გადაწყვეტილება №26046/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26046/2/2025
27 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 19.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26046/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №249-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20408 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 916 397,53 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 586 747,17
დღგ - 321 368,84
საშემოსავლო გადასახადი - 265 378,33
ჯარიმა - 293 373,40
საურავი - 36 276,96
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა ელ. ტექნიკის, საფარდე ქსოვილისა და თეთრეულის - რეალიზაცია. დღგ-ის გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 16 მაისს (სტატუსით კვალიფიციური). საქმიანობის ადგილს წარმოადგენს ------- ტერიტორია. გააჩნია ერთი სალარო აპარატი (მოქმედი).
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 16.05.2024 წლიდან 1.05.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანს საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ბუღალტრული აღრიცხვა და შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია-დოკუმენტაცია. 2025 წლის 19 ივნისს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 13 ივნისის №12359 ბრძანების საფუძველზე დანიშნული საკონტროლო შესყიდვა ვერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მოუძიებლობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, განხორციელდა საწარმოს შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ანალიზი (1.05.2025 წლის მდგომარებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით), შეძენილი საქონელი დაიყო სხვადასხვა კატეგორიებად. თითოეულ კატეგორიაზე გავრცელდა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატები, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 34%. გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა 275-ე მუხლის მიხედვით.
შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით განაცემები ჯამში შეადგენს 36 500 ლარს. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო დაჯარიმდა 400 ლარით.
საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. განსაზღვრა ფულის ბუღალტრული ნაშთი, ხოლო ფაქტობრივ ნაშთად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მიჩნეულ იქნა 0 ლარი. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით გაანალიზდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი 1 326 892 ლარი ჩაითვალა საზოგადოების დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №249-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20408 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 11 სექტემბერს 11:30 სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, განმარტავს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გავრცელება საქონლის კატეგორიების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობისას გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით კომპანიას გააჩნდა სასაქონლო-მატერილური მარაგები, რომელიც გადაგზავნილი იყო აუდიტთან და არ არის გათვალისწინებული. ასევე, მომჩივანი ითხოვს ფასნამატის ცხრილის გათვალისწინებას. მომჩივანი არ ეთანხმება ფასნამატს და ასაჩივრებს 17.09.2025 წლის №20408 ბრძანებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახდო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ განხორციელდა საწარმოს შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ანალიზი, შეძენილი საქონელი დაიყო სხვადასხვა კატეგორიებად. თითოეულ კატეგორიაზე გავრცელდა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატები (საშუალოდ 34%). რამაც გაზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საზოგადოების დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან და არ წარუდგენია დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გადასახადის გადამხდელის შემოსავლების განსაზღვრა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატით, ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობისას გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, განმარტავს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გავრცელება საქონლის კატეგორიების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობისას გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159