ბრძანება N 18503

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.08.2024
№ დოკუმენტი 18503
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18503

09 აგვისტო 2024

ბრძანება

შპს „------- -ის ” (ს/ნ "--------" )

(ფაქტ. მის.:"--------" )

2024 წლის 13 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 ივლისს და 8 აგვისტოს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №78 და №86) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 ივლისის №22927/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------- -ის ” (ს/ნ "--------" ) №87694/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №006-37 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. მომჩივნის პოზიციით, მშენებარე აქტივზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მისი დაბეგვრის დროს წარმოადგენს მისი ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტი და მიუთითებს, რომ ეს დრო არ დამდგარა. აცხადებს, რომ ამ ნაწილში დარიცხვა არათუ მართლზომიერია, არამედ შემცირებას უნდა დაექვემდებაროს დეკლარირებული ციფრებიც. აცხადებს, რომ მომსახურების ღირებულების საბაზრო ფასის ოდენობით, კორპუსის ექსპლუატაციის პერიოდში, საწარმო თავად მოახდენს დეკლარირებას.

მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, დაბეგვრის დროდ მიჩნეულია მისი გადაფორმების მომენტი, ხოლო დასაბეგრი თანხის ოდენობა გაზრდილია 15 000 ლარით და კომპანიას დამატებით დაერიცხა 3 649 ლარი. აცხადებს, რომ დავების პროცესში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები დამძიმდა. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მსჯელობა თითქოს მშენებლობა ამ მომენტში ფაქტობრივად დასრულებულია, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და აღნიშნულის საპირისპიროდ მიუთითებს, რომ ქონების გადაფორმების შემდეგ გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი აქვს 421 190 ლარის სამშენებლო მასალები.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30969 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №006-499 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 8 ნოემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------” (ს/ნ „-------”) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შპს „N1 თან“ მიმართებაში, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან ამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30969 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის პირველი თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 35 263 ლარით, მათ შორის გადასახადი 23 509 ლარით, ხოლო ჯარიმა 11 754 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 12 თებერვლის №006-37 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით,მომჩივანის (ს/ნ „-------”) მიერ 2024 წლის 13 თებერვალს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7301 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 10 ივლისის №22927/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7301 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 ივლისის №22927/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივრები ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

ასევე, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევის და განმარტავს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები გადაანგარიშების შედეგად არ დამძიმებულა, იმის მიუხედავად რომ დღგ-ში განხორციელდა დარიცხვა სულ 3 647 ლარი, მათ შორის გადასახადი 2 431 ლარი და ჯარიმა 1 216 ლარი, ვინაიდან შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა შემცირდა სულ 35 263 ლარით, მათ შორის გადასახადი 23 509 ლარით და ჯარიმა 11 754 ლარით.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 გადამხდელმა წარმოადგინა შპს „N1-თან“ გაფორმებული შედარების აქტი, რის მიხედვითაც დასტურდება მომჩივანის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან წარმოქმნილი მოთხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად დაკვალიფიცირებული ოპერაცია შეფასდა სასყიდლიან მიწოდებად, შესაბამისად მოგების გადასახადში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

 გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა სადავო საკითხი. შედეგად,მომჩივანის მიერ დასაბეგრი თანხა, ნაცვლად მიღებული მიწის საბაზრო ფასისა, განისაზღვრა მეაღნაგე ფიზიკური პირისთვის გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასით, 294 390 ლარით. რაც საგადასახადო აქტით განსაზღვრულ სანაცვლოდ მიღებულ მიწის საბაზრო ფასზე 15 942 ლარით მეტია. ამავდროულად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ზემოაღნიშნული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 112- ე მუხლის 46-ე პუნქტის შესაბამისად, მომჩივანის მიერ ფიზიკური პირისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი. მომსახურების გაწევის მომენტად მიჩნეული უნდა იქნას ის მომენტი, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ შესრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და დადგება ყველა პირობა, რომელიც შეთანხმებულია მხარეთა შორის და არა საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების მომენტი. აღნიშნული მომსახურების გაწევის მომენტი გადამხდელსაც მართლზომიერად ჰქონდა განსაზღვრული და დეკლარირებული ჰქონდა სწორ საგადასახადო პერიოდში. მიმდინარე გადაანგარიშებით, აღნიშნულ ნაწილში დღგ-ით დასაბეგრი თანხა გაიზარდა 15 942 ლარით, რამაც გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა (3 648 ლარი) ამ თემის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30969 ბრძანების აღსრულების მიზნით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხი. შედეგად,მომჩივანის მიერ დასაბეგრი თანხა, ნაცვლად მიღებული მიწის საბაზრო ფასისა, განისაზღვრა მეაღნაგე ფიზიკური პირისთვის გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასით, 294 390 ლარით. რაც საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ სანაცვლოდ მიღებულ მიწის საბაზრო ფასზე 15 942 ლარით მეტია. ხოლო ფიზიკური პირისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი. გადაანგარიშების დასკვნის მიხედვით, აღნიშნული მომსახურების გაწევის მომენტი გადამხდელს მართლზომიერად ჰქონდა განსაზღვრული და დეკლარირებული ჰქონდა შესაბამის საგადასახადო პერიოდში. აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ განსახილველი მშენებლობის კაპიტალიზებადი ხარჯი ჯამურად შეადგენს 3 108 445 ლარს, საიდანაც 2022 წლის მაისიდან (საჯარო რეესტრში ბინების გადაფორმების თარიღიდან) შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე (2023 წლის ივნისამდე) გაწეული ხარჯი შეადგენს დაახლოებით 521 633 ლარს. ხოლო შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ შენობაზე რაიმე ხარჯის გაწევა აღარ დასტურდება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------” (ს/ნ „-------”) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელმა წარმოადგინა შედარების აქტი, რის მიხედვითაც დასტურდება მომჩივანის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან წარმოქმნილი მოთხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად დაკვალიფიცირებული ოპერაცია შეფასდა სასყიდლიან მიწოდებად, შესაბამისად მოგების გადასახადში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა სადავო საკითხი. შედეგად,მომჩივანის მიერ დასაბეგრი თანხა, ნაცვლად მიღებული მიწის საბაზრო ფასისა, განისაზღვრა მეაღნაგე ფიზიკური პირისთვის გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასით. რაც საგადასახადო აქტით განსაზღვრულ სანაცვლოდ მიღებულ მიწის საბაზრო ფასზე 15 942 ლარით მეტია. ამავდროულად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ზემოაღნიშნული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 112- ე მუხლის 46-ე პუნქტის შესაბამისად, მომჩივანის მიერ ფიზიკური პირისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის მომენტი. მომსახურების გაწევის მომენტად მიჩნეული უნდა იქნას ის მომენტი, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ შესრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და დადგება ყველა პირობა, რომელიც შეთანხმებულია მხარეთა შორის და არა საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების მომენტი. აღნიშნული მომსახურების გაწევის მომენტი გადამხდელსაც მართლზომიერად ჰქონდა განსაზღვრული და დეკლარირებული ჰქონდა სწორ საგადასახადო პერიოდში. მიმდინარე გადაანგარიშებით, აღნიშნულ ნაწილში დღგ-ით დასაბეგრი თანხა გაიზარდა,რამაც გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა ამ თემის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21)