გადაწყვეტილება №21937/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21937/2/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 12.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21937/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №065-32 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32825 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 262 227.2 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 145 957
დღგ - 147 585
ქონების გადასახადი - (-1 628)
ჯარიმა - 72 525
საურავი - 43 745.2
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა სამეურნეო-სამშენებლო საქონლის და ხე-ტყის რეალიზაციას. ასევე, ავეჯის დამზადებას მერქანბურბუშელოვანი ფილისგან და სხვადასხვა სამეურნეო-სამშენებლო ძირითადი საშუალებების იჯარას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
კომპანია შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია 2019 წელს, თუმცა საქმიანობა დაიწყო შესამოწმებელ პერიოდში. საწარმოს ფართი აღებული ჰქონდა იჯარით დირექტორისგან, ქ. -------, ------- გზატკეცილზე, სადაც განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტი და საწყობი. შემოწმების მიმდინარეობისას, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №17349 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის რაოდენობის, თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა. აღნიშნული ღონისძიების შედეგად დადგინდა 1.07.2023 წლისათვის სმფ-ების ნაშთი, რომლის თვითღირებულებამ სულ ჯამში შეადგინა 1 133 847 ლარი (დღგ-ის გარეშე).
საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 12 ჯგუფზე (აბაზანის ინვენტარი, აპარატები და დანადგარები, აქსესუარები და სახარჯი მასალა, ბაღი და სპეც-ტანსაცმელი, გათბობა-გაგრილება, ელექტროობა და განათება, ინტერ-ექსტერიერის საფარი, ლაქ-საღებავები და დეკორი, სამშენებლო მასალა, ხელსაწყო, წყალმომარაგება და თბოიზოლაცია და სხვა.) დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაუკავშირდა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასს და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოითვალა ფასნამატი წლების ჭრილში. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. საცალო რეალიზაციაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატები ჯგუფების და წლების მიხედვით (2020 წლის დოკუმენტური საშუალო ფასნამატი 23.2%, 2021 წლის 28.3%, 2022 წლის 38.01%, 2023 წლის 38.2%, ხოლო შესამოწმებელი მთლიანი პერიოდის საშუალო ფასნამატი 32%) და დაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, რომელსაც დაემატა სარეალიზაციო საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, წარმოებული ავეჯის, ძირითადი საშუალებების, ხე-ტყის რეალიზაცია და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი.
შემოწმების შედეგად დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №25057 ბრძანება და ამავე თარიღის №065-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 7.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.12.2023 წლის №32825 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაბამის ჯგუფებზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატების განსაზღვრა და აღნიშნულის საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელება შესაბამისი ჯგუფების და წლების მიხედვით. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელს მიაჩნია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 12 ჯგუფზე (აბაზანის ინვენტარი, აპარატები და დანადგარები, აქსესუარები და სახარჯი მასალა, ბაღი და სპეცტანსაცმელი, გათბობა-გაგრილება, ელექტროობა და განათება, ინტერ-ექსტერიერის საფარი, ლაქ საღებავები და დეკორი, სამშენებლო მასალა, ხელსაწყო, წყალმომარაგება და თბოიზოლაცია და სხვა) შემოწმების შედეგად ფასნამატების გაანგარიშების მეთოდიკა (მ.შ. სმფ-ების დაჯგუფება, სმფ-ების განზომილებები) და გამოყვანილი შედეგები შეუსაბამობაშია რეალურ მდგომარეობასთან.
შემოწმების შედეგებით დოკუმენტური ფასნამატები ჯგუფების გათვალისწინებით წლების მიხედვით შემდეგნაირია: 2020 წლის დოკუმენტური საშუალო ფასნამატი 23.2%, 2021 წლის - 28.3 %, 2022 წლის - 38.01%, 2023 წლის - 38.2 %, ხოლო შესამოწმებელი მთლიანი პერიოდის საშუალო ფასნამატი 32%- ია.
გადასახადის გადამხდელის მიერ მონაცემების ანალიზისა და გადაანგარიშების შედეგად განსხვავებული შედეგები (ფასნამატები) დგინდება, როგორც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფების მიხედვით, ასევე მთლიან ჭრილში. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოანგარიშებული შესამოწმებელი მთლიანი პერიოდის საშუალო ფასნამატი 22%-ია.
საგადასახადო შემოწმების პროცესში გაანგარიშებისას დაშვებული შეცდომების მაღალ ალბათობაზე მიუთითებს შემდეგი გარემოებებიც:
საგადასახადო შემოწმების აქტის (29.09.23 წ) გამოცემამდე, შემმოწმებლის მიერ ორიოდე დღით ადრე წარდგენილი წინასწარი გაანგარიშების მონაცემებით გადასახადის გადამხდელზე დასაკისრებელი გადასახადების მოცულობა ორჯერ მეტი იყო, ვიდრე საბოლოოდ შემოწმების აქტშია დაფიქსირებული. რადიკალური ცვლილება კი, როგორც თავად შემმოწმებელი აქტში მიუთითებს, იმით არის განპირობებული, რომ „გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის პოზიცია 2 ჯგუფში შემავალ საქონელთან (კერძოდ ცემენტი და სახურავი) დაკავშირებით“;
საგადასახადო შემოწმების პარალელურად, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა კომპანიისგან 13 დასახელების საქონლის საკონტროლო შესყიდვა, რაზეც 18.07.2023 წელს შედგენილია №820210 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი. აღნიშნულ ოქმში დაფიქსირებული საქონლის სარეალიზაციო ფასებიდან გამომდინარეც, სმფ-ების ფასნამატები გაცილებით ნაკლები გამოდის, ვიდრე ეს საგადასახადო შემოწმების შედეგებით არის გამოყვანილი.
აღნიშნული გათვალისწინებით, მიაჩნია რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა დავების განხილვაზე ფიზიკურად დასწრების, რათა დაიცვას საკუთარი ინტერესები და წარადგინოს შესაბამისი არგუმენტები და მტკიცებულებები. უნდა მოხდეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფასნამატების ხელახალი გაანგარიშება, უშუალოდ გადასახადის გადამხდელის ჩართულობით, რა დროსაც შესაძლებელი იქნება სმფ-ების სასაქონლო ჯგუფების, დასახელებების (სახეობის), ფასების და განზომილებების (ტონა/კგ, ტონა/ცალი, ლიტრი/ცალი, კვ.მ/ცალი და სხვა) ზუსტი იდენტიფიცირება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, ითხოვს დაფიქსირებული ფაქტების/გარემოებების გათვალისწინებას და სადავო აქტების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ხელახლა გადაანგარიშებას ითხოვს ორი საფუძვლით, პირველი მათი შენიშვნების გათვალისწინებით თითქმის განახევრდა თავდაპირველად განსაზღვრული დარიცხული თანხა და მეორე, შემოწმების პარალელურად კომპანიაში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვები, რომლის შედეგებიც დაფიქსირებულია 18.07.2023 წლის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმში და აღნიშნულის შედეგად დაფიქსირებული ფასნამატები გაცილებით ნაკლებია ვიდრე შემოწმების შედეგად გამოყენებული ფასნამატი, შესაბამისად რატომ არ უნდა იქნეს გამოყენებული აღნიშნული ფასნამატი შესაბამისი კატეგორიის საქონელზე გაუგებარია.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე მიუთითა შემდეგი:
კომპანიის მიერ მთლიან რეალიზაციაში დოკუმენტური რეალიზაციის წილი იყო 62%, შესაბამისად, შემოწმების შედეგად საცალოდ რეალიზებულ საქონელზეც გავრცელდა დოკუმენტური რეალიზაციის შესწავლისას დადგენილი ფასნამატი (2020 წლის დოკუმენტური საშუალო ფასნამატი 23.2%, 2021 წლის 28.3%, 2022 წლის 38.01%, 2023 წლის 38.2%, ხოლო შესამოწმებელი მთლიანი პერიოდის საშუალო ფასნამატი 32%). რაც შეეხება ფასნამატებს, შემოწმების შედეგად დადგენილი შესამოწმებელი მთლიანი პერიოდის საშუალო ფასნამატი 32%-ია, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი 17%, სმფ-ის ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი - 22%, ხოლო საკონტროლო შესყიდვით გამოანგარიშებული - 15%. აღსანიშნავია, რომ საკონტროლო შესყიდვა არ აძლევდა შემოწმებას ფასნამატთან დაკავშირებით სრული ანალიზის საშუალებას, ვინაიდან საკონტროლო შესყიდვა განხორციელებული იყო მხოლოდ სმფ-ის 4 ჯგუფზე (საიდანაც ფასნამატის დადგენა მოხდა 3 ჯგუფზე), აღნიშნულ ჯგუფებში შემავალი საქონლის შეძენის წილი მთლიანი ჯგუფის შეძენის მცირე წილს შეადგენდა. როგორც საკონტროლო შესყიდვის ოქმში, ისე სმფ-ის ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული სმფ-ის სარეალიზაციო ფასი უმეტეს შემთხვევაში საგრძნობლად განსხვავდებოდა დოკუმენტური სარეალიზაციო ფასისგან. მომჩივანი ითხოვს, ფასნამატის თავიდან გაანგარიშებას გადასახადის გადამხდელის ჩართულობით, მაშინ როდესაც შემოწმების შედეგები გაგზავნილ იქნა გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ ფოსტაზე. სატელეფონო საუბრისას დირექტორი აცხადებდა, რომ არ ეთანხმება ფასნამატს, მაგრამ კონკრეტულად რას, არ აკონკრეტებდა. ფასნამატის გაანგარიშების დროს გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის პოზიცია 2 ჯგუფში შემავალ საქონელთან (ცემენტი და სახურავი) დაკავშირებით. ხოლო კომპანიის წარმომადგენელი სატელეფონო საუბრისას აღნიშნავდა, რომ შემოწმების შედეგებს გაივლიდა უშუალოდ დავის წინ.
მომჩივანს საჩივართან ერთად არ აქვს წარმოდგენილი მისი გაანგარიშება ფასნამატის შესახებ, შესაბამისი ცხრილის სახით ჯგუფების/სახეობების მიხედვით.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მისი არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა სამეურნეო-სამშენებლო საქონლის და ხე-ტყის რეალიზაციას. ასევე, ავეჯის დამზადებას მერქანბურბუშელოვანი ფილისგან და სხვადასხვა სამეურნეო-სამშენებლო ძირითადი საშუალებების იჯარას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 7.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 26.12.2023 წლის №32825 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მისი არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161;