ბრძანება N 9319
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9319
22 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 29 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 აპრილის სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2024 წლის 29 მარტის №88779/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 მარტის №249-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ჯართის შეძენების დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით და აცხადებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მხოლოდ მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული, რომ ჯართი შეძენილია ფიზიკური პირებისგან. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებას სრულად არ აქვს შესწავლილი შავი და ფერადი ლითონის აღრიცხვის ჟურნალები, ასევე, არ აქვს გათვალისწინებული შესყიდვის აქტები. მისი განმარტებით, არასწორია დოკუმენტური შეძენებიდან მინიმალური ფასის აღება და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენება;
2. არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების ოდენობას და აცხადებს, რომ გაუგებარია, შემმოწმებელმა როგორ გაიანგარიშა აღნიშნული თანხა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №1164 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი თებერვლიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 15 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 19 მარტის №5919 ბრძანება და ამავე თარიღის №249-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 9 217 160 ლარი, მათ შორის, გადასახადი 5 931 189 ლარი, ჯარიმა 2 965 695 ლარი და საურავი 320 276 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
„1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს შავი და ფერადი ლითონების შეძენარეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს შეძენების გარკვეული რაოდენობა განხორციელებულია ელექტრონულად სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით. გადამხდელმა ზეპირი განმარტებით განაცხადა, რომ შეძენების დიდი ნაწილი განხორციელებულია ფიზიკური პირებისგან, რომლის აღრიცხვას საწარმო ნაწილობრივ აწარმოებს ჯართის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში.
აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა შემოწმებისთვის ვერ მოხერხდა. წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების ანალიზით კი დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით დადგენილი ვალდებულება. საგადასახადო შემოწმება სრული შეძენების დასადგენად დაეყრდნო გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებით განხორციელებულ შეძენებს სრულად, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ყოფილა წარმოდგენილი, შემოწმებამ იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯი განსაზღვრულ იქნა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით. აღნიშნული მეთოდით გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენილმა ჯართმა შეადგინა 30 436 623 ლარი, რომელიც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. საწარმოს საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა შემოწმებით არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდში. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო მ/წლის 11 აპრილს 13:00 საათზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა დავაზე. ამასთან, არ ყოფილა წარმოდგენილი განცხადება საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შეძენების დიდი ნაწილი განხორციელებულია ფიზიკური პირებისგან, რომლის აღრიცხვას საწარმო ნაწილობრივ აწარმოებს ჯართის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი. ამასთან, გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით დადგენილი ვალდებულება.
შემოწმება შეძენების დასადგენად დაეყრდნო გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებით განხორციელებულ შეძენებს სრულად, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ყოფილა წარმოდგენილი, იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯი განსაზღვრულ იქნა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხდება საქონლის რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვა, შეუძლებელია კონტროლი საწარმოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. გადამხდელს განხორციელებულ რეალიზაციებზე გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები. შეძენების უმრავლესობა არის ფიზიკური პირებისგან. შეძენის აღრიცხვისას გადამხდელი იყენებს სპეციალური აღრიცხვის ჟურნალს, სადაც სრულად არ არის ასახული მის მიერ განხორციელებული შეძენები. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შეძენების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განპირობებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილით და გამოყენებულია იმ შეძენებზე, რაზეც არ ყოფილა სასაქონლო ზედნადები გამოწერილი და არც შესყიდვის აქტებში და ფერადი ლითონების აღრიცხვის ჟურნალში არ იყო შეტანილი. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში და საწარმოს საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა შემოწმებით არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში შედგენილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ჯართის შეძენების დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით ;
2.არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №1164 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი თებერვლიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 15 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 19 მარტის №5919 ბრძანება და ამავე თარიღის №249-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 9 217 160 ლარი, მათ შორის, გადასახადი 5 931 189 ლარი, ჯარიმა 2 965 695 ლარი და საურავი 320 276 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154; 1333.