გადაწყვეტილება №22012/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 22012/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22012/2/2024

10 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------16.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22012/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25965 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №006-542 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32656 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 239 580 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 125 205

დღგ -105 945

მიწა-არასასოფლო - 20

საშემოსავლო გადასახადი - 14 200

ქონების გადასახადი - 5 040

ჯარიმა - 50 193

საურავი - 64 182

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 2 ნოემბერს, არ არის დღგ-ის გადამხდელი. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი არ აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კომპანია საკუთრებაში ფლობდა 266.93 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს (ს/კ: ---------, მდებარე ქალაქი ---------), რომელიც რეალიზებულ იქნა 2020 წლის 17 დეკემბერს დირექტორზე ---------- 53 200 ლარად. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის 7.04.2022 წლის №---------- დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება, 2020 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, განისაზღვრა 366 000 ლარით. შესაბამისად, ქონების რეალიზაციით დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა 100 000 ლარს. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის თანხა 53 200 ლარის ოდენობით სრულად არის გადახდილი მყიდველის მიერ, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერში თანხის მიღება არ ფიქსირდება. ამასთან, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ გააჩნია სალაროს ბრუნვა და არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ დირექტორზე - ---------- უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციის შედეგად მიღებული სარგებელი შეადგენს ამ ქონების საბაზრო ღირებულებას 366 000 ლარს, რაც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, ვინაიდან კომპანიამ ზემოაღნიშნული ქონების რეალიზაცია მოახდინა დირექტორზე, რომელიც საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად ითვლება ურთიერთდამოკიდებულ პირად, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ღირებულება განსხვავდება (დაბალია) საბაზრო ფასისგან, შემოწმებით, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში აისახა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განსაზღვრული ღირებულება დღგ-ის გარეშე (310 169 ლარი). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი არ აქვს ქონების გადასახადის დეკლარაციები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გადასახადის გადამხდელი 2019 და 2020 წლებში ფლობდა 266.93 კვ.მ. უძრავ ქონებას (მის. --------). აღნიშნული უძრავი ქონება რეალიზებულ იქნა 2020 წლის 17 დეკემბერს დირექტორზე ----------. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციით შპს ---------- სახელზე, 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მარტამდე პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი არ ყოფილა. გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავი ქონების რეალური ღირებულების შესახებ ინფორმაცია და შედეგად, საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 7 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომლის მიხედვით 266.93 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ: -----------, მდებარე ქ. ---------) საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 2019 წლის 31 დეკემბრისთვის

321 000 ლარი, ხოლო 2020 წლის 22 დეკემბრისთვის 366 000 ლარი. აღნიშნული ღირებულება ჩაითვალა საბალანსო ღირებულებად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №18849 ბრძანება და №006-302 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის საჩივარზე თანდართული გამოყოფის გეგმა და პარტნიორთა საერთო კრების ოქმი) შესწავლა/გამოკვლევა. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ ფიზიკურმა პირმა --------- შპს ---------- წილის სანაცვლოდ მიიღო 96 216.8 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული უძრავი ქონება იგივე ღირებულებით ჩათვალოს შპს -------- კაპიტალში -------- მიერ განხორციელებულ შენატანად, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის გაითვალისწინოს აღნიშნული შენატანი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ბ) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება;

გ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 17.03.2023 წლის №18590/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216.8 ლარი) შორის სხვაობის დივიდენდად დაკვალიფიცირების ნაწილში, საჩივარი სამსჯელოდ დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 17.03.2023 წლის №18590/2/2022 გადაწყვეტილების თანახმად, შემოსავლების სამსახურმა განიხილა მომჩივნის საჩივარი და 19.10.2023 წლის №25965 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216.8 ლარი) შორის სხვაობა დააკვალიფიციროს დივიდენდად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25965 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 4 699 ლარით, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №006-542 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32656 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216.8 ლარი) შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დივიდენდად (ნაცვლად აქტში დაბეგრილი ხელფასისა), გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25965 ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 20 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე და ოპერაციას მიენიჭა დივიდენდის კვალიფიკაცია. აღნიშნული გადაანგარიშების საფუძველზე, წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას მიენიჭა „დივიდენდის“ კვალიფიკაცია, რაზეც პრეტენზია (კვალიფიკაციის შეცვლაზე) არ აქვს, მაგრამ აღსანიშნავია ფრაზა „წილის სანაცვლოდ“. წილი --------- არავისთვის არ დაუთმია და ის არის დღესაც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი.

შემოსავლების სამსახური საკითხის განხილვისას გვერდს უვლის დავის ძირითად საკითხს. კერძოდ, კომპანიის დავის საგანი იყო გადასახადების დარიცხვის მეთოდი, რის საფუძველზეც შემმოწმებელი არასწორად არიცხავდა საშემოსავლო გადასახადს, ხოლო გადაანგარიშების პროცესში მოგების და დივიდენდის გადასახადი არასწორადაა დარიცხული. დავების განხილვის საბჭოზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას დაეთანხმა დღგ-ის დარიცხვის პრინციპს, მაგრამ არ ეთანხმებოდა საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მეთოდს და გადაანგარიშების დროს კი - მოგების და დივიდენდის დარიცხვის მეთოდს კატეგორიულად არ ეთანხმება, რომელიც არის ბიუჯეტში შესატანი გადასახადის ხელოვნურად გაზრდა. შემმოწმებელს ვალის მართვის დეპარტამენტმა დაუდგინა საბაზრო ფასი 366 000 ლარი. ------------ გამოცხადებული ქონდა შენობის ფართის გაყიდვა, მაგრამ იმ ფასში, რომელიც დადგენილი ქონდა ვალის მართვის დეპარტამენტს, კომპანიასთან გარიგებას არავინ აწარმოებდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებულია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტს საბაზრო ფასი არასწორად აქვს განსაზღვრული და აღნიშნული ფაქტი დაადასტურა შენობის ფართის შემდგომმა გაყიდვამ. შენობის 1 კვ.მ. გაიყიდა 357.5 აშშ დოლარად, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტს შეფასებული აქვს 420 აშშ დოლარად 1 კვ.მ.. კომპანიას უნდოდა შემმოწმებლებისგან მიეღო შენობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტაციები, მაგრამ ვერ მიიღეს.

როგორც აღნიშნა, შენობის საბაზრო ფასი შემმოწმებლებმა გამოიყენა 366 000 ლარი და დაარიცხა დღგ, რისთვისაც იგი გაყვეს კოეფიციენტზე (1.18) და განსაზღვრეს დასაბეგრი ბრუნვა 310 169 ლარი, რომელსაც დაერიცხა დღგ 55 831 ლარი. როგორც აღნიშნა არ ეთანხმება საბაზრო ფასის ოდენობას, მაგრამ აქ მისი გამოყენებით აჩვენებს, რომ შემოწმებას დღგ-ის დარიცხვა განხორციელებული აქვს საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით. დღგ-ის დარიცხვით დადგინდა, რომ --------- ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს 5 583 ლარი. შემმოწმებელმა ამის შემდეგ აწარმოა მოგების და დივიდენდის გადასახადის დარიცხვა, რისთვისაც იღებს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას 310 169 ლარს, რომელიც ჯამურად არის 366 000 ლარი (ე.ი. საბაზრო ფასი), აღნიშნულ თანხას ყოფს 85%-ზე და საბაზრო ფასს, რომელიც არის დღგ-ის ჩათვლით, დაემატა მოგების, დივიდენდის გადასახადი და მოგების და დივიდენდის გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 430 588.2 ლარით, რომელიც საბაზრო ფასს აღემატება 64 314 ლარით. აღნიშნულ თანხას შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით გამოაკლდა შენობის შესყიდვის ღირებულება 96 216.8 ლარი და მოგების და დივიდენდის გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 334 098 ლარით. აღნიშნულ თანხას დაერიცხა მოგების გადასახადი 15%, თანხით 50 314 ლარი. დივიდენდის დარიცხვის მიზნით, 334 098 ლარს შემმოწმებელმა გამოაკლო დარიცხული მოგება და განისაზღვრა დივიდენდის დასაბეგრი ბრუნვა 283 983 ლარი, რომელსაც დაერიცხა 5%-იანი გადასახადი თანხით 14 200 ლარი. აღნიშნულ შემთხვევაში დარიცხული და გადასახდელად აღიარებული დღგ ჩართულია დასაბეგრ ბრუნვაში და დღგ-ის თანხას დაერიცხა მოგების და დივიდენდის გადასახადი, ე.ი გადასახადს დაერიცხა გადასახადი. აგრეთვე საბაზრო ფასი გაიყო 85%-ზე და საბაზრო ფასს დაემატა მოგების და დივიდენდის გადასახადი, ჯამური თანხით 64 314 ლარი, რითაც დასაბეგრი ბრუნვა ხელოვნურად გაზარდა შემმოწმებელმა.

აღნიშნული მეთოდით გადასახადის დარიცხვას არ ეთანხმება, არა იმიტომ. რომ არ უნდა გადასახადის გადახდა, არამედ საგადასახადო კოდექსში გადასახადების დარიცხვის ასეთი პრინციპი არ არსებობს.

კომპანიაზე შემოწმებით დარიცხულია და გადასახდელად აღიარებულია დღგ-ის გადასახადი 55 831 ლარი, რომელიც შემმოწმებლის მიერ ჩართულია მოგების და დივიდენდის დასაბეგრ ბრუნვაში და ბიუჯეტში გადასახდელ დღგ-ის თანხას დაერიცხა მოგების და დივიდენდის გადასახადი, რომელიც დარიცხული მოგების და დივიდენდის საერთო თანხებშია ჩართული. ითხოვს მიეთითოს საგადასახადო კოდექსის რომელი მუხლით არის გათვალისწინებული, ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხული დღგ ჩართული იქნეს დასაბეგრ ბრუნვაში, რომელსაც დაერიცხება მოგების და დივიდენდის გადასახადი. უფრო კონკრეტულად, სად არის გათვალისწინებული ბიუჯეტში გადასახადის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად აღიარება.

შემოსავლების სამსახური 19.10.2023 წლის №25965 ბრძანებაში განმარტავს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს, რომელ განმარტებასაც ეთანხმება და კომპანიის შენობის ღირებულება დაბეგვრის მიზნებისათვის უნდა განისაზღვროს საბაზრო ფასით. აქ საგულისხმოა ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახური აქ შეგნებულად არ იყენებს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-4 ნაწილის განმარტებას, რომელიც ეხება ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ საბაზრო ფასს. კერძოდ მე-4 ნაწილში განმარტებულია, რომ „ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თანხა მოიცავს აქციზის, დამატებული ღირებულების გადასახადს და სხვა გადასახადს, რომელიც უნდა გადაიხადოს დაქირავებულმა“ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად დაქირავებულ მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება. საგადასახადო კოდექსის მუხლობრივი ანალიზით შემოსავლებს სამსახურს -----------, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული ყავს დაქირავებულ მუშად, 101-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაადგინა, რომ მიღებული საზღაური, ----------- მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალია. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, დაბეგვრის მიზნებისათვის იყენებს საბაზრო ფასს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მუხლობრივ განმარტებებს ეთანხმება, მაგრამ იგნორირებულია 101-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება, სადაც განმარტებულია, რომ მე-2 ნაწილისთვის დადგენილი საბაზრო ფასი მოიცავს აქციზს, დღგ-ს და სხვა გადასახადებს. ზემოთ მოყვანილი მუხლობრივი განმარტებიდან გამომდინარე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასი, მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებს, მოიცავს დღგ-ის, მოგების და დივიდენდის გადასახადს. შემოწმებამ არ გაითვალისწინა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნა და დაუშვა შეცდომა.

ითხოვს მოხდეს გადასახადების გადაანგარიშება საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, სადაც განმარტებულია, რომ საბაზრო ფასი მოიცავს აქციზს, დღგ-ს და სხვა გადასახადებს, ე.ი ბიუჯეტში გადასახდელი თანხა არ აღიარდეს დასაბეგრ ბრუნვად, არ დაერიცხოს გადასახადო და მოგების და დივიდენდით დასაბეგრი ბრუნვა, კანონსაწინააღმდეგო არითმეტიკული გათვლებით, არ გაცდეს საბაზრო ფასს.

კომპანიის დაფუძნებისას ერთადერთი მიზანი იყო შპს -------- ---------- მიეღო თავისი აქციების შესაბამისი კუთვნილი ღირებულების ქონება და შეეტანა კაპიტალში. აღნიშნულ შემთხვევაში, აქციონერები ასრულებდნენ იურიდიული სამსახური მითითებებს. ---------- არასდროს არ უწარმოებია კომერციული საქმიანობა და არ იცოდა გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულ შემთხვევაში, სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით. აღიარებს, რომ მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამართალდარღვევის შესახებ. ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ ------------ მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შეგნებულად სამართალდარღვევას ადგილი არ ქონია.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ საქმის ვითარებიდან გამომდინარე, გადასახადების გადაუხდელობა გამოწვეულია პენსიონერ --------- მიერ საგადასახადო საქმიანობის არცოდნით. ითხოვს მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებას და შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე.

ასევე ითხოვს ქონების გადასახადის დარიცხვის განხორციელებას გაყიდვის საბაზრო ფასიდან გამომდინარე, რადგან იგი არის შენობის ფართის რეალური, უკვე შემდგარი საბაზრო ფასი.

ამგვარად ითხოვს:

1. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ დადგენილი შენობის საბაზრო ფასი 1 371 ლარი 1 კვ.მ-ზე აცდენილია რეალურ საბაზრო ღირებულებას, რომელიც დასტურდება შენობის ფართის ფაქტიური გაყიდვით, რომელიც 1კვ.მ-ზე შეადგენს 1 178 ლარს. გადასახადების გაანგარიშებისათვის გამოყენებული იქნეს შენობის ფართის ფაქტიური გაყიდვებიდან გამომდინარე, უკვე დადასტურებული, შემდგარი საბაზრო ფასი 1 178 ლარი 1 კვ.მ-ზე;

2. მოგების და დივიდენდის გადასახადების გაანგარიშება განხორციელდეს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, სადაც განმარტებულია, რომ საბაზრო ფასი მოიცავს აქციზის, დღგ-ს და სხვა გადასახადებს. აღნიშნულის ქმედებით თავიდან იქნება აცილებული მოგების და დივიდენდით დასაბეგრი ბრუნვების ხელოვნურად გადიდება;

3. ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდეს ფაქტიური გაყიდვის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, რომელიც არის შენობის ფართის რეალური, შემდგარი საბაზრო ღირებულება;

4. ----------- კომერციული საქმიანობა, შენობის ფართის შეძენამდე და შეძენის შემდეგ, არასდროს არ უწარმოებია. მან არ იცის გადასახადის გადახდასთან დაკავშირებული საკითხები. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებას და კომპანიის გათავისუფლებას შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმებისგან, რადგან შეცდომა გამოწვეულია პასუხისმგებელი პირის, ---------- საგადასახადო საკითხების უცოდინრობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანება (ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე) გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 17.03.2023 წლის №18590/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216.8 ლარი) შორის სხვაობის დივიდენდად დაკვალიფიცირების ნაწილში, საჩივარი სამსჯელოდ დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სწორედ საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა განიხილა მომჩივნის საჩივარი და 19.10.2023 წლის №25965 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილა რა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216,8 ლარი) შორის სხვაობის დივიდენდად დაკვალიფიცირება და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25965 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა. კერძოდ, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25965 ბრძანების შესაბამისად საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216.8 ლარი) შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დივიდენდად (ნაცვლად აქტში დაბეგრილი ხელფასისა) და დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები.

ამგვარად ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმებით დარიცხული თანხები.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, წარმოადგენს გარემოებებს და სადავო გარემოებად მიუთითებს ფაქტობრივი გარემოებებს, რაც შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25965 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან მომჩივანი არ მიუთითებს რა ნაწილში მიიჩნევს აღსრულებას შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25965 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამოდ.

რაც შეეხება მომჩივნის თხოვნას, შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმებისგან გათავისუფლების თაობაზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25965 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25965 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25965 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანება (ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე) გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 17.03.2023 წლის №18590/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას შორის სხვაობის დივიდენდად დაკვალიფიცირების ნაწილში, საჩივარი სამსჯელოდ დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმებით დარიცხული თანხები.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304