გადაწყვეტილება №24139/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24139/2/2024
21 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ "-----")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-----"-ს 18.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24139/2/2024).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2024 წლის №001-167 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.10.2024 წლის №21825 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 321 006,98 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 690 863,87
დღგ - 322 099
საშემოსავლო გადასახადი - 368 764,87
ჯარიმა - 345 432
საურავი - 284 411,11
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა ტექსტილით.
აუდიტის დეპარტამენტის 31.07.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 3.12.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში თურქეთიდან იმპორტირებული ჰქონდა 2 979 724 ლარის ღირებულების საქონელი, რომელსაც ყიდდა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე. გადამხდელის განმარტებით, საწარმოს არ გააჩნდა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ისევე როგორც საქონლის ნაშთი, ასევე, დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, ხოლო შემოწმების დროისთვის უკვე აღარ ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას.
გადამხდელის მიმართ არ განხორციელებულა მიმდინარე კონტროლის პროცედურები. უფიქსირდება მცირე რაოდენობით დოკუმენტური რეალიზაცია. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება რაზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების პროცესში ასევე არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა ფულის ნაშთი. კერძოდ: შემოსავალში გათვალისწინებულია არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ბრუნვა, ხარჯებში - ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, განაცემები, ბიუჯეტში გადახდები, ბანკიდან გადახდილი იჯარის ქირა და მომსახურების ღირებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით შესაბამისად. გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმაც.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2024 წლის №001-167 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.10.2024 წლის №21825 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შემოსავლებისა და ფულადი სახსრების ოდენობის განსაზღვრას შემოწმებით „დადგენილი" ფასნამატის მიხედვით. მთელს შესამოწმებელ პერიოდში არ არის დაჯარიმებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად. აღნიშნავს, ასეთი ოდენობის გადასახადების განსაზღვრა დაუსაბუთებლად არამართლზომიერია.
ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ აშკარად არასწორად არის გაანგარიშებული ფასნამატი რეალიზებულ საქონელზე. არ არის გათვალისწინებული მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც ახასიათებს საბითუმო ვაჭრობის სფეროს. საგადასახადო შემოწმების აქტს არ ახლავს შესაბამისი მტკიცებულებები „დადგენილი" ფასნამატის შესახებ. არ არის გათვალისწინებული სრულად კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები და არსებული დებიტორები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანი თურქეთიდან იმპორტირებულ საქონელს ყიდდა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საწარმოს არ გააჩნდა სააღრიცხვო დოკუმენტაცია ისევე როგორც საქონლის ნაშთი და დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, ხოლო შემოწმების დროისთვის უკვე აღარ ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, საწარმოს დირექტორმა, "-------" განმარტა, რომ იგი არ არის ინფორმირებული საგადასახადო ვალდებულებების შესახებ. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნა, რომ არის ფორმალური დირექტორი, მას არ უწარმოებია არანაირი საქმიანობა და ამის შესახებ საჩივრით მიმართა ფინანსურ პოლიციას. შესაბამისად, მომჩივანს არ წარმოუდგენია კანონით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების და დაკისრებული სანქციების შესახებ რაიმე სახის არგუმენტები/მტკიცებულებები.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 7.10.2024 წლის №21825 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შემოსავლებისა და ფულადი სახსრების ოდენობის განსაზღვრას შემოწმებით „დადგენილი" ფასნამატის მიხედვით.
ფაქტობრივი გარემოებები
სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება რაზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების პროცესში ასევე არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა ფულის ნაშთი.შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით შესაბამისად. გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმაც.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 7.10.2024 წლის №21825 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),101,154.