გადაწყვეტილება №23426/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.01.2025
№ დოკუმენტი 23426/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23426/2/2024

14 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 3.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23426/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №006-527 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.06.2024 წლის №13802 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 188 493 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 113 241

დღგ - 47 946

მოგების გადასახადი - 1 234

საშემოსავლო გადასახადი - 64 061

ჯარიმა - 58 008

საურავი - 17 244

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა საცალო ვაჭრობა სპორტული ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით ----------.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 9 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 18.10.2023 წლის №25769 ბრძანება და №006-527 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. მე-2 სადავო საკითხთან (სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-3 სადავო საკითხთან (განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი №8-ით გაანგარიშებული იმპორტის საბაჟო რეჟიმით შეძენილი საქონლის ღირებულების 25% დაკვალიფიცირება საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 18.04.2024 წლის №22019/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33928 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 12.06.2024 წლის №13802 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემებით, ხოლო, 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე გაავრცელოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 12.06.2024 წლის №13802 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 12 მარტს, ხოლო 2020 წლის 30 იანვრიდან წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს. საქონლის შეძენა ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ---------- და ---------- იმპორტის გზით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილია სულ 570 741 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულების პროდუქცია. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგად აღრიცხული საქონლის ნაშთის საბაზრო ღირებულებამ (დღგ-ის ჩათვლით), 2023 წლის 9 ივნისის მდგომარეობით, შეადგინა 295 121 ლარი, ხოლო გადამხდელის მიერ აღნიშნულ საქონელზე განსაზღვრულმა თვითღირებულებამ კი 104 454 ლარი.

გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში წარმოდგენილი აქვს საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, თუმცა საქონლის მოძრაობის ამსახველი ჩანაწერები სრულყოფილი ფორმით ნაწარმოები არ არის, კერძოდ, საქონლის ჩამოწერა განხორციელებულია ყოველდღიურად, ხოლო შესაბამისი შემოსავალი აღრიცხულია ყოველთვიურად და თითოეული ოპერაციის ჭრილში დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ მოხერხდა. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებზე ნაწარმოები არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, ამასთანავე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადი დოკუმენტის გარეშე, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად იყო აღრიცხული კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები (კერძოდ, სმფ-ის ინვენტარიზაციამდე საანგარიშო პერიოდებში გადამხდელს დეკლარირებული აქვს 1 056 602 ლარის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, როცა შესამოწმებელი პერიოდის სმფის საწყისი ნაშთი შეადგენს 10 931 ლარს, მის მიერ შეძენილია 596 741 ლარის სმფ-ები, ინვენტარიზაციის ნაშთად აღრიცხულია სულ 104 454 ლარის თვითღირებულების სმფ-ები. ინვენტარიზაციით დადგენილმა საშუალო ფასნამატმა კი შეადგინა 139%).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელთაც განესაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი და გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, რის საფუძველზეც გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგად გაანგარიშებული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წელს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი - 139%-იანი ფასნამატი გაავრცელა სრულ საანგარიშო პერიოდზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და შემოსავლების სამსახურის მიდგომას. ითხოვს მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატის გავრცელებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემებით, ხოლო, 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე გაავრცელოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

რაც შეეხება, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საქონლის მიწოდებად ჩათვლას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე9 ნაწილის გამოყენების მიზანშეწონილობას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ რადგან გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საქონლის მიწოდებად ჩათვლა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

• ინვენტარიზაციის მასალების დამუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია უშუალოდ საქონლის მცოდნეს, ფაქტიური ნაშთი შეძენის დოკუმენტთან დააკავშირა ბუღალტერმა თავისი შეხედულებებიდან, ან მიახლოებითი დასახელებიდან გამომდინარე, რამაც გარკვეულ პოზიციებზე გამოიწვია შეცდომა. ზემოაღნიშნული შეცდომა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასნამატის და თავის მხრივ დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაზე. ითხოვს ზემოაღნიშნული საკითხი ხელახლა იქნეს შესწავლილი მისი უშუალო მონაწილეობით და მხედველობაში იქნეს მიღებული უშუალოდ საქონლის მცოდნის მიერ დაკავშირებული სახეობები.

• ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებლად ხელახალ შესწავლას უნდა დაექვემდებაროს ინვენტარიზაციის ფაქტიური აღწერის შედეგებზე დაყრდნობით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატის საკითხი, რადგან შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც ზრდის კონკრეტული კატეგორიების ფასნამატს და გავლენას ახდენენ საბოლოო შედეგებზე. (ფასნამატი: შორტი - 366%; შარვალი - 340%; ტანსაცმელი - 510%; მაისური - 810% და ა.შ).

• აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა ინვენტარიზაციის მასალებით და იგი გაავრცელა სრულ საანგარიშო პერიოდზე, მაგრამ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ივნისის N13802 ბრძანებით შეეზღუდა ზემოაღნიშნული ფასნამატის სრულ პერიოდზე გამოყენება.

• ითხოვს, ხელახალ შესწავლას დაექვემდებაროს გაანგარიშებული ფასნამატის საკითხი და შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ერთობლივი შემოსავალი, რომელიც გავლენას ახდენს დამატებული ღირებულების გადასახადისა და სალაროში წარმოშობილი ვირტუალური ფულის ნაშთზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, თუმცა წარდგენილი საქონლის მოძრაობის ამსახველი ჩანაწერები სრულყოფილი ფორმით ნაწარმოები არ არის, კერძოდ, საქონლის ჩამოწერა განხორციელებულია ყოველდღიურად, ხოლო შესაბამისი შემოსავალი აღრიცხულია ყოველთვიურად და თითოეული ოპერაციის ჭრილში დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ მოხერხდა. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებზე ნაწარმოები არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, ამასთანავე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადი დოკუმენტის გარეშე, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად იყო აღრიცხული კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები კერძოდ, სმფ-ის ინვენტარიზაციამდე საანგარიშო პერიოდებში გადამხდელს დეკლარირებული აქვს 1 056 602 ლარის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, როცა შესამოწმებელი პერიოდის სმფ-ის საწყისი ნაშთი შეადგენს 10 931 ლარს, მის მიერ შეძენილია 596 741 ლარის სმფ-ები, ინვენტარიზაციის ნაშთად აღრიცხულია სულ 104 454 ლარის თვითღირებულების სმფები. ინვენტარიზაციით დადგენილმა საშუალო ფასნამატმა კი შეადგინა 139%. საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელთაც განესაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი და გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.

18.04.2024 წლის საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წელს ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი - 139%-იანი ფასნამატი გაავრცელა სრულ საანგარიშო პერიოდზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და შემოსავლების სამსახურის მიდგომას ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2020-2021 წლები არის პანდემიის პერიოდი, რომელმაც მნიშვნელოვნად დაასახიჩრა სურათი ეკონომიკურ აქტივობებში. მართალია კომპანიას დოკუმენტური ფასნამატი არ აქვს, ითხოვს მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული გადასახადის გადამხდელის ფასნამატის გავრცელებას. ამასთან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი დანაკლისი, შემოწმებით ჩათვლილია შესაბამისი პერიოდების მიხედვით მიწოდებად (რეალიზაცია), იმ დროს როცა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენისათვის დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით. მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში, აუდიტის დეპარტამენტმა უნდა გამოიყენოს იგივე მიდგომა და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მსგავსად, საქონლის დანაკლისისათვის უნდა გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილი და აღნიშნულის გათვალისწინებით დაეკისროს ჯარიმა, არ უნდა ჩაითვალოს საქონლის მიწოდებად რაც, სადავო შემთხვევაშია გამოყენებული.

დავების განხილვის საბჭოს 18.04.2024 წლის №22019/2/2024 გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს დაევალა ემსჯელა მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატის მომჩივანზე გავრცელების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილ საქონლის დანაკლისზე (მიწოდებად ჩათვლის ნაცვლად) საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ. ამ მიზნით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში გაუქმდა და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 12.06.2024 წლის №13802 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემებით, ხოლო, 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე გაავრცელოს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის საანგარიშო პერიოდების (თვეების) მიხედვით დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად რეალიზებულად განხილვას და აღნიშნულის ნაცვლად მოითხოვა მის მიმართ გამოყენებული იქნას საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილი.

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, კერძოდ, თითოეული სასაქონლო ოპერაციის ჭრილში დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ ხერხდება, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის საანგარიშო პერიოდების (თვეების) მიხედვით, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად რეალიზებულად განხილვა მართებულია.

ამასთან, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 9.06.2023 წლის ჩათვლით პერიოდი.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა რეალიზებულად ჩათვლილია შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად.

მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის ბრძანებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ და საქმის გარემოებებით დადგენილი არ არის, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან აღნიშნული პროცედურის ჩატარებამდე პერიოდში მომჩივანს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა (საქონლის რეალიზაცია არ განუხორციელებია), სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის დროს, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად გადანაწილება მიზანშეწონილია არა მხოლოდ შესამოწმებელ პერიოდზე, არამედ, სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), რა დროსაც, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების შედეგად განსაზღვრული უნდა იქნას საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №006-527 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 58 008 ლარი და საურავი - 17 244 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ დავის განმხილველ ორგანოს ყურადღება უნდა მიაქციოს, იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მომჩივანი 3.07.2024 წლის №23426/2/2024 საჩივრით სადავოდ ხდის და მოითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №006-527 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

აღნიშნულ საკითხზე მიღებულია საბჭოს 18.04.2024 წლის №22019/2/2024 გადაწყვეტილება. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.06.2024 წლის №13802 ბრძანება;

3. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. საჩივარი მე-2 დავის საგნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, თუმცა წარდგენილი საქონლის მოძრაობის ამსახველი ჩანაწერები სრულყოფილი ფორმით ნაწარმოები არ არის, კერძოდ, საქონლის ჩამოწერა განხორციელებულია ყოველდღიურად, ხოლო შესაბამისი შემოსავალი აღრიცხულია ყოველთვიურად და თითოეული ოპერაციის ჭრილში დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ მოხერხდა. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებზე ნაწარმოები არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, ამასთანავე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადი დოკუმენტის გარეშე, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად იყო აღრიცხული კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები კერძოდ, სმფ-ის ინვენტარიზაციამდე საანგარიშო პერიოდებში გადამხდელს დეკლარირებული აქვს 1 056 602 ლარის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, როცა შესამოწმებელი პერიოდის სმფ-ის საწყისი ნაშთი შეადგენს 10 931 ლარს, მის მიერ შეძენილია 596 741 ლარის სმფ-ები, ინვენტარიზაციის ნაშთად აღრიცხულია სულ 104 454 ლარის თვითღირებულების სმფები. ინვენტარიზაციით დადგენილმა საშუალო ფასნამატმა კი შეადგინა 139%. საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელთაც განესაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი და გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. 18.04.2024 წლის საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წელს ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი - 139%-იანი ფასნამატი გაავრცელა სრულ საანგარიშო პერიოდზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და შემოსავლების სამსახურის მიდგომას ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2020-2021 წლები არის პანდემიის პერიოდი, რომელმაც მნიშვნელოვნად დაასახიჩრა სურათი ეკონომიკურ აქტივობებში. მართალია კომპანიას დოკუმენტური ფასნამატი არ აქვს, ითხოვს მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული გადასახადის გადამხდელის ფასნამატის გავრცელებას. ამასთან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი დანაკლისი, შემოწმებით ჩათვლილია შესაბამისი პერიოდების მიხედვით მიწოდებად (რეალიზაცია), იმ დროს როცა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენისათვის დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით. მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში, აუდიტის დეპარტამენტმა უნდა გამოიყენოს იგივე მიდგომა და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მსგავსად, საქონლის დანაკლისისათვის უნდა გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილი და აღნიშნულის გათვალისწინებით დაეკისროს ჯარიმა, არ უნდა ჩაითვალოს საქონლის მიწოდებად რაც, სადავო შემთხვევაშია გამოყენებული. დავების განხილვის საბჭოს 18.04.2024 წლის №22019/2/2024 გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს დაევალა ემსჯელა მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატის მომჩივანზე გავრცელების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილ საქონლის დანაკლისზე (მიწოდებად ჩათვლის ნაცვლად) საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ. ამ მიზნით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში გაუქმდა და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 12.06.2024 წლის №13802 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემებით, ხოლო, 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე გაავრცელოს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის საანგარიშო პერიოდების (თვეების) მიხედვით დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად რეალიზებულად განხილვას და აღნიშნულის ნაცვლად მოითხოვა მის მიმართ გამოყენებული იქნას საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილი. საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, კერძოდ, თითოეული სასაქონლო ოპერაციის ჭრილში დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ ხერხდება, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის საანგარიშო პერიოდების (თვეების) მიხედვით, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად რეალიზებულად განხილვა მართებულია. ამასთან, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 9.06.2023 წლის ჩათვლით პერიოდი. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა რეალიზებულად ჩათვლილია შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის ბრძანებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ და საქმის გარემოებებით დადგენილი არ არის, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან აღნიშნული პროცედურის ჩატარებამდე პერიოდში მომჩივანს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა (საქონლის რეალიზაცია არ განუხორციელებია), სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის დროს, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად გადანაწილება მიზანშეწონილია არა მხოლოდ შესამოწმებელ პერიოდზე, არამედ, სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), რა დროსაც, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების შედეგად განსაზღვრული უნდა იქნას საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159; 275; 286(9).