გადაწყვეტილება №22066/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.05.2024
№ დოკუმენტი 22066/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22066/2/2024

13 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 25.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22066/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებების ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №056-66 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №295 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 83 338,76 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 57 343

დღგ - 32 811

საშემოსავლო გადასახადი - 24 532

ჯარიმა - 20 873

საურავი - 5 122,76

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სამეურნეო საქონლით (სამშენებლო-სარემონტო მასალები) ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.07.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მეწარმე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, იმპორტის გზით. გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მიწოდებული ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლომატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.10.2023 წლის №24183 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განხორციელდა გადამხდელის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მხოლოდ ფაქტიური ნაშთის აღწერა. საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმების პროცესში გამოყენებულია მეწარმის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტება და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის და საბოლოო ნაშთები, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კი აღებულ იქნა მეწარმესთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების ნაშთი. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა 13%, რაც შესაბამისობაში არ არის დოკუმენტურ ფასნამატთან, 2022 წელს საშუალოდ ფასნამატმა შეადგინა 21%, ხოლო 2023 წელს 25% (გათვალისწინებულია იმპორტირებული საქონელი, სადაც თვითღირებულებაში დამატებულია ყველა ხარჯი). ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა მეწარმის დასაბეგრი შემოსავლები.

2022 წელს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა სხვადასხვა საქონლის ფასნამატები (შეძენის წილის პროპორციულად), რის შედეგადაც გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვა, 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე, გადასახადის გადამხდელი მიერ დაფიქსირებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება არ ედრება შემოწმებით დადგენილ მონაცემებს, რამაც გამოიწვია მეწარმის დასაბეგრი შემოსავლების გაზრდა აღნიშნულ პერიოდზე. შედეგად, გამოვლენილი სხვაობებით გაიზარდა 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №056-66 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №295 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმება დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ახსნაგანმარტებას და წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყის და საბოლოო ნაშთებს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კი აღებულ იქნა მეწარმესთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების ნაშთი. შემოწმების მიერ დადგინდა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც 2022 წელს შეადგინა საშუალოდ 21%, ხოლო 2023 წელს 25% (გათვალისწინებულია იმპორტირებული საქონელი, სადაც თვითღირებულებაში დამატებულია ყველა ხარჯი). ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა მეწარმის დასაბეგრი შემოსავლები. 2022 წელს რპთ-ზე გავრცელდა საქონლის ფასნამატები (შეძენის წილის პროპორციულად), ხოლო 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული რპთ არ ედრება შემოწმების მიერ დადგენილ მონაცემებს, რამაც გამოიწვია ასევე მეწარმის დასაბეგრი შემოსავლების გაზრდა აღნიშნულ პერიოდზე. შედეგად, გამოვლენილი სხვაობებით გაიზარდა პირის მიერ 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და ერთობლივი შემოსავალი (2022 წ).

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს, თუმცა საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პერიოდში საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა საპოხი, საცივებელი პროდუქტებით და სხვა საავტომობილო სათბობით. ყიდის ადგილზე ნაყიდ საქონელს და ახორციელებს იმპორტს.

შემოწმების პროცესში წარდგენილი იქნა 2022 წლის საწყისი და საბოლო ნაშთი. ნაშთების მიხედვით განისაზღვრა წლიური მოგება. 2.10.2023 წლის №24183 ბრძანების საფუძველზე დანიშნულ იქნა სმფ-ების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებამდე წარდგენილი იყო ბუღალტრული ნაშთი. შემოწმების მიერ გამოვლენილი/დადგენილი ფასნამატი არასწორია - 2022 წელს (21%), საქონელი ზოგადად გაყიდულია სასაქონლო ზედნადებით, სადაც იკითხება ფასნამატი. შემოწმების მიერ გამოვლენილი/დადგენილი ფასნამატი არასწორია - 2023 წელს (25%), სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალებში მითითებულია გასაყიდი ფასი და 2023 წელზე გამოყენებული უნდა იქნას აღნიშნული ფასნამატი.

წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული და აუდიტორთან ერთად გავლილი ფასნამატით უნდა გადაიხედოს საშემოსავლო გადასახადი და მოხდეს გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილედეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ვინაიდან არ წარმოებდა ბუღალტრული აღრიცხვა, არ ხდებოდა კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, ხოლო მომჩივნის მიერ მიწოდებული ინფორმაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა,მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი არასწორია - 2022 წელს (21%), საქონელი ზოგადად გაყიდულია სასაქონლო ზედნადებით, სადაც იკითხება ფასნამატი. 2023 წელზე გამოყენებული უნდა იქნას სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ საქონელი ძირითადად იყო იმპორტირებული, თითოეულ საქონელზე ინვოისში მითითებული ღირებულებასთან ერთად გათვალისწინებულია ყველა ხარჯი, რადგან სწორად განსაზღვრულიყო თვითღირებულება. არსებობდა რეალიზაციის დოკუმენტებიც და თვითღირებულებასთან შეპირისპირებით განისაზღვრა ფასნამატები. ამასთან, მომჩივანს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, არ ახდენდა ჩამოწერებს და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით.

აღნიშნულიდან გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს აღნიშნავს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულია მართებულად და ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებების ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი არასწორია - 2022 წელს (21%), საქონელი ზოგადად გაყიდულია სასაქონლო ზედნადებით, სადაც იკითხება ფასნამატი. 2023 წელზე გამოყენებული უნდა იქნას სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ საქონელი ძირითადად იყო იმპორტირებული, თითოეულ საქონელზე ინვოისში მითითებული ღირებულებასთან ერთად გათვალისწინებულია ყველა ხარჯი, რადგან სწორად განსაზღვრულიყო თვითღირებულება. არსებობდა რეალიზაციის დოკუმენტებიც და თვითღირებულებასთან შეპირისპირებით განისაზღვრა ფასნამატები. ამასთან, მომჩივანს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, არ ახდენდა ჩამოწერებს და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულია მართებულად და ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 159.