ბრძანება N 12767
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12767
7 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“-ის (ს/ნ „-----“)
(მის.: „-----“)
2023 წლის 7 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ „-----“-) 2023 წლის 7 აპრილის №61656/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მარტის №006-87 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია პერიოდულად ყოველი თვის ბოლოს და აღნიშნული ფაქტი გახდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი, თუმცა საგადასახადო კოდექსში არ არის მითითებული, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საქონელი ჩამოწეროს ყოველდღიურად. საწარმო ახდენს ერთი და იგივე საქონლის (თხევადი აირის) რეალიზაციას. მას გააჩნია თვის ჭრილში თითქმის იდენტური ფასი, გარდა იმ შემთხვევისა თუ ბაზარზე შეიცვალა სარეალიზაციო ფასი (ზრდა ან/და შემცირება). ასევე, საქონლის რეალიზაცია ხდება მრიცხველების მონაცემების საფუძველზე და ის ფაქტი, რომ საბუღალტრო პროგრამაში რეალიზებული თხევადი აირის თვითღირებულება ჩამოწერილია ყოველი თვის ბოლოს, არ ნიშნავს იმას, რომ ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება არაა წარმოებული დადგენილი წესით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საწარმო არასდროს დაჯარიმებულა.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს, აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას და დამატებითი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ შემოწმება არ საუბრობს მასზედ, თუ რამდენია კომპანიის მიერ იდენტიფიცირებულ გაყიდვებში დაფიქსირებული ფასნამატი, ასევე სრულიად ალოგიკურად თვლის საბანკო ტერმინალებით ნავაჭრ რეალიზაციას არაიდენტიფიცირებულ გაყიდვებად და მასზეც ავრცელებს მის მიერ გამოყენებულ უსაფუძვლო ფასნამატს. ასევე, არ ადარებს საბანკო ტერმინალის მიხედვით და საკონტროლო-სალარო აპარატების მიხედვით ერთსა და იმავე დღეს დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასებს, რომლებიც ყოველთვის იდენტურია. გაუგებარია, თუ რომელი დროიდან და რა ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე ითვლება არაიდენტიფიცირებულ გაყიდვებად საბანკო ტერმინალებით განხორციელებული რეალიზაციები. რიგ თვეებში თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზაცია განპირობებულია მხოლოდ იმ გარემოებით, რომ საქონელი შეძენილია მაღალი ფასით, ხოლო დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ ბაზარზე შემცირდა ფასები. ამასთან, კომპანია არ არის იმპორტიორი და მას ყიდულობს მისი შემომტანებისაგან უკვე მათ მიერ დადებული შესაბამისი ფასნამატით, ხოლო მათთვის უცნობი სხვა გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს ერთდროულად ამ საქონლის შემომტანიც და საცალო ქსელშიც რეალიზატორი. შესაბამისად, ამ კუთხითაც შემოწმების ქმედება უკანონოა. ხელოვნურადაა გაზრდილი დასაბეგრი ბრუნვა და შემდეგ განხილულია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 აგვისტოს №22397 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ „-----“-) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 27 ივლისიდან 2022 წლის პირველ აგვისტოს საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 მარტის №4536 ბრძანება და ამავე თარიღის №006-87 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 85 578 ლარი, მათ შორის, გადასახადი 48 847 ლარი, ჯარიმა 26 208 ლარი, საურავი 10 523 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა თხევადი გაზის ადგილობრივი შეძენა და ძირითადად საცალო რეალიზაცია. კომპანიას იჯარით აქვს აღებული სამი გაზ-გასამართი სადგური ქალაქ "------" , "----- "-ის ქუჩაზე და "------" -ის ქუჩაზე. კომპანიის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის თანხის 0.3%-ს. დეკლარირებული მონაცემების მიხედვით საშუალო ფასნამატი შეადგენს 6%-7%-ს. ჩატარებული ანალიზის მიხედვით, 2020 წლის საშუალო ფასნამატია - 6.60%, 2021 წელს - 10.61%, 2022 წელს - 3.47%, შესამოწმებელ პერიოდში რიგ თვეებში ფიქსირდება ფასნამატი 13%-დან 29%-მდე, ხოლო რიგ თვეებში გადამხდელს თხევადი გაზი რეალიზებული აქვს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად.
გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში, სადაც არ ხდება საქონლის მოძრაობის აღრიცხვა ყოველდღიურად, კომპანია საქონლის რაოდენობრივ და თანხობრივ ჩამოწერას ახორციელებს პერიოდულად (ხდება ჯამური რაოდენობის ჩამოწერა ყოველი თვის ბოლოს), შესაბამისად საცალო რეალიზაციის შემთხვევაში აღნიშნული მონაცემებით შეუძლებელია თითოეული რეალიზაციის და ჩამოწერილი საქონლის რაოდენობრივი და თანხობრივი იდენტიფიცირება.
შპს „------“ შემოსავლების აღრიცხვას ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატებისა და საბანკო შემოსავლების (ტერმინალი) საშუალებით, ასევე, მცირე რაოდენობის თხევადი გაზი რეალიზებულია ტალონებით, სასაქონლო ზედნადებითა და ა/ფ-ების საშუალებით.
საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვის კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, არ ახორციელებს საქონლის თანხობრივ ან/და რაოდენობრივ ჩამოწერას ყოველდღიურად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის ზუსტი განსაზღვრა, აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებული იქნა მსგავსი ობიექტის აუდირებული ფასნამატი (შეადგენს - 15%-ს), რომელიც გავრცელდა რეალიზებული თხევადი გაზის თვითღირებულებაზე. შესაბამისად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, შემოწმებისთვის მოწოდებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია (საბანკო ამონაწერები) და სხვა ხელთ არსებული მასალები, ასევე ანალიზი განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შედეგად განისაზღვრა დამატებითი შემოსავლის თანხები, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავალს აღემატება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განსაზღვრული დამატებითი შემოსავალი მიჩნეულ იქნა სრულად მიღებულად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი, შესამოწმებელ პერიოდში, არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით და შემოწმების მიმდინარეობისას შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, შემოწმების მიერ რეალიზებული თხევადი გაზის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, განისაზღვრა დამატებითი შემოსავალი, რომელიც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, არ ახორციელებს საქონლის მოძრაობის სრულყოფილ აღრიცხვას და შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა რეალიზებული თხევადი გაზის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებული ფულადი ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-----“-) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს.
მომჩივანი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვის კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, არ ახორციელებს საქონლის თანხობრივ ან/და რაოდენობრივ ჩამოწერას ყოველდღიურად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის ზუსტი განსაზღვრა, აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებული იქნა მსგავსი ობიექტის აუდირებული ფასნამატი (შეადგენს - 15%-ს), რომელიც გავრცელდა რეალიზებული თხევადი გაზის თვითღირებულებაზე.გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.შემოწმების მიერ განსაზღვრული დამატებითი შემოსავალი მიჩნეულ იქნა სრულად მიღებულად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,161,163,164.