ბრძანება N 26542
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26542
03 დეკემბერი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2025 წლის 13 ოქტომბრის და 3 ნოემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 და 13 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №92 და №94 ) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) №160820/21 და №174072/21-11 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 სექტემბრის №081-263 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებს. ამასთან, არ ეთანხმება ფასნამატის დადგენის მეთოდს. მიიჩნევს, რომ გასათვალისწინებელია საქონლის მალფუჭებადობა (ხილ- ბოსტნეულის), საქონელბრუნვიდან და საქონლის შენახვის პირობების არარსებობიდან გამომდინარე საქონლის სარეალიზაციო ფასის ხელოვნური გაზრდა – არასწორია. შემოწმების მიერ გამოყენებული ასეთი მაღალი ფასნამატი ფაქტიურად არ არსებობს. აცხადებს, რომ კომპანია არ არის ბაზრის ერთადერთი მიმწოდებელი, ამასთან, ერთი და იგივე საქონელი, თუ პირველ დღეს იყიდება გარკვეულ ფასში, შემდეგ დღეებში ამ საქონლის გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად მცირდება. მიიჩნევს, რომ საქონლის ფასის განსაზღვრის პრინციპი არის სადავო. მოცემულ შემთხვევაში შესამოწმებელ პერიოდში საქონლის არაიდენტიფიცირებული რეალიზაციის ფასნამატის დადგენა მოითხოვდა საფუძვლიან ანალიზს. იმ პირობებში, როცა შესამოწმებელ პერიოდში იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულება იყო 1 577 010 ლარი დღგ-ის გარეშე და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება იყო 69 810 ლარი, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენს 3 321 625. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალ დეკლარირებულ ფასნამატი აქვთ. მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის ცვლილება აღარ უნდა მომხდარიყო. ხოლო საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ უნდა დადგინდეს გადამხდელის საქმესთან დაკავშირებული სხვა ხარჯები (საქონლის შეძენის, ბიუჯეტში გადახდილი, იმპორტზე გადახდილი მოსაკრებელი 56 020 ლარი), რომლებიც გაწეული იქნა იმგვარად, რომ მასზე შესაბამისი დოკუმენტი თავის დროზე ან არ/ვერ შედგა ან იგი მოგიანებით გაიბნა და ვერ მოხერხდა მისი შემოწმებისთვის წარდგენა/მიწოდება. მოცემილ შემთხვევაში ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას და მიიჩნევს, რომ სალაროს ნაშთის გადააანგარიშება უნდა მოხდეს ზემოხსენებული დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის დაზუსტების და ხარჯების დაზუსტების შემდეგ. ითხოვს, დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების დამატებით შესწავლას და გაანგარიშებას.
2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ამასთან, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ივნისის №13239 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 10 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 19 სექტემბრის №20541 ბრძანება და ამავე თარიღის №081-263 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 5 581 152 ლარი, მათ შორის, გადასახადი 3 411 742 ლარი, ჯარიმა 1 705 971 ლარი, საურავი 463 439 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
● საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მალფუჭებადი საქონლის (ხილ-ბოსტნეული) იმპორტი, რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 321 625 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება, გარდა 2022 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული ადგილობრივი საქონლისა (ქართული ლობიო), რომლის ღირებულება შეადგენს 283 190 ლარს. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს დირექტორის განმარტებით სამეურნეო ოპერაციებს არ აღრიცხავდა პროგრამულად, შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, ვინაიდან საწარმოს არ უფიქსირდებოდა შეძენილი საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, ასევე, შესამოწმებელ პერიოდში არ არის ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, შემოსავალი გაანგარიშებული იქნა შემდეგნაირად: შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი საქონლის რაოდენობა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე (საწარმო ვაჭრობს მალფუჭებადი საქონლით) ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად, ხოლო სარეალიზაციო ფასად გამოყენებული იქნა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასი კონკრეტული საქონლის მიხედვით. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად განისაზღვრა 9 924 755 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა 6 603 130 ლარი (დღგ-ის გარეშე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით.
საწარმოს, ასევე, დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
● საწარმოს 2022 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე რეალიზებული აქვს 283 190 ლარის ადგილობრივი პროდუქცია, რომლის შესაბამისი შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილზე ხარჯი განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: გამოყენებული იქნა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომლის თანახმად შემოწმების მიერ აღნიშნულ ნაწილში ხარჯად აღიარებული იქნა 212 393 ლარი, 283 190 ლარის 75%. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 9 250 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე, არ დასტურდება ფულის ნაშთის სალაროში არსებობის ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის სსკ-ის 101-ე და 73-ე მუხლების (73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის) და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების გათვალისწინებით შემოწმებით დადგენილი საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი 9 250 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში გადასახდელი თანხის შემცირებისთვის და ამავე კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად განაცემთა ინფორმაციის არასრულად წარმოდგენისთვის შესამოწმებელ პერიოდზე 100 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი საქონლის რაოდენობა, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე (საწარმო ვაჭრობს მალფუჭებადი საქონლით), ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად, ხოლო სარეალიზაციო ფასად გამოყენებული იქნა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასი, კონკრეტული საქონლის მიხედვით. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელიც შეადგენს 9 924 755 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა 6 603 130 ლარი (დღგ-ის გარეშე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.
ასევე, შემოწმების მიერ გაანგარიშებულია ნაღდი ფულის ნაშთი. კერძოდ, საწარმოს 2022 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე რეალიზებული 283 190 ლარის ადგილობრივი პროდუქციასთან დაკავშირებით (შესაბამისი შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოდგენილა) ხარჯი განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით, №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯად აღიარებული იქნა 212 393 ლარი, 283 190 ლარის 75%. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 9 250 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას დამატებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს არ წარმოუდგენია, ასევე, არ დასტურდება ფულის ნაშთის სალაროში არსებობის ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით დადგენილი საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი - 9 250 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2 , 21 და 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებს.
2.გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე,ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
●საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მალფუჭებადი საქონლის იმპორტი, რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი საქონლის რაოდენობა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად, ხოლო სარეალიზაციო ფასად გამოყენებული იქნა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასი კონკრეტული საქონლის მიხედვით. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად განისაზღვრა 9 924 755 ლარის ოდენობით.შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა 6 603 130 ლარი სსკ-ის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით.
●სსკ-ის სსკ-ის 101-ე და 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების გათვალისწინებით შემოწმებით დადგენილი საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, საწარმოს დაერიცხა ჯარიმა სსკ-ის კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში გადასახდელი თანხის შემცირებისთვის და ამავე კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად განაცემთა ინფორმაციის არასრულად წარმოდგენისთვის შესამოწმებელ პერიოდზე 100 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,163,164,275.