ბრძანება N 18339
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18339
08 აგვისტო 2024
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2024 წლის 25 და 29 ივლისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველ აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „------ -ს “ (ს/ნ „-------“) 2024 წლის 25 ივლისის №90991/1/2024 და 29 ივლისის №126526/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №006-356 საგადასახადო მოთხოვნასა და ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №006-49463 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურების დაკვალიფიცირებას დაქირავებული თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულებად და მათთვის გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ მომსახურების გამწევი პირები შესამოწმებელ პერიოდში რეგისტრირებულნი იყვნენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებად, კომპანიას უწევდნენ კონკრეტულ მომსახურებას, არ ჰქონდათ შრომითი ხელშეკრულება, არ სარგებლობდნენ შვებულებით, მივლინებით, დაზღვევით და შრომის კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ამასთან, აღნიშნავს, რომ მომსახურების ანაზღაურება ხდებოდა მხოლოდ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდეგ. ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ივლისის №006- 49463 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 მარტის №5035 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ -ს “ (ს/ნ „-------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი ივლისიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 8 ივლისის №16147 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-356 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 128 772 ლარი, მათ შორის გადასახადი 72 505 ლარი, ჯარიმა 36 040 ლარი და საურავი 20 227 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. აღნიშნულის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში სამშენებლო, სარეაბილიტაციო და ობიექტების მოვლა-შენახვა-პატრონობის სამუშაოების/პროექტების განხორციელება. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ სხვადასხვა სამუშაოს (ტრანსპორტირება, გამწვანება, სამშენებლო, ბორდიურების მოწყობა) განხორციელებისას გადასახადის გადამხდელს მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული ჰქონდა თანხები სტატუსით „მომსახურების ანაზღაურება“, სულ - 636 380 ლარის ოდენობით. მათგან 288 278 ლარის მომსახურების გამწევი მცირე მეწარმეები ("-------" - 56 710 ლარი,"--------" - 231 568 ლარი), წარმოადგენდნენ საწარმოს ყოფილ დაქირავებულ თანამშრომლებს. შემოწმებით, აღნიშნული პირების მიერ შესრულებული ოპერაციები დაკვალიფიცირდა დამსაქმებლისთვის დაქირავებით, გარკვეული სამუშაოს შესრულებად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, ტენდერის ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ, გადასახადის გადამხდელს მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული ჰქონდა თანხები სტატუსით „მომსახურების ანაზღაურება“, საიდანაც ნაწილი გადახდილი იყო საწარმოს ყოფილ დაქირავებულ თანამშრომლებზე. შემოწმებით, აღნიშნული პირების მიერ შესრულებული სამუშაოები დაკვალიფიცირდა დამსაქმებლისთვის დაქირავებულის მიერ სამუშაოს შესრულებად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ დაქირავებით მომუშავეებად განხილული ფიზიკური პირები შესამოწმებელი პერიოდის წინა პერიოდში შპს „------ -სგან “ იღებდნენ ანაზღაურებას ხელფასის სახით (კერძოდ, ფ/პ "-------" 2021 წლის აპრილში, მაისსა და ივნისში, ხოლო ფ/პ "-------" 2019 წლის აპრილიდან 2021 წლის ივნისამდე). ამასთან, ფ/პ "-------"-ზე 2021 წლის დეკემბრიდან 2023 წლის დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში შპს „------- “ მიერ გადახდილია 231 560 ლარი, ხოლო, მცირე ბიზნესით მიღებული დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 192 188 ლარს. აგრეთვე, შპს „------“ მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი მცირე მეწარმეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები არის შაბლონური და ანალოგიურია ყველა ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურების აღწერა. ამასთან, დოკუმენტურად ვერ ხდებოდა დაქირავებით მუშაობისას და მომსახურების გაწევისას შესრულებული საქმიანობების იდენტიფიკაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შპს „------“ (ს/ნ „-------“) 2024 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით უფიქსირდება ზედმეტობა 634 ლარი და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 129 565 ლარი. ზემოაღნიშნული დავალიანების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე, 2024 წლის 11 ივლისის №006-49463 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2024 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №006-49463 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურების დაკვალიფიცირებას დაქირავებული თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულებად და მათთვის გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
2. გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ივლისის №006- 49463 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სხვადასხვა სამუშაოს განხორციელებისას გადამხდელს მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული ჰქონდა თანხები სტატუსით „მომსახურების ანაზღაურება“, სულ - 636 380 ლარის ოდენობით. მათგან 288 278 ლარის მომსახურების გამწევი მცირე მეწარმეები, წარმოადგენდნენ საწარმოს ყოფილ დაქირავებულ თანამშრომლებს. შემოწმებით, აღნიშნული პირების მიერ შესრულებული ოპერაციები დაკვალიფიცირდა დამსაქმებლისთვის დაქირავებით, გარკვეული სამუშაოს შესრულებად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №006-49463 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154,239