ბრძანება N 27432

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.11.2023
№ დოკუმენტი 27432
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27432

07 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------” (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 4 აგვისტოს და 7 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ოქტომბრის და 26 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №106 და №111) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 4 აგვისტოს №133445/21 და 7 აგვისტოს №134654/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №005-105 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად, მის მიერ, ხელშეკრულების საფუძველზე, არარეზიდენტი პირისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების დაბეგვრას. პირის განცხადებით აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულდა, ხელშეკრულება გაუქმდა და შპს ,,-------“ (ს/ნ -------) დაზარალდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №1405 და ამავე წლის 9 თებერვლის №2318 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 01 იანვრამდე პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 10 ივლისის №16634 ბრძანება და 2023 წლის 11 ივლისის №005-105 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 365 698 ლარი, მათ შორის, გადასახადი 231 020 ლარი, ჯარიმა 115 510 ლარი, საურავი 19 168 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-------" გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 1 თებერვლიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და ახსნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში პირს უფიქსირდება რამდენიმე სახის საქმიანობა. მათ შორის ერთ-ერთია შემდეგი: პირის მიერ არარეზიდენტ საწარმოსთან „-------"-სთან გაფორმებული 2019 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, 12 სამგზავრო და 12 სატვირთო ლიფტის შახტის ხარჯთაღრიცხვის მომზადება, ასევე შახტების სწორ და ნორმატივების ფარგლებში აშენების კონტროლი. სახელშეკრულებო თანხა განსაზღვრულია 180 000 აშშ დოლარით. შემდგომში ხელშეკრულებას დაემატა დანართი, რომლითაც დაზუსტდა, რომ 180 000 აშშ დოლარი არ მოიცავს დღგ-ს და აღნიშნული თანხის შესაბამისი გადასახადი დამატებით უნდა გადაიხადოს მომსახურების მიმღებმა მხარემ. აღნიშნული მომსახურების გასაწევად მიღებული მომსახურების ჯამური ღირებულება ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან შეადგენს 458 650 ლარს დღგ-ის ჩათვლით, რომელიც 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით შედგენილი ურთიერთშედარების აქტების მიხედვით, ფიქსირდება საწარმოს კრედიტორული დავალიანების ნაშთად. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №21-14/26086 საგადასახადო შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, შპს „-------" მოეთხოვა დამატებითი წარმოედგინა ინფორმაცია, რომელიც არ იქნა წარმოდგენილი განსაზღვრულ ვადაში და გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე.

ვინაიდან, საწარმოს უფიქსირდება მომსახურების გაწევის ხელშეკრულება არარეზიდენტ საწარმოსთან და აღნიშნული მომსახურების გასაწევად მიღებული მომსახურებები რეზიდენტი კომპანიებისგან, სახეზეა ხარჯის დოკუმენტები და მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული მომსახურება ჩაითვალა გაწეულად 180 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში დღგ-ის გარეშე. შედეგად პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით.

აგრეთვე, გაწეული მომსახურების ღირებულება ჩაითვალა მიღებულად და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით შესული ცვლილებით დამტკიცებული ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ" №9 დანართის მე-10 მუხლის მიხედვით, ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, დაკვალიფიცირდა, მისი გამოვლენის დღეს საწარმოს დირექტორისთვის გაცემულ ხელფასად (სარგებელი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივანის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის თანახმად მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. ამავე კოდექსის 1621 -ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად უძრავ ნივთთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს უძრავი ნივთი, მათ შორის:

ა) უძრავი ნივთის ექსპერტის და აგენტის მომსახურება;

ბ) სამშენებლო სამუშაოების მომზადებისა და კოორდინაციის მომსახურება (სამშენებლო მოედანზე კონტროლის და ზედამხედველობის განხორციელება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. ამავე მუხლი მე-9 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმების მიერ დადგინდა, რომ საწარმოს უფიქსირდება მომსახურების გაწევის ხელშეკრულება არარეზიდენტ საწარმოსთან და აღნიშნული მომსახურების გასაწევად მიღებული მომსახურებები რეზიდენტი კომპანიებისგან, რომლებზედაც პირს მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლები. შემოწმების მიმდინარეობის დროს გადასახადის გადამხდელმა არ წარმოადგინა შემოწმების მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაზედაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, ხელშეკრულების საფუძველზე, არარეზიდენტი პირისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და ახსნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში პირს უფიქსირდება არარეზიდენტ საწარმოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 12 სამგზავრო და 12 სატვირთო ლიფტის შახტის ხარჯთაღრიცხვის მომზადება, ასევე შახტების სწორ და ნორმატივების ფარგლებში აშენების კონტროლი. აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მოეთხოვა დამატებითი წარმოედგინა ინფორმაცია, რომელიც არ იქნა წარმოდგენილი განსაზღვრულ ვადაში და გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე.

ვინაიდან, საწარმოს უფიქსირდება მომსახურების გაწევის ხელშეკრულება არარეზიდენტ საწარმოსთან და აღნიშნული მომსახურების გასაწევად მიღებული მომსახურებები რეზიდენტი კომპანიებისგან, სახეზეა ხარჯის დოკუმენტები და მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული მომსახურება ჩაითვალა გაწეულად.

აგრეთვე, გაწეული მომსახურების ღირებულება ჩაითვალა მიღებულად და ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, დაკვალიფიცირდა, მისი გამოვლენის დღეს საწარმოს დირექტორისთვის გაცემულ ხელფასად (სარგებელი).

შედეგად პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 73(5) 159; 101; 154; 275; 279