გადაწყვეტილება №18614/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18614/2/2023
23.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება"-------" -ის 10.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18614/2/2023).
დავის საგანი:
1. უძრავი ქონების (კომერციული ფართის) რეალიზაციის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №046-7 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30117 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 197 718 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 139 950
ჯარიმა - 38 875
საურავი - 18 893
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდში, უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №18245 ბრძანება და №046-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30117 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. უძრავი ქონების (კომერციული ფართის) რეალიზაციის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელმა 2021 წლის 24 სექტემბერს საკუთრებაში გადაიფორმა კომერციული ფართი და იმავე დღეს გაყიდა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ ყოფილა. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 24 სექტემბერი. შედეგად, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილზე და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2021 წლის სექტემბერში შეიძინა 215.2 კვ.მ კომერციული ფართი ქალაქ "-------" მისამართი: "-------", საკადასტრო №"-------" . ოჯახში წარმოქმნილი პრობლემების გამო იძულებული გახდა შეძენილი ფართი დაუყოვნებლივ გაესხვისებინა. ფართის რეალიზაცია მოახდინა "-------"-ზე (პ/ნ "-------" ) იმ პირობით, რომ მოკლე ვადაში უზრუნველყოფდა გარემონტებას და გასაქირავებლად ვარგის მდგომარეობამდე მიყვანას. სხვა პირობით შეუძლებელი იყო ფართის უმოკლეს ვადაში რეალიზაცია. აღნიშნულის თაობაზე მასსა და "-------"-ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილს. "-------" ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ითხოვდა პირობის შესრულებას. ვინაიდან ფართი შედარებით დაბალ ფასად გაყიდა, ვეღარ შეძლო საკუთარი ხარჯებით მოეხდინა მისი რემონტი. აღნიშნულიდან გამომდინარე შეთანხმდნენ, რომ მოშლიდა ნასყიდობის ხელშეკრულებას და თანხას დაუბრუნებდა. ასეც მოხდა, მაგრამ საჯარო რეესტრისადმი მიმართვა დროში გაეწელათ. არ ფიქრობდა, რომ ეს ფორმალური მხარე რაიმე პრობლემას გამოიწვევდა. ამ პროცესში "-------"-მა ყოველმხრივ ადამიანური თანადგომა გამოიჩინა, ამიტომ არ ჰქონია უნდობლობის საფუძველი და არ მოუნდომებია სწრაფად მოშლილიყო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულება.
შემოწმების დანიშვნის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ კომერციულ ფართზე საკუთრების უფლების გადაცემა წარმოადგენდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, ხოლო ის რომ ნასყიდობა კვლავ არ იყო საჯარო რეესტრში გაუქმებული, ქმნიდა მისთვის რეალურ პრობლემას. შესაბამისად,ოფიციალურად წარადგინა შეთანხმება საჯარო რეესტრში, შედეგად ნასყიდობა გაუქმდა და უძრავი ქონება დაბრუნდა საკუთრებაში.
ნასყიდობის გაუქმების თაობაზე მასსა და "-------"-ს შორის შეთანხმება შედგა რამდენიმე თვით ადრე, მაგრამ საჯარო რეესტრში მოითხოვეს შეთანხმების წარდგენა იმ თარიღით, როცა მიმართეს ნასყიდობის გაუქმების მოთხოვნით.
ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა წარმოადგენს დღგ-ის კორექტირების საფუძველს. შესაბამისად, შემმოწმებელს ეთხოვა შესამოწმებელი პერიოდის 1 თვით გაზრდა და დასარიცხი თანხის კორექტირება. შედეგად დაერიცხებოდა მხოლოდ საურავი, რაც ისედაც დიდი ტვირთი იქნებოდა ამ სიტუაციაში. სამწუხაროდ მისი პოზიციის გაზიარება არ მოხდა.
ამ ეტაპზე გაუქმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება და აღდგენილია პირვანდელი მდგომარეობა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფართი მის საკუთრებაშია. საჯარო რეესტრის ამონაწერი განახლდა 2022 წლის ივნისში. მაგრამ, ვერ ახერხებს დღგ-ის თანხის კორექტირებას. აღნიშნულ ოპერაციაზე არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასევე, არ არის დეკლარირებული წარდგენილ დეკლარაციაში, შესაბამისად ტექნიკურად ვერ ხერხდება დეკლარაციაში დღგ-ის თანხის კორექტირება შემოსავლების სამსახურის დახმარების გარეშე.
მომჩივანი ითხოვს ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრაში დახმარებას და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დარიცხული თანხის კორექტირება 2022 წლის ივნისში.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს, შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №046-7 საგადასახადო მოთხოვნით, განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 38 875 ლარის ოდენობით და საურავი 18 893.25 ლარი
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა-საურავის შემცირებას, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, რადგან სადავო ოპერაციის ფარგლებში მხოლოდ იგი დაზარალდა და არანაირი ზიანი არ მიუყენებია ბიუჯეტისთვის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
3. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2021 წლის სექტემბერში შეიძინა 215.2 კვ.მ კომერციული ფართი, რომლის რეალიზაცია მოახდინა "-------"-ზე , რაზეც გაფორმდა შეთანხმება, რომელიც წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილს. ამ ეტაპზე გაუქმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება და აღდგენილია პირვანდელი მდგომარეობა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფართი მის საკუთრებაშია. ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა წარმოადგენს დღგ-ის კორექტირების საფუძველს. საჯარო რეესტრის ამონაწერი განახლდა 2022 წლის ივნისში (წარმოადგენს ამონაწერს საჯარო რეესტრიდან დანართის სახით), მაგრამ ვერ ახერხებს დღგ-ის თანხის კორექტირებას. აღნიშნულ ოპერაციაზე არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასევე, არ არის დეკლარირებული წარდგენილ დეკლარაციაში, შესაბამისად ტექნიკურად ვერ ხერხდება დეკლარაციაში დღგ-ის თანხის კორექტირება. ითხოვს დარიცხული თანხის კორექტირებას 2022 წლის ივნისში.
საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით:
3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);
გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ:
ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;
ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის მითითებული დღგ-ის თანხა;
გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;
დ) უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება ამ მუხლის მე-10- მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს
შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდო არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ვინაიდან შეცვლილია ფაქტობრივი გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30117 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.