გადაწყვეტილება №27682/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.07.2026
№ დოკუმენტი 27682/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27682/2/2026

30 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- (ს/ნ ----- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 10.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 29.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27682/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2026 წლის N 081-83 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.06.2026 წლის N 12782 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 79 329.55 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 52 490 ლარი;

ჯარიმა - 14 583 ლარი;

საურავი - 12 256.55 ლარი;.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივნის საქმიანობაა კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით მომხმარებლისთვის ინტერნეტისა და პროგრამული მომსახურების მიწოდება (კიბერკაფეს ტიპის სერვისი).

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 თებერვლის N 4560 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 13.05.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2026 წლის N 10684 ბრძანება და N 081-83 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.06.2026 წლის N 12782 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.

ფაქტების აღწერა:

გადასახადის გადამხდელს რეგისტრირებული აქვს 1 (ერთი) საკონტროლო - სალარო აპარატი და 1 (ერთი) პოსტერმინალი. მომჩივანმა შემოწმების პროცესში წარადგინა საბანკო ამონაწერები. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 2024 წლის 4 იანვარს გადააჭარბა დღგ-ის 100 000 ლარიან ზღვარს. შესაბამისად, ამ თარიღიდან განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და დადგინდა რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა (291 677 ლარი), რაც დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე, 61-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 165-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომსახურებით მიღებული თანხა, რომელიც ფაქტიურად მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს შეადგენს 291 677 ლარს, შესაბამისად, არ უნდა მოხდეს აღნიშნულ თანხაზე ზემოდან დღგ-ის დარიცხვა. თვლის, რომ დამატებით დასარიცხი დღგ შეადგენს (291677/1.18*0.18) 44 493 ლარს ნაცვლად 52 490 ლარისა, შესაბამისად, შემოწმებით არასწორად იქნა გაანგარიშებული/დარიცხული გადასახადი. ასევე, მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი ყოველთვიურად, ახდენდა მცირე ბიზნესის ყოველთვიური საშემოსავლო დეკლარაციების ჩაბარებას და იხდიდა გადასახადს. წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის წესს. შემოსავალს იღებდა საბანკო ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვით და ახდენდა მის ყოველთვიურ დეკლარირებას/გადასახადების გადახდას. თუკი საგადასახადო ორგანო თავის დროზე გააკეთებდა წარდგენილი დეკლარაციების ანალიზს ბევრად უფრო ადრე აღმოაჩენდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შემთხვევას, გაუგებრობას ადგილი არ ექნებოდა და განსხვავებული შედეგი დადგებოდა. ასევე, დამატებით სანქციების არ დაეკისრებოდა.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საკონტროლო - სალარო აპარატის ამონაწერით, პოსტერმინალითა და საბანკო ამონაწერების მიხედვით, მომჩივანს 2024 წლის 4 იანვრიდან წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, ხოლო შემდგომ პერიოდში მიღებული შემოსავლები დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

მომჩივანი განმარტავს, რომ მომსახურებით მიღებული თანხა, რომელიც ფაქტიურად მოიცავს დღგ-ს, შეადგენს 291 677 ლარს, შესაბამისად, არ უნდა მოხდეს აღნიშნულ თანხაზე ზემოდან დღგ-ის დარიცხვა. თვლის, რომ დამატებით დასარიცხი დღგ შეადგენს (291677/1.18*0.18) 44 493 ლარს ნაცვლად 52 490 ლარისა, შესაბამისად, შემოწმებით არასწორად იქნა გაანგარიშებული/დარიცხული გადასახადი.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენდა 344 188 ლარს, დღგ-ის ჩათვლით, საიდანაც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 291 677 ლარი დღგ-ის გარეშე, აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა სანქცია.

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია არ არსებობს მისი გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტების აღწერა:

ფაქტების აღწერა მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2026 წლის N 081-83 საგადასახადო მოთხოვნით დაერიცხა ჯამში 79 329.55 ლარი, მათ შორის: დღგ - 52 490 ლარის, ჯარიმა 14 583 ლარი და საურავი 12 256.55 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 282-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამასთან, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი მიუთითებს შეცდომაზე/არცოდნაზე და კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

1. საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა საგადასახადო ვალდებულება. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დავა გაგრძელდა შესაბამის ორგანოში;

2. საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა დღგ, ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება:

პირველ შემთხვევაში: საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ასევე მეორე შემთხვევაში: საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგკოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 282; 269(7);.