გადაწყვეტილება №23281/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.07.2024
№ დოკუმენტი 23281/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23281/2/2024

30 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 18.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23281/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფასნამატი;

2. დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2024 წლის №001-48 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.05.2024 წლის №12331 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 305 751,34 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 191 904

დღგ - 54 107

საშემოსავლო გადასახადი - 137 797

ჯარიმა - 96 047

საურავი - 17 800,34

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა სარეცხი საშუალებებისა და ჰიგიენური საქონლის შეძენა/რეალიზაცია. სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 10.03.2022 წლის 1.12.2023 წლის საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 19.12.2023 წლის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2024 წლის №001-48 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.05.2024 წლის №12331 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფასნამატი

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელს შემმოწმებლებისთვის არ წარუდგენია საქონლის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ან/და ბუღალტრული აღრიცხვა. საზოგადოება სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს იძენს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე, ახორციელებს იმპორტს თურქეთის რესპუბლიკიდან.

შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზების მონაცემებით გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სასაქონლო/მატერიალური ფასეულობების დოკუმენტური და არადოკუმენტური რეალიზაციები. შემოწმების პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №31984 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის ფაქტიური აღრიცხვის შედეგები შემდგომი რეაგირების მიზნით გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტს.

ინვენტარიზაციის შედეგების და დოკუმენტურად შეძენილი/რეალიზებული სმფ-ის მოცულობის გათვალისწინებით, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების მიერ უდოკუმენტოდ (პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გარეშე) რეალიზებული საქონლის დასახელება და მოცულობა, ხოლო აღნიშნული სმფ-ების რეალიზაციის ღირებულების დადგენის მიზნით, გამოყენებულია გადამხდელის დოკუმენტურად რეალიზებული სმფ-ების პირველადი საგადასახადო დოკუმენტებში არსებული მონაცემები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შედეგად, დოკუმენტური და არადოკუმენტური რეალიზაციის გათვალისწინებით, აღმოჩნდა რომ შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი ჯამური დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე მუხლებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების პროცესში განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დოკუმენტურად და არადოკუმენტურად რეალიზებული საქონლის შედეგად მიღებული შემოსავალი. გადამხდელმა შემოწმებისთვის წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში განაცხადა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულადი სახსრების არსებობასთან, ასევე დებიტორული/კრედიტორული დავალიანებისა და დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულებებთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულისა და ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გათვალისწინებით (ასევე გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი), განხორციელდა ფულადი საშუალებების მოძრაობის ანალიზი. განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც შესაბამის პერიოდში, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე მუხლების გათვალისწინებით ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში, საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფასნამატს. განმარტავს, რომ იმპორტირებული საქონლის დოკუმენტურ რეალიზაციაზე ფასნამატი შეადგენს 60%-ს, ხოლო არადოკუმენტურ რეალიზაციაზე - საშუალოდ 20%-ს. აცხადებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა აღნიშნული და საცალო რეალიზაციის ანალიზის დროს გამოიყენა დოკუმენტურ რეალიზაციაზე დაფიქსირებული ფასები, რამაც შექმნა ხელოვნური შემოსავალი, რომელიც როგორც დამატებული ღირებულების გადასახადით დაიბეგრა, ასევე, გახდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მართლზომიერად განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, არადოკუმენტურად რეალიზებულ პროდუქციაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად რეალიზებული სმფ-ის პირველად საგადასახადო დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში განსაზღვრული ფულადი საშუალებების ბუღალტრული ნაშთის, რომელიც საწარმოს ფაქტიურად არ აღმოაჩნდა, საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

მომჩივანი მოითხოვს დოკუმენტებში დაფიქსირებული 60%-იანი ფასნამატის უგულველყოფას და 20%-იანი ფასნამატის გამოყენებას, თუმცა მისი მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება. გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დებიტორების ცხრილი, სადაც ერთ-ერთ დებიტორად ფიქსირდება შპს „-------“ (ს/ნ -------) 181 572 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ შპს „-------“-სთან ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, საიდანაც დგინდება, რომ შპს „-------“ შპს „-------“-ს მიმართ კრედიტორული დავალინება არ გააჩნია.

საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე მუხლებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შპს „-------“ (ს/ნ -------) მიკუთვნებული დებიტორული დავალიანება, განხილულ იქნა შესაბამის პერიოდში საზოგადოების ანგარიშვალდებულ პირზე დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შპს „-------“ არსებული დებიტორული დავალიანების მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში, საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზებში არსებული ინფორმაციით, უგულებელყოფილია კომპანიის დებიტორული დავალიანება, რაც ხელოვნურად ზრდის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა დებიტორების ცხრილი, სადაც ერთ-ერთ დებიტორად ფიქსირდება შპს „-------“ (ს/ნ -------). ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს -------“ ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, საიდანაც დგინდება, რომ შპს „-------“ შპს „-------“-ს მიმართ კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია. გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი შპს „-------“ გაფორმებული შედარების აქტი ან/და ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფასნამატი;

2. დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის ფაქტიური აღრიცხვის შედეგები შემდგომი რეაგირების მიზნით გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტს.

ინვენტარიზაციის შედეგების და დოკუმენტურად შეძენილი/რეალიზებული სმფ-ის მოცულობის გათვალისწინებით, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის დასახელება და მოცულობა, ხოლო აღნიშნული სმფ-ების რეალიზაციის ღირებულების დადგენის მიზნით, გამოყენებული იქნა გადამხდელის დოკუმენტურად რეალიზებული სმფ-ების პირველადი საგადასახადო დოკუმენტებში არსებული მონაცემები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შედეგად, დოკუმენტური და არადოკუმენტური რეალიზაციის გათვალისწინებით, აღმოჩნდა რომ შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი ჯამური დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს. საგადასახადო კოდექსის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.

შემოწმების პროცესში განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დოკუმენტურად და არადოკუმენტურად რეალიზებული საქონლის შედეგად მიღებული შემოსავალი. გადამხდელმა შემოწმებისთვის წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში განაცხადა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულადი სახსრების არსებობასთან, ასევე დებიტორული/კრედიტორული დავალიანებისა და დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულებებთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულისა და ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გათვალისწინებით, განხორციელდა ფულადი საშუალებების მოძრაობის ანალიზი. განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც შესაბამის პერიოდში, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით.

საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;