გადაწყვეტილება №25405/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25405/2/2025
24 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 1.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25405/2/2025).
დავის საგანი:
კომპანიის მიერ აღებული სესხის ნაწილის დირექტორზე გაცემულ სესხად და სესხზე გაანგარიშებული პროცენტის თანხის დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2025 წლის №081-95 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.06.2025 წლის №13387 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 128 384.74 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 63 239.42
დღგ - 10 764.69
მოგების გადასახადი - 42 451.32
საშემოსავლო გადასახადი - 10 023.41
ჯარიმა - 63 238.80
საურავი - 1 906.52
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მანქანის ნაწილებით ვაჭრობა, იჯარით აღებულ ფართში ქალაქ ---ში. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 8 მარტამდე პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: პირველადი დოკუმენტებისა და წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიას 2022 წლის ივლისში აღებული აქვს სესხი --- ბანკისგან 784 501 ლარის ოდენობით, საიდანაც 648 685 ლარით დაფარულია ფ/პ ---ს (კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი) სასესხო ვალდებულება ამავე ბანკის მიმართ. ფ/პ ----ზე გაცემული სესხის თანხა (648 685 ლარი) შესამოწმებელ პერიოდში გარკვეული პერიოდულობით მცირდება, როგორც კომპანიისთვის მოწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის გზით ფ/პ----ის მიერ, ასევე, მოწოდებული საქონლის ოდენობით კომპანიის მიმართ სასესხო ვალდებულების შემცირებით, სულ 408 128 ლარის ოდენობით.
შემოწმების მიერ, მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა ფ/პ ---ზე სესხად მიცემული თანხა 648 685 ლარის ოდენობით, ხოლო თანხის დაბრუნების და საქონლის მოწოდების მომენტში განხორციელდა დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, 20%-იანი განაკვეთით დაანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ფ/პ ---ის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას შესაბამის პერიოდებში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9540 ბრძანება და 15 მაისის №081-95 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.06.2026 წლის №13387 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი არგუმენტაცია ან/და დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 ივნისის №13387 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა 2025 წლის 5 ივნისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ბრძანების საფუძველი გახლდათ ის გარემოება, რომ 2022 წლის ივლისში კომპანიას აღებული ჰქონდა სესხი 784 501 ლარის ოდენობით, საიდანაც 648 685 ლარით დაფარულია ფ/პ ---ის სასესხო ვალდებულება ამავე ბანკის მიერ. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა 20%-იანი განაკვეთით დაანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩათვალა ფ/პ --- ის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას შესაბამის პერიოდებში. ფ/პ ---ს, ზემო აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სარგებელი არც ხელფასის სახით აუღია და არც დივიდენდის. მოცემულ სასესხო ურთიერთობაში ფ/პ --- გახლდათ თანამსესხებელი შპს ---თან ერთად. რაც შეეხება მის პირად სასესხო ვალდებულებას, აღნიშნულის გადაფარვა მოხდა უშუალოდ ბანკის მიერ და ფ/პ ---ის მიზანს არ წარმოადგენდა ზემოხსენებული თანხის ხელფასად ან დივიდენდად აღება. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება არ არის კანონიერი, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია სრულყოფილად ადმინისტრაციული წარმოების დროს ყველა ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 ივნისის ბრძანება არ არის კანონიერი, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია სრულყოფილად ადმინისტრაციული წარმოების დროს ყველა ფაქტობრივი გარემოება და გადაწყვეტილება არ დააფუძნა ყველა ფაქტობრივი გარემოების გულისხმიერად შეფასებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ კომპანიას აღებული აქვს სესხი --- ბანკისგან 784 501 ლარის ოდენობით, საიდანაც 648 685 ლარით დაიფარა ფ/პ ---ს (კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი) სასესხო ვალდებულება ამავე ბანკის მიმართ. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც ფ/პ ---ზე გაცემული სესხი, ხოლო სესხზე 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ფ/პ ---ის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. ამასთან, განხორციელდა დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა თანხის დაბრუნების და საქონლის მოწოდების მომენტში.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ფ/პ ---ს, სარგებელი არც ხელფასის სახით აუღია და არც დივიდენდის. მოცემულ სასესხო ურთიერთობაში ფ/პ --- გახლდათ თანამსესხებელი შპს ---თან ერთად. პირადი სასესხო ვალდებულების გადაფარვა მოხდა უშუალოდ ბანკის მიერ, ფ/პ ---ის მიზანს არ წარმოადგენდა ზემოხსენებული თანხის ხელფასად ან დივიდენდად აღება და რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია სრულყოფილად ყველა ფაქტობრივი გარემოება.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ დავის ეტაპზე ვერ იქნა წარდგენილი და მომჩივანი არც ამჟამად წარმოადგენს ისეთ არგუმენტს ან/და მტკიცებულებას, რომელიც შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს შეცვლიდა და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
საბჭოს სხდომაზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ კომპანიის საქმიანობაა მანქანის ნაწილებით ვაჭრობა, აღებული აქვს სესხი ბანკისგან 784 501 ლარის ოდენობით, საიდანაც 648 685 ლარით დაიფარა ფ/პ ---ის (კომპანიის დამფუძნებელის და დირექტორის) სასესხო ვალდებულება ამავე ბანკის მიმართ, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მცირდება, როგორც კომპანიისათვის მოწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის გზით ფ/პ ---ის მიერ, ასევე მოწოდებული საქონლის ოდენობით კომპანიის მიმართ ვალდებულებების შემცირებით სულ 408 128 ლარის ოდენობით.
ფ/პ --- თავის მხრივ წარმოადგენს ინდმეწარმეს, რომლის საქმიანობაა ასევე მანქანის ნაწილებით ვაჭრობა და კომპანიისათვის მიწოდებული აქვს საქონელი, ხოლო საკომპენსაციო თანხა გაქვითული აქვს აღებული სესხის ოდენობიდან. გარდა ზემოაღნიშნულისა, კომპანიის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, ფ/პ ---ს, როგორც კომპანიის ანგარიშვალდებულ პირს, ნაღდი ანგარიშსწორებით დაფარული აქვს კომპანიის კრედიტორული დავალიანება საქონლის მომწოდებლების მიმართ, თუმცა მესამე მხარეებთან ინფორმაციის გადამოწმებით დადგინდა, რომ გარკვეულ შემთხვევებში კრედიტორული დავალიანება არ იყო დაფარული. საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
კომპანიის მიერ აღებული სესხის ნაწილის დირექტორზე გაცემულ სესხად და სესხზე გაანგარიშებული პროცენტის თანხის დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ კომპანიას აღებული აქვს სესხი ბანკისგან 784 501 ლარის ოდენობით, საიდანაც 648 685 ლარით დაიფარა ფ/პ-ის (კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი) სასესხო ვალდებულება ამავე ბანკის მიმართ. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც ფ/პ-ზე გაცემული სესხი, ხოლო სესხზე 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ფ/პ-ის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. ამასთან, განხორციელდა დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა თანხის დაბრუნების და საქონლის მოწოდების მომენტში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 73 (4,9); 982; 101 (1); 154 (1).