალურად შეძენილია შპს „--------------“-ის დამფუძნებლისგან ეტაპობრივად. გადამხდელი არ ეთანხმება -------------- გადახდილი თანხის დივიდენდად განხილვას, ვინაიდან ნასყიდობის მომენტში აღნიშნულ წილს გააჩნდა რეალური ღირებულება აქტივის სახით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9839 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 23 დეკემბრის №32619 ბრძანება და ამავე თარიღის №007-366 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 137 131 ლარი, მათ შორის, გადასახადი 47 785 ლარი, ჯარიმა 47 785 ლარი, საურავი 41 561 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 21 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 თებერვლის №2568 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 24 მარტის №--------- გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 თებერვლის №2568 ბრძანება და საჩივარი მე-2 დავის საგნის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მარტის №18900/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მხარეთა არგუმენტაციის, წარმოდგენილი მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, სამეურნეო ოპერაციის ფორმის შინაარსთან შეუსაბამობის საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის და მომჩივნის დასაბეგრი ბაზის ოდენობის განსაზღვრის საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „---------“ დამფუძნებელია ფიზიკური პირი ---------- (პ/ნ --------), რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) დამფუძნებელს (33.3%). 2020 წლის 29 იანვარს შპს „----------“ შეიძინა შპს „---------“-ის (ს/ნ --------------) 66.7%-იანი წილი, ხოლო 2020 წლის 20 ოქტომბერს შპს „-----------“ და ----------- შორის გაფორმდა გარიგება (პარტნიორთა კრების ოქმი) შპს „--------------“-ის (ს/ნ ---------------) 33.3%-იანი წილის ნასყიდობის შესახებ. ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 80 000 ლარით. დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე აღნიშნული თანხის გადახდა განხორციელდა შპს „-----------“ სალაროდან ნაღდი ფულის გატანის გზით. აღნიშნული ოპერაციის შესწავლა/ანალიზით გამოიკვეთა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, გამოიყენება იმ ტიპის სამეურნეო ოპერაციების გასაფორმებლად, რა დროსაც, საკუთრების საგანზე ხდება მესაკუთრე სუბიექტის (პირის) შეცვლა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს შპს „-----------“-ის (ს/ნ ---------) 100%-იან წილს, რეალურად არ ხდება ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადების დაბეგვრის მიზნებისთვის, განხორციელდა აღნიშნული სამეურნეო ოპერაციის ანალიზი და შეფასება/კვალიფიცირება მისი შინაარსის (ნამდვილი მიზნის) მიხედვით და არა გაცხადებული ფორმის შესაბამისად. შედეგად, ფიზიკური პირზე გადახდილი თანხა (წილის ღირებულება) მიჩნეული იქნა გაცემულ დივიდენდად და შესაბამისად მოგების განაწილებად. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე, 981 და 130-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი. გადასახადის გადამხდელს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №---------- საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, შპს „-----------“-ის 100%-იანი წილის მფლობელი იყო ფ/პ -----------. კომპანიას საკუთრებაში გააჩნდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 886 კვ.მ. და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობა (ბენზინგასამართი სადგური) - 149,17 კ.მ. 2018 წლის 18 სექტემბერს ფ/პ ---------- მოახდინა შპს „-------------“-ის 33,3%-იანი წილის შეძენა 78 500 ლარად. აღნიშნულის შემდეგ 2020 წლის 29 იანვარს შპს „-----------“ განახორციელა შპს „-----------“-ის 66,7%- იანი წილის შესყიდვა 202 503 ლარად. 2020 წლის 20 ოქტომბერს შპს „-----------“ მიერ ----------- შეძენილი იქნა შპს „-----------“-ის 33.3%-იანი წილი 80 000 ლარად, რომელიც, როგორც ზემოთ აღნიშნა --------- შეძენილი ჰქონდა 2018 წლის 18 სექტემბერს 78 500 ლარად. შპს „-----------“ ბალანსზე დაისვა კონკრეტული აქტივი. გადამხდელი არ ეთანხმება --------- გადახდილი თანხის დივიდენდად განხილვას, ვინაიდან ნასყიდობის მომენტში აღნიშნულ წილს გააჩნდა რეალური ღირებულება, აქტივის სახით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის მიხედვით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან 2018 წლის 18 სექტემბერს ფ/პ ------------ შპს „-----------“-ის 33,3%-იანი წილი შეიძინა 78 500 ლარად, ხოლო შპს „-----------“ მისი რეალიზაცია 2020 წლის 20 ოქტომბერს მოახდინა 80 000 ლარად, ამასთან, წილს გააჩნდა რეალური ღირებულება აქტივის სახით, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შპს „-----------“ მიერ კომპანიის (შპს „-----------“-ის) წილის შესყიდვის მიზნით დამფუძნებლისთვის გადახდილი თანხის (წილის ღირებულება) გაცემულ დივიდენდად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“ (ს/ნ-----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შპს „-----------“ მიერ კომპანიის (შპს „-----------“-ის) წილის შესყიდვის მიზნით დამფუძნებლისთვის გადახდილი თანხის (წილის ღირებულება) გაცემულ დივიდენდად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სხვა კომპანიის წილის შესყიდვის მიზნით დამფუძნებლისთვის გადახდილი თანხების დივიდენდად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გაფორმდა გარიგება (პარტნიორთა კრების ოქმი) შპს -ს 33.3%-იანი წილის ნასყიდობის შესახებ.დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე აღნიშნული თანხის გადახდა განხორციელდა შპს -ს სალაროდან ნაღდი ფულის გატანის გზით. ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს შპს-ს 100%-იან წილს. რეალურად არ ხდება ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება. , გადასახადების დაბეგვრის მიზნებისთვის, განხორციელდა აღნიშნული სამეურნეო ოპერაციის ანალიზი და შეფასება/კვალიფიცირება მისი შინაარსის (ნამდვილი მიზნის) მიხედვით და არა გაცხადებული ფორმის შესაბამისად. შედეგად, ფიზიკური პირზე გადახდილი თანხა (წილის ღირებულება) მიჩნეული იქნა გაცემულ დივიდენდად და შესაბამისად მოგების განაწილებად.საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი. გადასახადის გადამხდელს ასევე განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);8(12);130(1);154(1ზ);