ბრძანება N 10267
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10267
08 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 4, 23, 24 თებერვლის და 23 აპრილის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 მარტის, 2 და 30 აპრილის სხდომებზე (ოქმები №24; №29; №34) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 4 თებერვლის №100560/1/2026, 23 თებერვლის №100974/1/2026, 24 თებერვლის №100989/1/2026 და 23 აპრილის №101940/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის №006-571 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანდასწრებით 2023 წლის 26 ოქტომბრის თვეში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ფაქტობრივად დათვლილი იქნა 710 050 ლარის თვითღირებულების პროდუქცია. ინვენტარიზაციის დროს პროდუქცია მითვლილია საცალო ღირებულებით, რომელიც აღებულია დახლზე მიკრული ფასებით. გასათვალისწინებელია ის, რომ გამოცხადებულ ფასად პროდუქცია არასდროს გაყიდულა, არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სასაქონლო ზედდებული და ექსპორტის დეკლარაციები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თითოეულ პროდუქციას აქვს ვადები, ხოლო ვადის გასვლამდე პროდუქციის დარჩენილი რაოდენობიდან გამომდინარე, კომპანია იწყებს დაბალი მარჟით გაყიდვას ამოყიდვის მიზნით. აღნიშნავს, რომ საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 25-40%, ხოლო შემოწმების მიერ არასწორად მოხდა შედეგების გამოყვანა და შესაბამისი გადასახადების/ჯარიმის დარიცხვა.
2.გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ უძრავი ქონება იყო უზრუნველყოფილი კომპანიის კრედიტში, აღნიშნული ქონების შეფასება ყოველწლიურად ხორციელდებოდა ---- ბანკის მიერ, ქონება 2024 წელს შეფასდა 445 000 დოლარად და აღნიშნულის შესაბამისად მოხდა დეკლარირებაც.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივლისის №14682 და 7 აგვისტოს №17785 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 25 დეკემბრის №28404 ბრძანება და ამავე თარიღის №006-571 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 641 104 ლარი, მათ შორის გადასახადი 389 845 ლარი, ჯარიმა 188 187 ლარი და საურავი 63 072 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „-----“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლს 18 აპრილს, დღგ-ის გადამხდელად 2017 წლის 26 აპრილს. გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა პარფიუმერიით, კოსმეტიკით და სალონის ინვენტარით, რომელთა შეძენას ახორციელებას იმპორტის გზით -----, ხოლო რეალიზაციას მის კუთვნილ ობიექტში - ქ. ------ში. გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ პასუხობდა ზარებს და არ აქვს გადმოგზავნილი შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტები საგადასახადო ორგანოში, არ აფიქსირებს შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო სმფ-ების ნაშთებს. შემოწმების მიმდინარეობისას დაჯარიმებულია ინფორმაციის წარუდგენლობაზე 2- ჯერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად. საგადასახადო მონტორინგს დეპარტამენტის მიერ შპს „----“ კუთვნილ ობიექტზე 2023 წლის 26 ოქტომბერს №26390 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით განისაზღვრა 1 509 689.50 ლარის ოდენობით. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი მასალებით (საწყის ნაშთად განისაზღვრა 2023 წლის 26 ოქტომბერი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ნაშთებს შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმების მიმდინარეობის პროცესში დადგინდა, რომ გადამხდელს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც შეძენილია 2019 წელს. საწარმოს აღნიშნულ ძირითად საშუალებებზე აფასება არ მოუხდენია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე მუხლის 41 ნაწილის, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის საფუძველზე, შემოწმების მიერ განისაზღვრა შემდეგ მისამართებზე მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებები: ქ. ------ში ფართი პირველ სართულზე 113,88 კვ.მ (ს/კ -----) და ნახევარსარდაფი 104,59 კვ.მ (ს/კ -----). შემოწმებით დაკორექტირდა 2022-2024 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და პირს დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობს შემოწმებასთან, არ აქვს წარდგენილი შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, საგადასახადო მონტორინგს დეპარტამენტის მიერ შპს „----“ კუთვნილ ობიექტზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით, სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით განისაზღვრა 1 509 689.50 ლარის ოდენობით. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი მასალებით და ნაშთებს შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად. აღნიშნულის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, ხოლო შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადა სახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბა ზრო ფასით.
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც შეძენილია 2019 წელს. საწარმოს აღნიშნულ ძირითად საშუალებებზე აფასება არ მოუხდენია. შემოწმების მიერ განისაზღვრა შემდეგ მისამართებზე მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებები: ქ. ------ში ფართი პირველ სართულზე 113,88 კვ.მ (ს/კ -----) და ნახევარსარდაფი 104,59კვ.მ (ს/კ -----) და დაკორექტირდა 2022-2024 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა პარფიუმერიით, კოსმეტიკით და სალონის ინვენტარით, რომელთა შეძენას ახორციელებას იმპორტის გზით. შემოწმების მიმდინარეობისას დაჯარიმებულია ინფორმაციის წარუდგენლობაზე 2- ჯერ. ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით განისაზღვრა 1 509 689.50 ლარის ოდენობით.
ნაშთებს შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა.
შემოწმების მიმდინარეობის პროცესში დადგინდა, რომ გადამხდელს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც შეძენილია 2019 წელს.შემოწმების მიერ განისაზღვრა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებები. შემოწმებით დაკორექტირდა 2022-2024 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და პირს დაერიცხა ქონების გადასახადი.
გადაწყვეტილება
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159(1);163(1,2):101(1):154(1);202(1):205(2):