გადაწყვეტილება №27850/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.09.2026
№ დოკუმენტი 27850/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27850/2/2026

08 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:--- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 31.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27884/2/2026).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.03.2026 წლის №26849/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2026 წლის №261-6 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 84 966,22 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 70 601,36

საურავი - 14 364,86

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა კვების პროდუქტებით საცალო ვაჭრობა (კვების ობიექტი). რეალიზაციები სრულად საცალოა. მეწარმე არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს 227 711 ლარის საქონელი (უმეტესად ნაყინი, გამაგრილებელი სასმელები, ნახევარ-ფაბრიკატები).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში მისი შემოსავალი შეადგენს 216 945 ლარს, საბანკო ტერმინალით მიღებული შემოსავალი - 491 864 ლარს, ხოლო სხვა შემოსავალი - 35 397 ლარს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მიღებულმა შემოსავალმა 2022 წლის 30 ივლისის მდგომარეობით გადააჭარბა 100 000 ლარს. აღნიშნული თარიღიდან გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №261-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.05.2025 წლის №9293 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №261-4 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის). სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 13.05.2025 წლის №9293 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 27.06.2025 წლის №25244/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს 27.06.2025 წლის №25244/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 29.01.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ცვლილებას (შემცირებას) არ ექვემდებარება. აუდიტის დეპარტამენტის 29.01.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 3.02.2026 წლის №261-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 20.03.2026 წლის №26849/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბართზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 20.03.2026 წლის №26849/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ცვლილებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა. აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2026 დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 24.06.2026 წლის №261-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

პირველი და მეორე საკითხების არგუმენტაცია: გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ჯიხურის ტიპის ობიექტზე. გადამხდელი ყიდულობს და ყიდის მზა პროდუქციას, ძირითადად გამაგრილებელ სასმელებს, ნაყინს და ხილს. შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ზედნადებით შეძენილი საქონელი სულ 227 711 ლარი, რომლიდანაც ნაწილი საქონელი შეადგენს პირადი მოხმარების საქონელს (მაგ: ქვიშა, ღორღი, ცემენტი, კერამიკული ფილა და ა.შ), რომელსაც ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს, ნაწილი საქონლის არის ისეთი საქონელი, რომლის მხოლოდ ტრანსპორტირებას ახდენს მეწარმე და რადგან მანქანის ბორტზე სხვა საქონელიც იდო, ზედნადების გამოწერა მოხდა მეწარმის სახელზე, რათა დოკუმენტის გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა აერიდებინა, მაგრამ ამ საქონელსაც არ აქვს კავშირი ეკონომიკურ საქმიანობასთან (მაგ: გაყინული ხორცი, გაყინული ქათამი, ბლინი, ხინკალი და ა.შ). ერთადერთი ნახევარ-ფაბრიკატი რასაც მეწარმე ამზადებს არის ნახევრად დამუშავებული კარტოფილი, რომელსაც ადგილზე ამზადებს და ყიდის პატარა ულუფებად კარტოფილი ფრის სახით.

ამასთანავე მეწარმე ადგილზე ყიდულობს ხილს, ძირითადად სეზონურს მანდარინს, ფორთოხალს, ვაშლს, მსხალს, ატამს, მარწყვს, ჟოლოს და ა.შ რასაც ადგილზე უწევს რეალიზაციას.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული აუდიტის დეპარტამენტისთვის გადამხდელის მიერ არცოდნით/შეცდომით, ვინაიდან ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ დაამძიმებდა მის მიმართ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტიური გარემოებებით მიიღეს შემდეგი: გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ზედნადებებით შეძენა დაახლოებით 205 000 ლარის და საპირწონედ აქვს შემოსავალი დაახლოებით 750 000 ლარი, რომელიც არარელევანტურია. შემოწმებას წარუდგინეს შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში, რაც გამოიწვევს რიგ ცვლილებებს, როგორც დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადაზე, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვის ფორმირებაზე. აუდიტის დეპარტამენტი 2026 წლის 29 იანვრის დასკვნაში მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის - ხილის მიწოდებას ახორციელებს პატარა ულუფებად ერთჯერადი ჭურჭელში. შედეგად სახეზეა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება.

2026 წლის 17 ივნისის დასკვნაში აუდიტის დეპარტამენტმა შეცვალა პოზიცია და ეხლა მიუთითებს, რომ კვების ობიექტში/კაფე-ბარში ხილის მიწოდება პატარა ულუფებად წარმოადგენს კვების მომსახურების შემადგენელ ნაწილს და არა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეფუთვა-დაფასოებას. სრულიად გაუგებარია მსგავსი მიდგომა, რადგან როგორც უკვე აღინიშნა კენკრის, მათ შორის ჟოლოს, მარწყვის, მოცვის და ა.შ გარეცხვა და ერთჯერად კონტეინერებში ჩადება რატომ და რა მოტივით ჩაითვალა გადამუშავებად.

2026 წლის 17 ივნისის დასკვნაში აუდიტის დეპარტამენტმა ისე აღწერა გადამხდელის საქმიანობა, თითქოს მეწარმე ეწევა სრულად სარესტორნო მომსახურებას და მაღაზიის ან დახლის ტიპის რეალიზაციას ადგილი არ აქვს.

ამავე დროს თვითონვე აღნიშნავს, რომ ზედნადებით შეძენილი საქონლის ღირებულებიდან - 227 711 ლარიდან 5 058 ლარი არის პირადი მოხმარების სარემონტო მასალები და მხოლოდ 18 991 ლარი არის ნახევარფაბრიკატები, რომლის გადამუშავების შედეგად წარმოებულ საქონელს შეიძლება დაერქვას სარესტორნო ან ღია კაფის პრინციპით მომსახურებაში გამოყენებული საქონელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მთლიანი შეძენილი საქონლის მხოლოდ 4,79% წარმოადგენს სარესტორნო მომსახურებისთვის განკუთვნილ საქონელს და აუდიტის დეპარტამენტმა სრული 100% დააკვალიფიცირა კვების ობიექტში/კაფე-ბარში კვების მომსახურების შემადგენელ ნაწილად რაც სრულიად ალოგიკურია.

შესაბამისად ხელახალ შესწავლას უნდა დაექვემდებაროს ზემოაღნიშნული საკითხი და მოხდეს გადამხდელის მიმართ დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხული თანხის გადაანგარიშება. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და 96-ე მუხლზე და ითხოვს, საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის საფუძველზე, წარმოებაში იქნას მიღებული საჩივარი, 302-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გადამხდელის მონაწილეობით იქნას განხილული საჩივარი, 304-ე მუხლის საფუძველზე, დაკმაყოფილდეს იგი, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 ივნისის №261-9 საგადასახადო მოთხოვნა თანმდევი ნორმატიული აქტებით და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს ი.მ ---ის (ს/ნ ---) პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება ძირითადი გადასახადისა და სანქციის (ჯარიმა-საურავი) სახით დარიცხული თანხების შემცირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.03.2026 წლის №26849/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბართზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 20.03.2026 წლის №26849/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2026 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის საქმიანობებია:

ა) საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი; ბ) კვების მზა პროდუქტების და კერძების წარმოება. საკონტროლო-სალარო აპარატის და საბანკო პოსტერმინალების რეგისტრაციის ადგილია ქალაქი ---ს მიმდებარე ტერიტორია.

შესამოწმებელ პერიოდში ზედნადებებით შეძენილი საქონლის რაოდენობა შეადგენს სულ 227 711 ლარს, მათ შორის სამშენებლო-სარემონტო მასალები 5 058 ლარს, ნახევარ-ფაბრიკატები 18 991 ლარის. შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატის, საბანკო პოსტერმინალის და საბანკო ჩარიცხვების მეშვეობით ეკ. საქმიანობით მიღებული შემოსავალი (შემოწმების ბრძანებით შემოსავლების გაანგარიშება განსაზღვრულია აღნიშნული კომპონენტების გათვალისწინებით) შეადგენს 745 571 ლარს, მათ შორის ბანკში ჩარიცხული 35 397 ლარი წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურების გაწევით მიღებულ ანაზღაურებას.

ი/მ ---(ს/ნ---) თანამშრომლობდა და ჩართული იყო შემოწმების პროცესში. შემოწმებას წარმოუდგინა წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები, რასაც დაეყრდნო შემოწმება. მეწარმის განმარტებით მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ქ. ---ში ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე იჯარით აღებულ ფართში კვებითი მომსახურება. მომხმარებლებს ნახევრად ღია ტიპის კაფე-ბარში სთავაზობს ლუდს, გამაგრილებელ სასმელს, სწრაფი მომზადების კერძებს, წასახემსებლებს (თხილეული, ჩიფსი), ნაყინს და სხვა სახის საკვებს. მაგიდების უმეტესობა განთავსებულია ღია ცის ქვეშ ქოლგებში. რეალიზაციები სრულად საცალოა. სპეციფიკიდან გამომდინარე კაფე-ბარი მუშაობს სეზონურად და არ საქმიანობს ოქტომბრიდან მაისამდე. მეწარმემ, საჩივარში აღნიშნულ 5 058 ლარის სარემონტო მასალებზე შემოწმების პროცესშივე მიუთითა, რომ შეძენილი ჰქონდა პირადი მოხმარებისთვის და აღნიშნულ მასალებზე გადახდილი დღგ არ ექვემდებარებოდა ჩათვლას. რაც შეეხება 18 991 ლარის ნახევარფაბრიკატებს (გაყინული ფრი, ბლინი, ხინკალი, სოსისი და სხვა), აღნიშნა რომ სხვა საქონელთან ერთად (ნაყინი, ლუდი, თხილეული, ჩიფსი, გამაგრილებელ სასმელებს და სხვა) იყენებდა ეკონომიკურ საქმიანობაში. პროდუქცია შეძენილი ჰქონდა ზედნადებების მეშვეობით. ტრანსპორტირების დასრულების ადგილს წარმოადგენდა ეკ. საქმიანობის განხორციელების ადგილი (---). შესაბამისად, აღნიშნულ პროდუქციაზე არსებობდა ჩათვლის მიღების საფუძველი. შემოწმების დასრულებამდე ითხოვა დამატებითი დრო, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა შეძენილ პროდუქციაზე ჩათვლის უფლების მიღებისა. მომწოდებლებს მიმართა თხოვნით, არსებული ზედნადებების მიხედვით, მისთვის გამოეწერათ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. განცხადებით, მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ითხოვა დღგ-ის თანხის ჩათვლაში გათვალისწინება. შესაბამისად შემოწმებით, შეძენილ საქონელზე, მათ შორის ისეთებზეც, რაზეც გადაანგარიშების ეტაპზე აცხადებს, რომ არ წარმოადგენდა ეკ. საქმიანობისათვის განკუთვნილ საქონელს, მეწარმეს მისივე განცხადების საფუძველზე მიღებული აქვს ჩათვლები.

რაც შეეხება ი/მ ---ის (ს/ნ ---) მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარმოდგენილ ფიზიკური პირებისაგან მიღებულ შესყიდვის აქტებს: მათ საფუძველზე შეძენილი ხილი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლის ნაწილსაც მეწარმე გადაანგარიშების მიზნებისთვის განიხილავს როგორც დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვად, კვების ობიექტში/კაფე-ბარში ხილის მიწოდება პატარა ულუფებად წარმოადგენს კვების მომსახურების შემადგენელ ნაწილს და არა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეფუთვა-დაფასოებას.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები ცვლილებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.03.2026 წლის №26849/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.03.2026 წლის №26849/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს №26849/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბართზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს №26849/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ცვლილებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №26849/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.