ბრძანება N 3637

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.02.2025
№ დოკუმენტი 3637
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3637

28 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის: ქ. ---) 2025 წლის 10 თებერვლის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ ყველა იმპორტირებული საქონელი, გადაცემულია კონკრეტულ დამკვეთებზე, რომლებიც შპს ---ს უხდიდნენ ფიქსირებულ თანხას, 100 ლარს 1 ტონაზე დღგ-ის ჩათვლით. აღნიშნული იმპორტის ოპერაციები გამოძიებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №17738 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 27 დეკემბერს გამოსცა №27543 ბრძანება და №005-200 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 307 774 ლარი, მათ შორის, გადასახადი 782 923 ლარი, ჯარიმა 391 752 ლარი და საურავი 133 099 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 7 ივნისის №13525 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მონიტორინგი, რომლის მიხედვით დადგენილ იქნა სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი 60 762 ლარის ოდენობით (საბაზრო ღირებულება). საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ვაჭრობა სხვადასხვა საქონლით, კერძოდ: შერეული ხორც პროდუქტებით, თევზეულით და სხვა. საქონლის შეძენას ახდენს, როგორც იმპორტის გზით (რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და ყაზახეთი), ასევე ადგილობრივად. შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, ვერ მოხერხდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობრივი და სახეობრივი მოძრაობების გაშიფვრა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და 73- ე მუხლის მე-5 ნაწილებით, 159-ე, 162-ე, 163-ე და 164 მუხლებით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულებები განუსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შედეგად, განხორციელდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის დაკავშირება უახლოეს რეალიზაციის დოკუმენტთან და განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (გათვალისწინებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ნაშთი). თითოეული დასახელების პროდუქციას მიენიჭა კონკრეტული კატეგორია და განისაზღვრა შესაბამისი დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე. ისეთ სახეობებზე, რომლებზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია და შეუძლებელი იყო დოკუმენტური ფასნამატის დადგენა, გავრცელებულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი (26%). გაანგარიშებულ იქნა საწარმოს შემოსავალი, რომელიც გადანაწილებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად. აღნიშნული გარემოებების შედეგად განისაზღვრა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობაზე პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ წარმოუდგენია ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, ინფორმაცია ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის, 136-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ არსებული ინფორმაცია (იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი თანხის გათვალისწინებით) და დარჩენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს მიერ მიღებულად და ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე, 101-ე, 154-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში ჩაინიშნა 2025 წლის 20 თებერვალს 17:00 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით.

გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის)შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვერ მოხერხდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობრივი და სახეობრივი მოძრაობების გაშიფვრა, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. რაც შეეხება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება შესაბამისი კატეგორიის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე, ხოლო ისეთ სახეობებზე, რომლებზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია და შეუძლებელი იყო დოკუმენტური ფასნამატის დადგენა, საშუალო შეწონილი ფასნამატის (26%) გავრცელება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის გათვალისწინებით, განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვერ მოხერხდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობრივი და სახეობრივი მოძრაობების გაშიფვრა, შემოწმებით განხორციელდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება შესაბამისი კატეგორიის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე, ხოლო ისეთ სახეობებზე, რომლებზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია და შეუძლებელი იყო დოკუმენტური ფასნამატის დადგენა, გავრცელდა საშუალო შეწონილი ფასნამატი (26%) , რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის გათვალისწინებით, განხორციელდა განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა .

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154.