ბრძანება N 22355
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22355
20 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 26 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 26 აგვისტოს №97708/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 ივლისის №041-52 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს და აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია რატომ იქნა გამოყენებული აუდირებული ფასნამატი და არ გავრცელდა საცალო რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. დამატებით მიუთითებს, რომ სხვა მსგავსი საქმიანობის კომპანიების შემოწმებისას აუდიტის დეპარტამენტმა გაავრცელა გაცილებით დაბალი ფასნამატი (26%). ასევე, მომჩივანი არ ეთანხმება არასწორად გაანგარიშებული ვირტუალური ფულის ნაშთის აგროსვას და 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის №8142 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 5 ივლისიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 18 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 28 ივლისის №16732 ბრძანება და ამავე თარიღის №041-52 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 493 722 ლარი, მათ შორის გადასახადი 792 320 ლარი, ჯარიმა 396 160 ლარი და საურავი 305 242 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს ,,-------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 5 ივლისს, ამავე თარიღში დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად. ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, ქამრების, ჩანთების რეალიზაცია -------, -------. გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს იმპორტის გზით (-------). საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადამხდელთან დაკავშირება მოხერხდა და წარმოდგენილია შემდეგი ინფორმაცია: საბანკო ცნობები/ამონაწერები, ახსნა-განმარტებები დებიტორკრედიტორული დავალიანების, საქონლის ნაშთის შესახებ. გადამხდელი არ აწარმოებს აღრიცხვას, შესაბამისად არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ საქონლის შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტებით ვერ ხერხდება საქონლის მოძრაობისა და ფასნამატის განსაზღვრა.
იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შეუძლებელი გახდა არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა და ყველა კატეგორიის საქონელზე დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა იგივე ტერიტორიაზე სხვა მსგავსი კომპანიის საქონლის აუდირებული ფასნამატები საქონლის კატეგორიების მიხედვით (მამაკაცის ტანსაცმელი, ქალის ტანსაცმელი, ბავშვის ტანსაცმელი, ასევე, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაკონკრეტების გარეშე, ჩანთები). ვინაიდან საწარმო დაფუძნებულია შესამოწმებელ პერიოდში, სმფ-ების საწყისი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით, ასევე, შემოწმებით სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ფაქტიური ნაშთი განისაზღვრა 0 (ნული) ლარით კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე. 2025 წლის პირველ მაისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის ბრძანების (N7723) შესაბამისად კომპანიის იურიდიულ მისამართზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი, რაზედაც შევსებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. შემოწმების მიერ განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 2 592 487 ლარი, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი და გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი. გაანგარიშებული ერთობლივი შემოსავალი პერიოდების მიხედვით გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი დღგით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემს. კერძოდ, დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 2 379 408 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილმა ბრუნვამ შეადგინა 4 159 918 ლარი. გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა დღგ-ის ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის ივლისის შემდგომ პერიოდში აქტივობა არ უფიქსირდება. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდის შესაბამის თვეებში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 25 სექტემბერს 12:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელი არ აწარმოებს აღრიცხვას, შესაბამისად არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს არ აქვს წარდგენილი დოკუმენტაცია, შეუძლებელი გახდა არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა და ყველა კატეგორიის საქონელზე დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა იგივე ტერიტორიაზე სხვა მსგავსი კომპანიის საქონლის აუდირებული ფასნამატები საქონლის კატეგორიების მიხედვით (მამაკაცის ტანსაცმელი, ქალის ტანსაცმელი, ბავშვის ტანსაცმელი, ასევე, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაკონკრეტების გარეშე, ჩანთები). ვინაიდან, საწარმო დაფუძნებულია შესამოწმებელ პერიოდში, სმფ-ების საწყისი ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით, ასევე, შემოწმებით სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ფაქტიური ნაშთი განისაზღვრა 0 (ნული) ლარით კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე. 2025 წლის პირველ მაისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის N7723 ბრძანების შესაბამისად, კომპანიის იურიდიულ მისამართზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი. შემოწმების მიერ განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 2 592 487 ლარი, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი, გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი. შედეგად, შემოსავალი პერიოდების მიხედვით გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად და გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად შემოწმების პროცესში საქონლის თვითღირებულება, რომელზეც მოხდა აუდირებული ფასნამატის გავრცელება გაანგარიშდა საინვოისო ღირებულების შესაბამისად და არა საბაჟოზე აფასებული ღირებულებიდან. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას მისივე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 16 589 ლარს, რაც შეძენილი 2 592 487 ლარის საქონელთან მიმართებაში უმნიშვნელოა. ასევე, საქონლის შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტებით ვერ მოხერხდა საქონლის მოძრაობისა და ფასნამატის განსაზღვრა რადგან, საქონლის ზუსტი დაკავშირება ფორმის, ზომის, ღირებულების მიხედვით შეუძლებელი იყო.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელი არ აწარმოებს აღრიცხვას, შესაბამისად არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს არ აქვს წარდგენილი დოკუმენტაცია, შეუძლებელი გახდა არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა და ყველა კატეგორიის საქონელზე დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა იგივე ტერიტორიაზე სხვა მსგავსი კომპანიის საქონლის აუდირებული ფასნამატები საქონლის კატეგორიების მიხედვით. შემოწმების მიერ განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი, გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი. შედეგად, შემოსავალი პერიოდების მიხედვით გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად და გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159