გადაწყვეტილება №24582/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2025
№ დოკუმენტი 24582/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 24582/2/2025

20 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 8.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24582/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 9.07.2024 წლის №16268 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.11.2024 წლის №002-203 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.12.2024 წლის №26567 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 517 070.66 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 226 043

დღგ - 47 204

მოგების გადასახადი - 133 893

საშემოსავლო გადასახადი - 44 919

ქონების გადასახადი - 27

ჯარიმა - 110 439

საურავი - 180 588.66

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2020 წლის 28 თებერვლიდან ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული აქვს სესხი 438 000 ლარის ოდენობით, ურთიერთდამოკიდებულ დაქირავებულ პირზე (დირექტორზე). ბუღალტრულ პროგრამაში გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტები არ არის ასახული.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სესხის თანხები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. საწარმო ასევე, დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად, პროცენტის თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შპს „---------“ და დამფუძნებელ ფიზიკურ პირს (---------) შორის 2019 წლის ნოემბერში გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, 425 000 ლარის ქონების შესაძენად (მისამართი: ქ. --------, საკადასტრო კოდი ----------). აღნიშნული ქონება წარმოადგენს კერძო სახლს.

გადამხდელის განმარტებით, მისი შეძენის მიზნობრიობაა სასაწყობე და საოფისე ფართად გამოყენება. თავის მხრივ, ფართი არის შეძენილი 2019 წლის 29 ოქტომბერს დირექტორის მიერ და პირადი მიზნებისთვის დატვირთულია იპოთეკით. ასევე, აღნიშნული ფართი არ არის გადასული საწარმოს საკუთრებაში და საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე რეგისტრირებული არ არის. ამასთან, კომპანიას 2019 და 2020 წლებში გადარიცხული აქვს 324 000 ლარი და ამავე დროს იგივე ფართი იჯარით აქვს აღებული „მეიჯარე პირისგან“ დირექტორისგან. იჯარის ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო გადასახადი შეადგენს ყოველთვიურად 2 500 ლარს. ხელშეკრულებით ფართის იჯარის თანხების გამოქვითვა არ ხდება კომპანიის მხრიდან არსებული ვალდებულებებიდან.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპანიის მიერ გაცემულ თანხები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სესხის თანხები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

3. გადასახადის გადამხდელს 2018, 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება, როგორც დასაბეგრი, ასევე ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები. გადასახადის გადამხდელი არ ახდენს პროპორციულ ჩათვლას მიღებულ გაუმიჯნავ საქონელსა და მომსახურებაზე. შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით განისაზღვრა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.12.2021 წლის №41615 ბრძანება და №002-460 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14245 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, პირველ, მე-5 (თანამშრომელზე გაცემულ სესხზე დარიცხული გადასახადები) და მე-6 (დღგ-ის ჩათვლის გაუქმება) სადავო საკითხებთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14245 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 31 იანვრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 თებერვლის №2054 ბრძანება და 2023 წლის 9 თებერვლის №002-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12792 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 28.09.2023 წლის №20214/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28752 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნების საკითხი, მათ შორის, განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები და თუ დასტურდება, აღნიშნული თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28752 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2024 წლის 30 მაისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 5.06.2024 წლის №002-104 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 9.07.2024 წლის №16268 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნების საკითხი, მათ შორის, განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები და თუ დასტურდება, აღნიშნული თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.07.2024 წლის №16268 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2024 წლის 4 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 12.11.2024 წლის №002-203 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.12.2024 წლის №26567 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნების საკითხი, კერძოდ, გაანალიზდა გადამხდელის მიერ შემოწმებულ და მომდევნო პერიოდებში შემოსავლების სამსახურში წარდგენილ დეკლარაციებში ასახული მონაცემები, მათ შორის, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციაში ასახული ინფორმაცია, თვის ბოლოსათვის ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ. ანალიზის შედეგად, არ გამოკვეთილა იმ ოდენობის თანხის ხარჯვის საჭიროება, რაზეც გადამხდელი მიუთითებს, არ განხორციელებულა რაიმე აქტივის შეძენა. რაც შეეხება საბრუნავ ფულად სახსრებს, წინა პერიოდთან არსებითი სხვაობა არ იკვეთება. შედეგად, ვინაიდან არ დადასტურდა აღნიშნული თანხის დაბრუნების და საწარმოში არსებობის ფაქტი, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

ამასთან, გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ სადავო საკითხთან, კერძოდ, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ პროპორციულ ჩასათვლელ თანხასთან და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლილი თანხის გაუქმებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისე გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №28752 და 2024 წლის 9 ივლისის №16268 ბრძანებებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. საწარმომ 2020 წლის 28 თებერვალს წერილობით გააფორმა სესხის ხელშეკრულება ------- (პარტნიორთან და დირექტორთან). სესხის ხელშეკრულების (რომელიცწარუდგინა საგადასახადო შემმოწმებლებს მოთხოვნისთანავე) მიხედვით, ეს სესხი არის პროცენტიანი (წლიური 20% სარგებლით), სესხით სარგებლობის ვადა - 1 წელი და 4 თვე (ანუ, 2021 წლის 30 ივნისამდე, რაც სრულად მოექცა საგადასახადო შემოწმების პერიოდში), ხოლო სესხის შესაძლო მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 450000 ლარით. აღნიშნული თანხიდან პირველი ტრანში 100000 ლარი გაცემული იქნა იმავე დღეს, 28.02.2020 წელს, ხოლო შემდეგ კიდევ 2-ჯერ მოხდა სესხის გაცემა 280000 და 58000 ლარის ოდენობით. ამრიგად, სულ ფაქტობრივად --------- გაცემული იქნა 438000 ლარი, რაც შესაბამისად არის ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული (საბუღალტრო ფაილი თავიდანვე წარედგინა საგადასახადო შემმოწმებლებს, შემოწმების დაწყებისას).

საგადასახადო შემოწმებამ გაცემული თანხები დაბეგრა მოგების გადასახადით 77294 ლარი ჯამში (სხვა მცირე სხვაობების გათვალისწინებით, დამატებით დაარიცხა 76906 ლარი), რასაც ეთანხმება, მაგრამ შემმოწმებლებმა, გაუგებარი მიზეზების გამო, 2021 წლის ივნისის მოგების გადასახადის დეკლარაციის შემოწმებისას, არ გაითვალისწინეს ამ სესხის თანხის 438000 ლარის უკან დაბრუნების ფაქტი, რაც სრულად დააბრუნა --------- 30.06.2021 წელს, როგორც ამას გაფორმებული ხელშეკრულების 2.2 პუნქტი ითვალისწინებდა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებას 2021 წლის ივნისის სავადოთი უნდა შეემცირებინა მოგების გადასახადი 77294 ლარის ოდენობით, როგორც ეს გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 98(2) მუხლის მე-8 ნაწილით! ამიტომ, ითხოვს ამ თანხით - 77294 ლარით მოგების გადასახადის შემცირებას;

2. --------- წერილობით გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაში, მუხლი 2.1. პირდაპირ არის აღნიშნული:

„მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნული სესხი იქნება სარგებლიანი და მას დაერიცხება სესხით სარგებლობის პროცენტი წლიური 20%-ის ოდენობით. სარგებლის დარიცხვა მოხდება სასესხო ძირი თანხების ფაქტობრივი სარგებლობის შესაბამისად ამ სარგებლობის პერიოდზე“.

ამგვარად, მხარეთა ნება, რომ ეს სესხი არის არა უპროცენტო, არამედ პროცენტიანი (საბაზრო პროცენტით), გამოხატულია მკაფიოდ, რაიმე ორაზროვნების გარეშე და დაფიქსირებულია წერილობით. შესაბამისად, არ არსებობს სესხით უპროცენტოდ განხილვისა და სარგებლის ხელფასად აღიარების საფუძველი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ამ სესხზე დარიცხული პროცენტები საბუღალტრო პროგრამაში არ იყო ასახული, განმარტავს, რომ ამის მიზეზი მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა. კერძოდ, სესხი მოიცავს 2020- 2021 წლებს და 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა ჰქონდა 2021 წლის 1 ოქტომბრამდე, მაშინ როცა საბუღალტრო ფაილი შემმოწმებლებს ამ თარიღამდე წარუდგინა. საბუღალტრო ანგარიშებისა და ოპერაციების გადამოწმება უნდა მომხდარიყო სწორედ ფინანსური ანგარიშგების მომზადების დროს, რაც ფერხდება იმის გამო, რომ კომპანია 2020 წელთან მიმართებით პირველად გახდა მე-3 ზომითი კატეგორიის საწარმო და მას დაევალა ფინანსური ანგარიშგების მომზადება მსს ფასს-ის მიხედვით, რაც შრომატევადია (განსაკუთრებით, როცა ის პირველად მზადდება). მათ შორის, მსს ფასს-ის დებულებების თანახმად, გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტები უნდა აისახოს არა წრფივად, როგორც ეს ადრე იყო, არამედ დისკონტირებული ოდენობით, რაზეც კვალიფიციური კონსულტანტის დახმარებაა საჭირო.

გარდა ამისა, რაც მთავარია, საბუღალტრო პროგრამაში ასახული ჩანაწერი ან მისი არარსებობა არ შეიძლება იქნეს მიჩნეული უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე წერილობითი დოკუმენტი, რომლისგანაც გამომდინარეობს საბუღალტრო გატარება და არა პირიქით.

აშკარაა, რომ ამ ნაწილში, საგადასახადო შემოწმებამ ჯეროვნად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები.

შესაბამისად, ითხოვს საშემოსავლო გადასახადში ამ დარიცხვის - 47337 ლარის სრულად მოხსნას და შესაბამისი ჯარიმის გაუქმებას.

3. მომჩივანი მიუთითებს 2018-2020 წლებში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აცხადებს, რომ როდესაც „გამიჯვნა შეუძლებელია“, პროპორციის წესით დღგ-ის ჩათვლების დაზუსტება ხდება შესაბამისი წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში წლიური ბრუნვების პროპორციულად. 2019 წელს, თავად საგადასახადო შემოწმების მონაცემებით, ამ „გაუმიჯნავი“ დღგ-ის თანხაა 22302 ლარი, ხოლო დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების ხვედრითი წილი წლიურ ბრუნვაში - 63%. შესაბამისად, 2019 წლის მანძილზე პროპორციის წესით გასაუქმებელი დღგ-ის თანხაა 22302*63%=14050 ლარი, მაშინ, როცა შემოწმების შედეგებით, გაუქმებულია 18537 ლარის დღგ-ის ჩათვლა. შესაბამისად, ვითხოვთ ამ სხვაობის 18537-14050=4487 ლარის დღგ-ის ჩათვლას, ანუ დღგ-ში მომხდარი დარიცხვის შემცირებას 4487 ლარით და მისი შესაბამისი ჯარიმის მოხსნას.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს 2022 წლის 20 ივლისს წარუდგინა საინფორმაციო წერილი და დამატებითი მტკიცებულებები სამივე საკითხთან მიმართებაში, კერძოდ:

„პირველ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს:

ა) 28.02.2020 წლის სესხის ხელშეკრულებას ---------, სადაც აღნიშნულია, რომ სესხი იყო გაცემული 1 წლის და 4 თვის ვადით და სესხის ძირი თანხის დაფარვა იწურებოდა 2021 წლის 30 ივნისს;

ბ) 2021 წლის 30 ივნისის სშო-ის ასლი,--------- სესხის ძირი თანხის დაბრუნების თაობაზე;

გ) 2021 წლის 30 ივნისის ამონაბეჭდი კომპანიის საბუღალტრო პროგრამიდან, რომელშიც ჩანს, რომ --------- მიღებული სესხის თანხა ასახულია ბუღალტრულ აღრიცხვაში (აქ დამატებით აღნიშნავს, რომ საბუღალტრო პროგრამის ფაილი თავისდროულად გადაეცა საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს, საგადასახადო შემოწმების დაწყებისას);

დ) შედარების აქტი ---------, რომელიც ადასტურებს, რომ თანხა დაბრუნებულია და სესხის ძირი დავალიანება განულებულია 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით. მე-2 საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს:

ა) 28.02.2020-30.06.2021 წლების პერიოდზე -------- გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის გაანგარიშებას ექსელში წლიური 20%-ის ოდენობით;

ბ) 2021 წ. 1 ივლისის ამონაბეჭდი საბუღალტრო პროგრამიდან, რომლიდანაც ჩანს, რომ ზემოაღნიშნული საპროცენტო დავალიანების მოთხოვნა აღრიცხულია ბალანსზე. მე-3 საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს:

ა) გაანგარიშება ექსელის ცხრილის სახით, სადაც ჩანს საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემებში დაშვებული მექანიკური არითმეტიკული შეცდომა 2019 წლის დღგ-ის ჩათვლების გასაუქმებული თანხის გამოთვლისას.

ბ) დამატებით შენიშნავს, რომ საწარმოს 2019 წლის დღგ-ით დასაბეგრი და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები უკვე აუდიტირებულია საგადასახადო შემმოწმებლების მხრიდან, ასახულია საგადასახადო შემოწმების აქტში, ამ რიცხვებს ეთანხმება და რამე სხვა ახალი ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლებელია, რადგან ყველა სახის ინფორმაცია მიწოდებულია საგადასახადო შემმოწმებლებისათვის დასრულებული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში და უკვე დამუშავებულია მათ მიერ“.

ამ საინფორმაციო წერილს დამატებითი მტკიცებულებების სახით თან დაურთო შემდეგი დანართები:

- 28.02.2020 წ. სესხის ხელშეკრულება ----------;

- 2021 წლის 30 ივნისის სშო-ის ასლი, ---------- სესხის ძირი თანხის დაბრუნებაზე;

- 2021 წლის 30 ივნისის ამონაბეჭდი კომპანიის საბუღალტრო პროგრამიდან, --------- დაბრუნებული სესხის თანხაზე;

- შედარების აქტი ----------, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით;

- 28.02.2020-30.06.2021 წლების პერიოდზე ---------- გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის გაანგარიშება ექსელში წლიური 20%-ის ოდენობით;

- 1.7.2021 წლის ამონაბეჭდი საბუღალტრო პროგრამიდან, სადაც ასახულია ---------- საპროცენტო დავალიანება კომპანიის წინაშე;

- გაანგარიშება ექსელის ცხრილის სახით, სადაც ჩანს საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემებში დაშვებული მექანიკური არითმეტიკული შეცდომა 2019 წლის დღგ-ის ჩათვლების გასაუქმებული თანხის გამოთვლისას.

დიდი იმედი ჰქონდა, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების წარმოდგენის შენდეგ აუდიტის დეპარტამენტი მოახდენდა დარიცხული თანხების გადაანგარიშებას, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

ძალიან სამწუხაროა, რომ საგადასახადო ორგანომ ამ საკითხებთან დაკავშირებით უარი კვლავ მასთან ერთად განხილვის შემდეგ გამოიტანა .. კი, 30 ივნისის ბოლოს მითითებული სალაროს ნაშთი მართლაც იყო და რამე მსხვილი აქტივიც არ შეუძენია, მაგრამ ფაქტია, რომ ივლისში დივიდენდი გასცა 161 500 ლარი (რისი შესაძლებლობაც სწორედ დაბრუნებულმა თანხამ მისცა) და მნიშვნელოვნად შემაცირა კრედიტორული დავალიანება მიმწოდებლის წინაშე, რაც მაშინაც და ახლაც დიდი სიდიდეა მისთვის.

სულ გაცემული დივიდენდის გარდა, ივლის-აგვისტოში სალაროს ნაშთი შემცირდა 518 863 ლარით (სხვაობა ივლის-აგვისტოში შემოსულ და გასულ თანხებს შორის). მართალია სალაროს ნაშთი კვლავ დარჩა, მაგრამ მნიშვნელოვნად ნაკლები იმაზე, რაც იყო და დარჩა ის ძირითადად მყიდველებისაგან აგვისტოს მე-2 ნახევარში შემოსული თანხების გამოა, ანუ ივნისის ბოლოს დირექტორის მიერ დაბრუნებული თანხა ივლის-აგვისტოში სრულად გაიხარჯა. ამიტომ კვლავინდებურად ითხოვს 2012 წლის ივნისის თვეში მოგების გადასახადის შემცირებას.

საგადასახადო ორგანო კვლავ დუმს და ისევ არაფერს ამბობს იმ საკითხზე, რომ როდის უნდა ჩაითვალოს კომპანიამ -------(დირექტორზე) გაცემული სესხზე შემოწმების შედგეად დარიცხული მოგების გადასახადი? ეს სესხი ხომ შემოწმების პერიოდშია დაბრუნებული.

რაც შეეხება გასაჩივრებულ მე-3 საკითხს რატომ არ დაკმაყოფილდა, ასევე გასუგებარია.

ამ საკითხზე შემმოწმებელს ჰქონდა ზეპირი კომუნიკაცია ახალ მთავარ ბუღალტერთან (შემოწმების დასრულების შემდეგ აყვანილთან) და დაახლოებით ასეთი რამ უთხრა: „საჩივარში დაფიქსირებულ პროპორციულ ჩათვლასთან დაკავშირებით ცდომილებაზე, რომ გიწერიათ, ხელახლა გადავიანგარიშეთ და იგივე თანხაზე გავდივართო, უბრალოდ აქ მითვლილია ის თანხებიც, რომლებიც ჩათვლას არ ექვემდებარებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო და დაჯამებულად არის წარმოდგენილიო“. ითხოვს, ეს „უბრალოდ“ გათვალისწინებული „სხვადასხვა მიზეზები“ დეტალურად აეხსნას, რაც ამ პროპორციულ ჩათვლის თანხაზე ჰქონდათ მიწერილი, მაგრამ უარი ეთქვა. შემდეგ ითხოვა წერილობით მოეწერა აღნიშნული ზეპირი განმარტება, მაგრამ ამას არ ვაკეთებთო.

ხოდა, რა გაიგოს ამ „სხვადასხვა მიზეზებიდან“? ამის შესახებ საგადასახადო შემმოწმებელი არც თავდაპირველ აქტში წერს არაფერს და არც 30.05.2024 წლის დაც 4.11.2024 წლის დასკვნაში, ხოლო არითმეტიკული პროპორციით კი ზუსტად ისეა, როგორც ასაჩივრებს და ითხოვს (არითმეტიკაზე არ ედავებიან, რადგან ამაზე დავა შეუძლებელია)! საგადასახადო შემმოწმებელი მართალიც, რომ იყოს, მინიმუმ, ხომ უნდა დაასაბუთოს, ახსნას თავისი დარიცხვის საფუძველი, რომ კვალიფიციურად შეძლოს გასაჩივრება დავის ამა თუ იმ ეტაპზე. თორემ რა გამოდის: მტკიცებულებებს თხოვენ, რომლებსაც წარდგენის შემდეგაც კი არ ითვალისწინებენ და თავად კი ყოველგვარი ახსნა-განმარტებებისა და მტკიცებულების გარეშე არიცხავენ თანხებს! აშკარაა, რომ მოდავე მხარეთა თანასწორობის პრინციპი სრულად უგულებელყოფილია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოითხოვს, მოეხსნას უსამართლოდ ან გადაჭარბებული სიმკაცრით დარიცხული გადასახადები და შესაბამისი ჯარიმები და საურავები.

დამატებით აღნიშნავს, რომ საწარმო ისედაც იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში რიგი სირთულეების გამო და ამხელა დაკისრებული თანხის გადახდა არ შეუძლია. საჩივრის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, რაც დარჩება გადასახდელად ბიუჯეტში, ისიც კი კოლოსალური ოდენობის თანხაა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28752 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნების საკითხი, მათ შორის, განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები და თუ დასტურდება, აღნიშნული თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28752 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2024 წლის 30 მაისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 5.06.2024 წლის №002-104 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 9.07.2024 წლის №16268 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნების საკითხი, მათ შორის, განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები და თუ დასტურდება, აღნიშნული თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.07.2024 წლის №16268 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2024 წლის 4 ნოემბერს გამოცემული დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნების საკითხი, რა დროსაც ასევე გაანალიზდა გადამხდელის მიერ შემოწმებულ და მომდევნო პერიოდებში შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ დეკლარაციებში ასახული მონაცემები, მათ შორის, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში ასახული ინფორმაცია თვის ბოლოსათვის ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ. ანალიზის შედეგად, არ გამოკვეთილა იმ ოდენობის თანხის ხარჯვის საჭიროება, რაზედაც გადამხდელი მიუთითებს, არ განხორციელებულა რაიმე აქტივის შეძენა. რაც შეეხება საბრუნავ ფულად სახსრებს, წინა პერიოდთან არსებითი სხვაობა არ იკვეთება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2021 წლის ივნისის მდგომარეობით ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით გადამხდელის მიერ გარდა სესხის თანხისა, აღრიცხული ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 300 000 ლარამდე თანხას, რომელიც სავარაუდოდ ივლისის თვეში გაცემული დივიდენდის დასაფარად იქნა გამოყენებული (დივიდენდის გაცემის თარიღი 2 ივლისი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რომელიც შესაძლოა საბჭოს მხრიდან გათვალისწინების და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მომჩივანი სადავოდ ხდის დღგ-ის ჩასათვლელ თანხას, რაც შემოსავლების სამსახურს 22.11.2023 წლის №28752 ბრძანებით და 9.07.2024 წლის №16268 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს არ დავალებია აღნიშნული საკითხის შესწავლა. ამდენად, ამ საკითხზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 9.07.2024 წლის №16268 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 9.07.2024 წლის №16268 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 9.07.2024 წლის №16268 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 9.07.2024 წლის №16268 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2024 წლის 4 ნოემბერს გამოცემული დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნების საკითხი, რა დროსაც ასევე გაანალიზდა გადამხდელის მიერ შემოწმებულ და მომდევნო პერიოდებში შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ დეკლარაციებში ასახული მონაცემები, მათ შორის, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში ასახული ინფორმაცია თვის ბოლოსათვის ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ. ანალიზის შედეგად, არ გამოკვეთილა იმ ოდენობის თანხის ხარჯვის საჭიროება, რაზედაც გადამხდელი მიუთითებს, არ განხორციელებულა რაიმე აქტივის შეძენა. რაც შეეხება საბრუნავ ფულად სახსრებს, წინა პერიოდთან არსებითი სხვაობა არ იკვეთება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2021 წლის ივნისის მდგომარეობით ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით გადამხდელის მიერ გარდა სესხის თანხისა, აღრიცხული ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 300 000 ლარამდე თანხას, რომელიც სავარაუდოდ ივლისის თვეში გაცემული დივიდენდის დასაფარად იქნა გამოყენებული (დივიდენდის გაცემის თარიღი 2 ივლისი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

 

გადაწყვეტილება

საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 9.07.2024 წლის №16268 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304(21)