ბრძანება N 23408
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23408
04 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 7 მარტის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №112) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 სექტემბრის №22879/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2024 წლის 7 მარტის №88327/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 თებერვლის №3294 ბრძანებასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმის 50%-ის გაუქმებას. განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო შეცდომაში შევიდა, როცა თვლის, რომ გადამხდელთან სამართალურთიერთობას ამყარებს აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტისა და მის საფუძველზე გამოცემულ 2021 წლის 22 დეკემბრის №005-256 საგადასახადო მოთხოვნის ფარგლებში, რომელიც წინამდებარე სადავო სამართალურთიერთობის მომენტისათვის ძალაშიც კი აღარ არის. იგი სასამართლოს დავალების შესაბამისად ჩანაცვლდა 2024 წლის 24 იანვრის შემოწმების აქტითა და მის საფუძველზე გამოცემული 2024 წლის 29 იანვრის №005-1 საგადასახადო მოთხოვნით. შესაბამისად, ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების შემოწმებისას ადმინისტრაციული ორგანო უნდა მსჯელობდეს ამ უკანასკნელი ადმინისტრაციული აქტების ჭრილში და არა ძალის არმქონე აქტების შესაბამისობაზე ცალკეულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან.
გადამხდელი აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებითვე განისაზღვრა აღნიშნული აქტების სახე, რომ ისინი ნამდვილად ახალი ადმინისტრაციული აქტები არიან და ასეც რომ არ იყოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 5 თებერვალს აღიარა №18716/21-14 განცხადების საფუძველზე, აქტის გამოცემიდან მე-7 დღეს და ასევე, 2024 წლის 12 თებერვლის №529818 განცხადებით გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შედარების აქტი, რომლის შესაბამისადაც პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება ზედმეტობა, აქტის გამოცემიდან მე-14 დღეს, ამდენად, გადამხდელის მიერ დაცულ იქნა 30 დღიანი ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები:
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 9 თებერვლის №2544 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს („---)“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 2 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგად 2021 წლის 15 დეკემბერს შედგენილი იქნა შპს „-----ის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის შედეგებიც აისახა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
შემოწმების აქტის შესაბამისად საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა სულ 587 818 ლარი, მათ შორის გადასახადი 392 282 ლარი და ჯარიმა 195 536 ლარი. შპს „---“-ს (ს/ნ ---) 2021 წლის 23 დეკემბერს ჩაბარდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა №005- 256.
შემოწმების აქტის საფუძველზე განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებით 2022 წლის 18 იანვარს გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა საჩივარი, რომლის მიხედვითაც იგი არ დაეთანხმა აქტის მიხედვით დარიცხულ თანხებს. გადასახადის გადამხდელის საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ, რომლის თანახმადაც შპს „---“-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები გადამხდელის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში, რომლის თანახმადაც შპს „---“-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად 2024 წლის 24 იანვარს შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის შესაბამისად დაკორექტირდა (შემცირდა) 2021 წლის 15 დეკემბრის აქტით აქციზში დარიცხული თანხები, კერძოდ: სულ შემცირდა 484 562 ლარით, მათ შორის გადასახადი შემცირდა 323 028 ლარით და ჯარიმა შემცირდა 161 534 ლარით.
შპს „---- 2024 წლის 29 იანვარს ჩაბარდა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 იანვრის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა №005-1. 2024 წლის 12 თებერვალს გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილ იქნა განცხადება (№22837/21), რომელითაც საწარმო ითხოვს შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის 50%- ის გაუქმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ პირველივე საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში არ არის აღიარებული დარიცხული საგადასახადო ვალდებულები, აგრეთვე, საწარმოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გასაჩივრებული ჰქონდა შემოსავლების სამსახურში.
საწარმოს მიერ პირველივე საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღეში გადასახადის გადამხდელის მხრიდან ბიუჯეტში არ ყოფილა გადახდილი ამ საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადები და ჯარიმების 50%-ის ტოლფასი თანხა.
საწარმომ მოახდინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისი გადასახადის და ჯარიმის თანხის 50%-ის დაფარვა (საწარმომ განცხადებაში წარმოადგინა შედარების აქტი, რომლის შესაბამისად პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება ზედმეტობა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „---“-ს (ს/ნ ----) შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების 50% შემცირებას არ ექვემდებარება. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2024 წლის 16 თებერვლის №3294 ბრძანება, რომლითაც გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული ჯარიმის თანხის შემცირებაზე. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 თებერვლის №3294 ბრძანებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 7 მარტს წარმოდგენილ იქნა საჩივარი, რომელიც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6992 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 6 სექტემბრის №22879/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6992 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 სექტემბრის №22879/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, თუ:
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 171 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ (შემდგომში – განცხადება).
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების 50 პროცენტის გადახდა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღეში.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში, გადამხდელი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე, ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის №005- 256 საგადასახადო მოთხოვნას არ დაეთანხმა და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარადგინა საჩივარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე11 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის შემცირებას ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისს (საქმე №3/3064-22) მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით 50%-იანი ჯარიმის შემცირება ეხება მხოლოდ საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, ამდენად, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმის 50%-ის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2024 წლის 16 თებერვლის №3294 ბრძანება, რომლითაც გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული ჯარიმის თანხის შემცირებაზე. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 თებერვლის №3294 ბრძანებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 7 მარტს წარმოდგენილ იქნა საჩივარი, რომელიც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6992 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 6 სექტემბრის №22879/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6992 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, ამდენად, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (11).