გადაწყვეტილება №21344/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21344/2/2023
28 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ს 17.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21344/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №076-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26934 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 102 439,92 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 59 283
დღგ - 55 242
საშემოსავლო გადასახადი - 1 900
ქონების გადასახადი - 2 141
ჯარიმა - 28 678
საურავი - 14 478,92
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა ავეჯის წარმოება (კარადა, საწოლი, მატრასი, ტუმბო, სარკე და სხვა) საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში, რომელიც მდებარეობს ქალაქ -------ში.
აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №076-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26934 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 22.02.2019 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 12.03.2019 წელს. საქონლის შეძენას ახდენს მხოლოდ ადგილობრივად. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის დარღვევა არ არის გამოვლენილი. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს დეკლარირებული შემოსავლის 17%-ს.
შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზასა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრულ აღრიცხვაზე დაყრდნობით მოხდა საქონლის კატეგორიების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა. დადგინდა, რომ დოკუმენტური ფასნამატი მერყეობს 10%-დან 85%-მდე (სმფ-ის ჩამოწერა მოხდა კალკულაციების შესაბამისად). ხოლო საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 35,2%-ს. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელებულ იქნა სმფ-ებზე (საწყისს დამატებული შეძენილი საქონელი და გამოკლებული დოკუმენტურად რეალიზებული ავეჯის თვითღირებულება და სმფ-ების საბოლოო მარაგი). შემოწმების მიერ დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს დეკლარირებული შემოსავლის 17%-ს, ხოლო დოკუმენტური ფასნამატი მერყეობს 10%-დან 85%-მდე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ აღრიცხვაზე დაყრდნობით მართლზომიერად განხორციელდა საქონლის კატეგორიების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა და შესაბამისად, დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება სმფ-ებზე.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის საკითხი სრულყოფილად შესწავლილი და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 96-ე მუხლის პირველიმე-3 ნაწილებზე და 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მიუღებელია დანაკლისად განხილვა რიგი საქონლის, მომსახურების, დამხმარე მასალების და ნედლეულის, რომელზეც გავრცელებულ იქნა შემოწმების მიერ ფასნამატი და შესაბამისად გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დამატებით გადასახადის და ჯარიმის დარიცხვა.
შემოწმების მიმდინარეობისას შემმოწმებელი აუდიტორებისათვის მიწოდებულ იქნა კალკულაციები, რომლებშიც მზა პროდუქციის საწარმოებლად გამოყენებულ ნედლეულად იყო მითითებული მხოლოდ ძირითადი ნედლეული და რომელშიც ფიზიკურად შეუძლებელი იყო ყველა წვრილმანი მასალების (წებო, ე.წ. შურუპები, სახელურები, გორგოლაჭები, სავლელი ტელესკოპები, პეტლები, უგოლნიკები და სხვა აქსესუარები) შეყვანა, ამასთანავე მომსახურება (მაგალითად რუტერზე დეტალების დაჭრის მომსახურება, წიბოს დაკვრის მომსახურება და სხვა), ასევე ძირითადი საშუალებების დამხმარე მასალები (მაგალითად ე.წ. ბარგალკის ქვები, დრელის პირები, ლობზიკის პირები და სხვა). შემმოწმებელ აუდიტორებს აღნიშნული ხარჯებზე არ უნდა გაევრცელებინათ ფასნამატი, მათ უნდა გაეანგარიშებინათ მხოლოდ კალკულაციებში შემავალი ძირითადი ნედლეულის დანაკლისი და მასზე გაევრცელებინათ უკვე ფასნამატი, ვინაიდან დანარჩენი საქონლის და მომსახურების ხარჯი წარმოადგენს ზედნადებ ხარჯს.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26934 ბრძანებაში მითითებულია, რომ ჩვენი საჩივარი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც მიუღებელია. საჩივარში დეტალურად იყო მითითებული არგუმენტაცია. საჩივრის განხილვა მოხდა გადასახადის გადამხდელის, ასევე მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად და მომჩივანს არ მიეცა პოზიციის დაცვის და არგუმენტაციის წარდგენის საშუალება. შემმოწმებელ აუდიტორთან გაგზავნილი ცხრილებით დეტალურად ჩანს და ირკვევა, რომ ფასნამატი გავრცელებულია არა უშუალოდ წარმოების პროცესში გამოყენებულ ნედლეულსა და მასალებზე არამედ სხვა ყველა საქონელსა და მომსახურებაზეც, მათ შორის სახარჯ მასალაზეც.
გაანგარიშების ცხრილების და საჩივარში მოყვანილი ჩვენი არგუმენტაციის და მტკიცებულებების გავლა უნდა მოხდეს შემმოწმებელ აუდიტორებთან ერთად, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს დამატებით დარიცხული გადასახადის და ჯარიმის შემცირება დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად 28 578 ლარის ოდენობით და 291-ე მუხლის შესაბამისად 100 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №076-6 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 14 478,92 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის პირველი-2 2 ნაწილებზე, 291-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
№2, №3, და №4 საკითხებთან დაკავშირებით სამართალდარღვევები გამოწვეულია საგადასახადო კანონმდებლობის არ ცოდნით, გამოყენებული უნდა იქნას დელეგირებული უფლებამოსილება და კომპანიას უნდა ეპატიოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმები, კომპანიას არ ჰყავს ბუღალტერი, დირექტორი თავად ახდენს დეკლარირებას, მას სამწუხაროდ არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა, რამაც გამოიწვია ზემოაღნიშნული დარიცხვები.
საჩივრის განხილვა დავის განმხილველ ორგანოში აუცილებლად უნდა წარიმართოს გადასახადის გადამხდელის და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული სანქციებისაგან, ასევე დამატებით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშების შემდგომ დამატებით დასარიცხი სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26934 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზასა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრულ აღრიცხვაზე დაყრდნობით მოხდა საქონლის კატეგორიების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა. დადგინდა, რომ დოკუმენტური ფასნამატი მერყეობს 10%-დან 85%-მდე (სმფ-ის ჩამოწერა მოხდა კალკულაციების შესაბამისად). ხოლო საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 35,2%-ს. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელებულ იქნა სმფ-ებზე (საწყისს დამატებული შეძენილი საქონელი და გამოკლებული დოკუმენტურად რეალიზებული ავეჯის თვითღირებულება და სმფ-ების საბოლოო მარაგი). შემოწმების მიერ დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
2. საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად 28 578 ლარის ოდენობით და 291-ე მუხლის შესაბამისად 100 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №076-6 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 14 478,92 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა").