ბრძანება N 8087
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8087
12.04.2023
ა(ა)იპ „-------“ (ს/ნ ---------)
(მის:-----------------------)
2023 წლის 7 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა ა(ა)იპ „------------“
(ს/ნ -----------) №79544/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №005-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომელსაც ამ ეტაპზე საკუთარი შემოსავლები არ გააჩნია. აღნიშნავს, რომ თხოვნით მიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2023 წლის ასიგნებიდან გამოეყოს თანხა შემოწმებით დარიცხული გადასახადების დაფარვის მიზნით. გადამხდელი მითითებს შეცდომაზე და ითხოვს ჯარიმისა და საურავის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ნოემბრის N29670 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ა(ა)იპ „----------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 იანვარს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 9 თებერვლის №2384 ბრძანება და ამავე თარიღის №005-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 808 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 155 ლარი, ჯარიმა 410 ლარი, საურავი 243 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
2015 წლის 17 მარტის N1/51 ბრძანების საფუძველზე სსიპ----------- დაარსდა ა(ა)იპ ,,---------”. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 იანვრის N22 განკარგულების ,,ა(ა)იპ - -----------სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” მიხედვით, პირს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცა განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება, რომელთაგან ნაწილზე უზუფრუქტის უფლება შესამოწმებელ პერიოდში უკვე შეწყვეტილი იყო, ხოლო ქ. ----------ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ -----------) უზუფრუქტის უფლების შეწყვეტა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2020 წლის 4 დეკემბერს. აღნიშნული უძრავი ქონება გულისხმობს 3795 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს საერთო ფართობით - 2 327 კვ.მ. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და,,ბ“ ქვეპუნქტების და 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაკორექტირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული 2020 წლის მიწის ფართობი. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, 2022 წლის 24 ნოემბერს პირს გაცემული აქვს ხელფასი 1 600 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით), რომელზეც არ აქვს შესრულებული საგადასახადო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან, საგადასახადო ორგანოში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2023 წლის 9 იანვარს წარმოდგენილია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დაზუსტებული დეკლარაცია, რომელიც მოიცავს აღნიშნულ განაცემს. შემოწმებით, საქართველოს საგადასხადაო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით პირს განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადი და ვინაიდან სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია პირის ლიკვიდაციის პროცესი, გადამხდელს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ შეეფარდა.
ა(ა)იპ - ---------- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 5 დეკემბრიდან, თუმცა 2022 წლის 21 მარტს მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით და უკვე 2022 წლის 1 აპრილიდან პირი აღარ არის დღგ-ის გადამხდელი. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წლის 8 ნოემბრიდან დაწყებულია პირის ლიკვიდაციის პროცესი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, პირს უფიქსირდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების სხვაობა დეკალარირებულ მონაცემებთან მიმართებაში. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, პირს დაუკორექტირდა (გაეზარდა) დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, პირს განესაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებზე, კერძოდ, შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი გადამხდელს გადახდილი ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განაცემის გაცემის დღეს, ხოლო აღნიშნული განაცემის ასახვა განახორციელა მოგვიანებით ნოემბრის თვის დაზუსტებულ დეკლარაციაში. დარიცხულ მიწის გადასახადთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შეცდომა გამოწვეული იყო არცოდნით და ადგილი არ ჰქონია შეგნებულად გადასახადისთვის თავის არიდებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, ა(ა)იპ „--------“ (ს/ნ --------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №005-16 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული „საგადასახადო მოთხოვნის“ საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის) დარიცხული საურავისგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ა(ა)იპ „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ა(ა)იპ „---------“ (ს/ნ ---------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №005-16 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული „საგადასახადო მოთხოვნის“ საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის) დარიცხული საურავისგან.
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომელსაც ამ ეტაპზე საკუთარი შემოსავლები არ გააჩნია.გადამხდელი მიუთითებს შეცდომაზე და ითხოვს ჯარიმისა და საურავის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის, კამერალური საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გარკვეული თანხა.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
მომჩივანს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცა უძრავი ქონება, რომელთაგან ნაწილზე უზუფრუქტის უფლება შესამოწმებელ პერიოდში უკვე შეწყვეტილი იყო.ხოლო უზუფრუქტის უფლების შეწყვეტა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2020 წლის 4 დეკემბერს.ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დაკორექტირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული 2020 წლის მიწის ფართობი. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით გაცემული აქვს ხელფასი რომელზეც არ აქვს შესრულებული საგადასახადო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები.
ასევე პირს უფიქსირდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების სხვაობა დეკალარირებულ მონაცემებთან მიმართებაში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია,რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, რის გამოც, უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული „საგადასახადო მოთხოვნის“ საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის) დარიცხული საურავისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: