ბრძანება N 14475
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14475
23.06.2023
შპს „---ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 12 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2023 წლის 12 მაისის №80943/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №021-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას, მათ შორის შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ საწარმო 2020-2023 წლებში ახორციელებდა ძირითადად ხახვის და კარტოფილის შემოტანას, მიუხედავად ფასისა, ადგილზე დატვირთვა რისკებთანაა დაკავშირებული, კერძოდ რამდენად ხარისხიანი პროდუქტი იქნება მოწოდებული სრულად იმპორტიორის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. აღნიშნული პროდუქტების განბაჟება ხდება არა ინვოისით, არამედ შედგენილი ფასით (ფასი კორექტირდება). ასევე, შემოტანის დროს შერჩევის პრინციპით ხდება პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმება, რაც ზაფხულის პერიოდში რისკებთანაა დაკავშირებული, პროდუქტის შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტზე შენახვის პირობები არ არის დაცული და ტენტის ქვეშ მოქცეული პროდუქტის ხარისხი კლებულობს. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემოტანილი საქონლის პირველი ნაწილი შეიძლება მაღალ ფასში გაიყიდოს, ხოლო დარჩენილი ნაწილის რეალიზება მოხდეს თვითღირებულებით, ამასთან, სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული პროდუქტი უმაღლესი ხარისხისაა. პროდუქციის შემოტანის შემდგომ ხდება საქონლის გადარჩევა და გაფუჭების პირზე არსებული პროდუქციის რეალიზება ხდება თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. გადამხდელი მიუთითებს, რომ 2021 წელს ერთჯერადად შემოტანილ იქნა ნიორი, გადარჩევის შემდგომ საუკეთესო ხარისხი რეალიზებულ იქნა 200%-იანი ფასნამატით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 10-30 %-იანი ფასნამატით. ამავე პერიოდში ასევე შემოტანილ იქნა ბადრიჯანი, თუმცა ბაზარზე ადგილობრივი პროდუქტის არსებობის გამო 1-3% ფასნამატით იქნა რეალიზებული. განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადებებში კარტოფილის რეალიზაცია ფიქსირდება 102%-იანი ფასნამატით, რაც ნამდვილად არ არის მთელი არსებული მარაგის ფასნამატი, ვინაიდან აღნიშნული პროდუქტი იყო უმაღლესი ხარისხის. აღნიშნული გარემოებების გარდა, საქონლის გასაყიდ ფასზე გავლენას ახდენს სხვა გარე ფაქტორები, რის გამოც მოგება ვერ იქნება 40-100%, რაც შემოწმების მიერ იქნა არაპირდაპირი მეთოდით გავრცელებული.
2. გადამხდელი წარმოადგენს არარეზიდენტ მომწოდებლებთან გაფორმებულ შედარების აქტებს და განმარტავს, რომ აღნიშნული ადასტურებს იმპორტირებულ საქონელზე თანხის გადახდას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №2610 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 5 აპრილის №7410 ბრძანება და ამავე თარიღის №021-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 546 464 ლარი, მათ შორის გადასახადი 329 179 ლარი, ჯარიმა 189 861 ლარი, საურავი 27 424 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის სახეს წარმოადგენს ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე საბითუმო და საცალო რეალიზაცია. საწარმოს რეგისტრირებული აქვს საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელსაც არ იყენებს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა, სადაც საქონლის მოძრაობა (შეძენა, რეალიზაცია და ჩამოწერა) და სხვა მონაცემები ასახულია ნაწილობრივ ზედნადებების და ნაწილობრივ თვეების მიხედვით ჯამური თანხებით. გადამხდელი სრულად არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ: ვერ დგინდება დღის ჭრილში გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვა. საწარმოს დარღვეული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა. ვინაიდან შემოწმებისთვის წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირდაპირი მეთოდით რეალური შედეგების განსაზღვრა შეუძლებელია, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ: შემოწმებით შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და გაწერილი ზედნადებები/ანგარიშ-ფაქტურები. გაწერილ ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის დასახელება და ღირებულება შეუდარდა შესაბამისი საქონლის შეძენის ღირებულებას პერიოდების მიხედვით, რის შედეგადაც დადგინდა რეალიზებული საქონლის ფასნამატი და აღნიშნული საქონლის სახეობებზე დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის შემთხვევაში გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (გადამხდელს მთელ შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საქონლის ბითუმად მიწოდება სულ ოთხჯერ, თვითღირებულებით, რაც არ იქნა გათვალისწინებული ფასნამატის გაანგარიშებაში). აღნიშნული მონაცემებით ფასნამატები საშუალოდ შეადგენს: 2020 წელს - ხახვი 88%, კარტოფილი 60%, საზამთრო 73%; 2021 წელს - ხახვი 114%, კარტოფილი 83%, საზამთრო 73%. ბადრიჯნის დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდება, აღნიშნულიდან გამომდინარე ბადრიჯანზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი 10%. აღნიშნული გარემოებების შედეგად, განისაზღვრა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით, დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 294 928 ლარს, შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 238 668 ლარს. სხვაობაზე პირს დაერიცხა გადასახადი 170 068 ლარი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა 1 143 700 ლარის ოდენობით (გროსი 1 429 625 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და შესაბამისად გაიზარდა 2022 წლის დეკემბრის თვის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი 285 925 ლარი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით გამოვლინდა, რომ იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს სრულად არა აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" განსაზღვრული დანართი №8-ის შესაბამისად, საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი 153 859 ლარის 75%-ის ოდენობით ჩაითვალა ანაზღაურებულად. ხოლო, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25%, თანხით 11 949 ლარის ოდენობით (გროსი 14 937 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და შესაბამისად გაიზარდა 2022 წლის დეკემბრის თვის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის“ თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელი სრულად არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა პირის საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრა, კერძოდ:
ვერ დგინდება დღის ჭრილში გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელი სრულად არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებით შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და გაწერილი ზედნადებები/ანგარიშ-ფაქტურები, რომელშიც დაფიქსირებული საქონლის დასახელება და ღირებულება შეუდარდა შესაბამისი საქონლის შეძენის ღირებულებას პერიოდების მიხედვით, რის შედეგადაც დადგინდა რეალიზებული საქონლის ფასნამატი და აღნიშნული საქონლის სახეობებზე დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის შემთხვევაში გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, ამასთან, გადამხდელს მთელ შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საქონლის ბითუმად მიწოდება სულ ოთხჯერ, თვითღირებულებით, რაც არ იქნა გათვალისწინებული ფასნამატის გაანგარიშებაში. აღნიშნული მონაცემებით ფასნამატები საშუალოდ შეადგენს: 2020 წელს - ხახვი 88%, კარტოფილი 60%, საზამთრო 73%; 2021 წელს - ხახვი 114%, კარტოფილი 83%, საზამთრო 73%. ბადრიჯნის დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდება, აღნიშნულიდან გამომდინარე ბადრიჯანზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი 10%. შედეგად, განისაზღვრა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად, რის საფუძველზეც გაიზარდა 2022 წლის დეკემბრის თვის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს იმპორტირებულ საქონელზე სრულად არა აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი 153 859 ლარის 75%-ის ოდენობით ჩაითვალა ანაზღაურებულად. ხოლო, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25%, თანხით 11 949 ლარის ოდენობით (გროსი 14 937 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და შესაბამისად გაიზარდა 2022 წლის დეკემბრის თვის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საქონლის შესყიდვის ღირებულების 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერად განხორციელდა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას;
2. გადამხდელი წარმოადგენს არარეზიდენტ მომწოდებლებთან გაფორმებულ შედარების აქტებს და განმარტავს, რომ აღნიშნული ადასტურებს იმპორტირებულ საქონელზე თანხის გადახდას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საქონლის სახეობებზე დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის შემთხვევაში გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
2. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" განსაზღვრული დანართი №8-ის შესაბამისად, საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი 75%-ის ოდენობით ჩაითვალა ანაზღაურებულად. ხოლო, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25%, ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 8 (22); 49 (1); 61 (3); 73 ( 5,9); 159; 163; 164; 101 (1); 154; 43 (4). 2021 წლამდე მოქმედი 160;161