ბრძანება N 2563

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.02.2025
№ დოკუმენტი 2563
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2563

13 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 25 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ --------) 2025 წლის 22 იანვრის №93838/1/2025 და 23 იანვრის №93847/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №007-304 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ანაზღაურებულად მიჩნევას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. განმარტავს, რომ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში -------- განხორციელებული რეექსპორტის ოპერაციების შედეგად კომპანიას დაუფიქსირდა მოთხოვნა კომპანია „-------“ -ის მიმართ. მიწოდების პირობების შესაბამისად, მყიდველს საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი ვალდებულების დასაფარად ჰქონდა გარკვეული დრო, თუმცა, აღნიშნული დროის გასვლის შემდგომ, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, გაურკვეველი მიზეზით, მყიდველის მიერ არ ხდებოდა ანგარიშსწორება. კუთვნილი თანხის მიღების მიზნით, სამართლებრივი დავის დაწყებამდე, ვინაიდან აღნიშნული დაკავშირებულია სოლიდურ მატერიალურ დანახარჯებთან, 2022 წლის 25 ივლისს კომპანიამ დახმარების თხოვნით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. სამინისტროდან მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ არაბული მხარე უარყოფს რაიმე დავალიანების არსებობას, თავს არიდებს ფაქტობრივი გარემოებების აღწერას და მტკიცებულებების წარმოდგენას. მას შემდგომ რაც ნათელი გახდა, რომ უშუალო კომუნიკაციისა და სახელმწიფო სტრუქტურების შუამდგომლობით, ვერ ხერხდებოდა „-“ -ის დებიტორული დავალიანების ამოღება, კომპანიის მიერ გატარდა რიგი სამართლებრივი ღონისძიებები, რომელთა საშუალებითაც გადამხდელმა „-------“ -ისგან 2024 წლის 1 ივნისის მდგომარეობით არსებულ დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით მიიღო დასტური. კერძოდ, 2024 წლის 18 სექტემბრის აქტით კომპანია „-------“ ადასტურებს, რომ 2024 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მას შპს „-------"-ის მიმართ გააჩნია დავალიანება 322 314.56 აშშ დოლარის ოდენობით. გადამხდელი მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე არ არსებობს

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 აგვისტოს №18065 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ -ის (ს/ნ --------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 25 დეკემბრის №27196 ბრძანება და ამავე თარიღის №007-304 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 361 365 ლარი, მათ შორის, გადასახადი 225 362 ლარი, ჯარიმა 112 681 ლარი, საურავი 23 322 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „---------"-ს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან უფიქსირდება დებიტორული დავალიანება (322 314 დოლარი) არარეზიდენტი პირის, კერძოდ, „--------" მიმართ. აღნიშნული მოთხოვნა წარმოქმნილია 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქონლის ექსპორტით ----------. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ ზემოთ ხსენებული არარეზიდენტი კომპანია იქცევა არაკეთილსინდისიერად და არ ანაზღაურებს საქონლის მიწოდებიდან წარმოქმნილ ვალდებულებას, ამავდროულად ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შპს „--------“ მოკლებულია შესაძლებლობას რომ წარმოადგინოს შედარების აქტი. 2022 წლის 25 ივლისს შპს „--------“-მა წერილობით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. სამინისტროს 2022 წლის 24 ოქტომბრის №- -------- ერილის მიხედვით, -------“ უარყოფს ნებისმიერი სახის დავალიანების არსებობას და აღნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში ქართულ კომპანიას შეუძლია მიმართოს სასამართლოს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენებით, შემოწმების მიერ, დებიტორული დავალიანება ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ანაზღაურებულად და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „-------"-ს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან უფიქსირდება დებიტორული დავალიანება (322 314 დოლარი) არარეზიდენტი პირის, კერძოდ, „--------" მიმართ. აღნიშნული მოთხოვნა წარმოქმნილია 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში --------- საქონლის ექსპორტის შედეგად. შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა განმარტა, რომ ზემოთ ხსენებული არარეზიდენტი კომპანია იქცევა არაკეთილსინდისიერად და არ ანაზღაურებს საქონლის მიწოდებიდან წარმოქმნილ ვალდებულებას, ამავდროულად ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შპს „--------“ მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს შედარების აქტი.

გადასახადის გადამხდელის მიერ დავების ეტაპზე წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საყურადღებოა გარემოება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი შედგენილ იქნა 2024 წლის 23 დეკემბერს, ხოლო გადამხდელის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი შედარების აქტი დათარიღებულია 2024 წლის 18 სექტემბრით. აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა შედარების აქტი საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე/გამოცემამდე. ამავდროულად, შედარების აქტი მხარეთა მიერ დადასტურებული არ არის ნოტარიულად, აპოსტილით ან/და სხვა ისეთი ფორმით, რომელიც მიღებულია შესაბამის სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში. ამდენად, არ არსებობს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საკმარისი საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ -ის (ს/ნ -----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ანაზღაურებულად მიჩნევას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს-ს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან უფიქსირდება დებიტორული დავალიანება არარეზიდენტი პირის მიმართ. აღნიშნული მოთხოვნა წარმოქმნილია 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქონლის ექსპორტით. შემოწმების მიერ, დებიტორული დავალიანება ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ანაზღაურებულად და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1);