გადაწყვეტილება №21017/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.01.2024
№ დოკუმენტი 21017/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21017/2/2023

24 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --ის 9.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21017/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების კორექტირება და სხვაობის რეალიზებულად განხილვა; 2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა;

3. საიჯარო მომსახურების დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის №039-11 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22921 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 93 009 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 51 033

დღგ - 44 292

მიწაზე (სასოფლო) ქონების გადასახადი - 91

საშემოსავლო გადასახადი - 6 650

ჯარიმა - 24 877

საურავი - 17 099

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის №039-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22921 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების კორექტირება და სხვაობის რეალიზებულად განხილვა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდზე შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ასევე მეწარმის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციით. აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, როგორც საწყისი ნაშთის, ასევე შეძენარეალიზაციის ანალიზი. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.05.2023 წლის №11676 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და განსაზღვრულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთები 29.05.2023 წლის მდგომარეობით. აღნიშნული მონაცემების ურთიერთშედარების შედეგად, შემოწმების მიერ გამოანგარიშებულ იქნა დაუდეკლარირებელი/რეალიზებული პროდუქცია 1.03.2023 წლის მდგომარეობით, 1.03.2023 წლიდან - 29.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების (შეძენა, რეალიზაცია) გათვალისწინებით. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციის და საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების გათვალისწინებით, გამოვლენილი სხვაობის თანხით (დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით) გაიზარდა 2020-2023 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აგრეთვე, შესაბამისად გაიზარდა მეწარმის 2020 და 2021 წლების ერთობლივი შემოსავალი და დაკორექტირდა საწყისი და საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის შესწავლისას შემოწმება დაეყრდნო, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, ასევე მეწარმის მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტაცია/ინფორმაციას და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 29 მაისის მდგომარეობით დადგენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული მონაცემების ურთიერთშედარების შედეგად, შემოწმების მიერ, 2023 წლის 1 მარტიდან - 29 მაისამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების (შეძენა, რეალიზაცია) გათვალისწინებით, გაანგარიშდა დაუდეკლარირებელი/რეალიზებული პროდუქცია 1.03.2023 წლის მდგომარეობით. გამოვლენილი დაუდეკლარირებელი/რეალიზებული პროდუქციის ღირებულებით, დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით, გაზრდილ იქნა 2020-2023 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე 2020 და 2021 წლების ერთობლივი შემოსავალი. ასევე, დაკორექტირდა საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

29.05.2023 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილ იქნა ფაქტობრივი ნაშთი, რომელმაც შეადგინა 15 363 ლარი. აღნიშნული ნაშთის საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე და შესაბამისი თვის პროპორციების მიხედვით გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, დარიცხულია ასევე ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნული მიდგომა არასწორია, ვინაიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი დადგენილ იქნა ინვენტარიზაციით 29.05.2023 წლის მდგომარეობით (ხოლო შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრული იყო 1.03.2023 წლამდე). გამოყენებული უნდა იქნას საგადასახადო კოდექსის მიხედვით ინვენტარიზაციისთვის განსაზღვრული ჯარიმა და შესაბამისი პროცედურები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთის, შეძენა-რეალიზაციის ანალიზის და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად 29.05.2023 წლის მდგომარეობით განსაზღვრული ფაქტიური ნაშთების მიხედვით, შემოწმებით 1.03.2023 წლის მდგომარეობით დაუდეკლარირებელი/რეალიზებული სმფ-ების გაანგარიშება მართლზომიერია და აღნიშნულ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ), წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა.

საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულია საგადასახადო შემოწმება და არ ჩატარებულა ინვენტარიზაციის პროცედურა შესაბამისი შედეგების გამოყვანით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო შემთხვევაში ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით საგადასახადო ორგანოს მიერ სანქციის დაკისრებაზე მომჩივნის მითითება უსაფუძვლოა.

 

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მეწარმის პირველად დოკუმენტებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ მეწარმის მიერ 2020 წლის ნოემბრის და 2021 წლის დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდში რეგისტრაციიდან მოხსნილია (რეალიზებულია) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები ფორდ ტრანზიტი (2006 წ) და მერსედეს ბენც სპრინტერი. მეწარმის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, ვერ ირკვევა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ყიდვისა და გაყიდვის ფასები. ინტერნეტ წყაროებში მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალებების სარეალიზაციო ფასი. შესაბამისად, შემოწმების მიერ რეალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციის და საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების გათვალისწინებით, დაექვემდებარა დღგით დაბეგვრას (სარეალიზაციო ფასი შესაბამისობაშია ინტერნეტ-სივრცეში მოპოვებული მსგავსი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის ფასთან). მეწარმეს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-18 მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის პირველად დოკუმენტებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ მეწარმის მიერ 2020 წლის ნოემბრის და 2021 წლის დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდში რეგისტრაციიდან მოხსნილია (რეალიზებულია) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები ფორდ ტრანზიტი და მერსედეს ბენც სპრინტერი. შემოწმების პროცესში, გადამხდელის წარმოდგენილი ახსნა- განმარტებით, ვერ ირკვევა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ყიდვისა და გაყიდვის ფასები.

შემოწმების მიერ ინტერნეტ წყაროებიდან მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალებების სარეალიზაციო ფასი. შესაბამისად, რეალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის ოპერაცია წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, შესაბამისად, შემოწმების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მერსედეს სპრინტერის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია მოხდა 6 000 აშშ დოლარად, ვინაიდან დაზიანდა ძრავი. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია მყიდველის მხრიდან შედგენილი ნოტარიულად დადასტურებულ ახსნა-განმარტება. მეორე ავტოსატრანსპორტო საშუალება (ფორდ ტრანზიტი) შესაბამისი სარეგისტრაციო ორგანოს მიერ გაფორმებული არის როგორც მსუბუქი ავტომანქანა, შესაბამისად აღნიშნული ავტომობილის რეალიზაცია არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, წარმოდგენილია სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა. მერსედეს სპრინტერის სარეალიზაციო ფასი უნდა განისაზღვროს 6 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ფორდ ტრანზიტის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნული თანხა ამოღებული უნდა იქნეს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან და გადატანილი იქნას დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებულ ბრუნვაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება ან/და იმპორტი.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ 2020 წლის ნოემბრის და 2021 წლის დეკემბრის თვეებში რეალიზებულია სატრანსპორტო საშუალებები ფორდ ტრანზიტი და მერსედეს ბენც სპრინტერი. მეწარმის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, ვერ ირკვევა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ყიდვისა და გაყიდვის ფასები. ოპერაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. სარეალიზაციო ფასი შესაბამისობაშია ინტერნეტ-სივრცეში მოპოვებული მსგავსი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის ფასთან.

მომჩივანი მიუთითებს, რომ მერსედეს სპრინტერთან დაკავშირებით წარმოადგენს მყიდველის ახსნა-განმარტებას, რომელზე ხელმოწერაც დადასტურებულია ნოტარიულად. ფორდ ტრანზიტი შესაბამისი სარეგისტრაციო ორგანოს მიერ გაფორმებული არის როგორც მსუბუქი ავტომანქანა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

3. საიჯარო მომსახურების დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დადგინდა, რომ მომჩივნის კუთვნილი ავტომობილები (ფორდ ტრანზიტი, სპრინტერი) - ფიქსირდება სხვა კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ გადაზიდვებში 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში, ხოლო იჯარით მიღებული შემოსავლები მეწარმის მიერ აღრიცხული არ არის. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განისაზღვრა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების იჯარის საბაზრო ფასი და 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის ვალდებულება ბიუჯეტის წინაშე. შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. მეწარმეს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ი/მ --ს კუთვნილი ავტომობილები (ფორდ ტრანზიტი, სპრინტერი) ფიქსირდება სხვა კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ გადაზიდვებში 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში. ამასთან, იჯარით მიღებული შემოსავლები მეწარმის მიერ არ არის აღრიცხული. შემოწმების მიერ, მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განისაზღვრა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საიჯარო მომსახურების საბაზრო ფასი, შედეგად დაკორექტირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა სხვა მეწარმეების მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, რომლებშიც ტრანსპორტირების განმახორციელებლად მითითებულია მომჩივნის კუთვნილებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებები. აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებებზე დაყრდნობით თითოეულ შემთხვევაზე, ჩაითვალა, რომ სატრანსპორტო საშუალებები გაცემული იყო იჯარით და თითოეულ შემთხვევაზე გავრცელებულ იქნა იჯარის თანხად 200 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). მოძიებულია ყველაზე ცნობილ ელექტრონულ პორტალზე არსებულ ფასები (Mymarket.ge - წარმოდგენილია ფოტოსურათი), საიდანაც დგინდება, რომ ფორდ ტრანზიტის დღიური იჯარის თანხა არ აღემატება 100 ლარს. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, რომ ტრასპორტირება ხორციელდებოდა ძირითადად ---ის მიმართულებით და ადგილი არ ჰქონია მანქანის გაქირავებას სრული დღით. მძღოლის და საწვავის გარეშე, ---ს მარშუტზე სატრანსპორტო საშუალების გაქირავების ფასი არ აღემატება 30-40 ლარს (საწვავის და მძღოლის გარეშე). შესაბამისად, იჯარის თანხად გათვალისწინებული უნდა იქნას რეალური საბაზრო ფასი, რომელიც შეადგენს მაქსიმუმ 40 ლარს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივნის კუთვნილი ავტომობილები (ფორდ ტრანზიტი, სპრინტერი) - ფიქსირდება სხვა კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ გადაზიდვებში 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში, ხოლო იჯარით მიღებული შემოსავლები მეწარმის მიერ აღრიცხული არ არის. შემოწმებით განისაზღვრა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების იჯარის საბაზრო ფასი და დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, იჯარის საბაზრო ფასი გაანალიზებულია სატრანსპორტო საშუალებების სახეობების, სხვადასხვა ვებგვერდებზე მოძიებული ინფორმაციის და სხვა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე. ბაზარზე არსებობდა იჯარის უფრო მაღალი ფასებიც, თუმცა შემოწმების შედეგად გამოყენებულია მინიმალური ფასები 1 დღის გაქირავებისთვის. მომჩივნის მიერ დღის განმავლობაში დაფიქსირებულია რამდენიმე გადაზიდვა, შესაბამისად ფასი აღებულია ერთჯერადად დღის ქირის ფასი. მომჩივანს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია გაქირავების ტიპის და იჯარის თანხის შესახებ.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22921 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება მე-2 დავის საგანთან (ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა) დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს:

ა) შეისწავლოს მე-2 დავის საგანთან (ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა) დაკავშირებით, დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები;

ბ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების კორექტირება და სხვაობის რეალიზებულად განხილვა; 2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა;

3. საიჯარო მომსახურების დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის №039-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22921 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102; 159; 168; 8 (11); 286 (9).

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.